ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში კრედიტები გაიაფდება


კოალიცია ქართული ოცნება

ქართულ ბაზარზე მოქმედი კომპანიების ნაწილმა შეამცირა ფასები საწვავზე

საქართველოს მოსახლეობას ’ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაპირებული 1000-ლარიანი ვაუჩერები არ დაურიგდება. ეს იყო "პი-არ" აქცია. ამ დაპირების ნაცვლად სხვა უფრო ეფექტური პროგრამები განხორციელდება, - აცხადებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი ”ქართული ოცნების” წევრი დავით ონოფრიშვილი.

”ახალ ბიუჯეტში შემუშავებული იქნება ღონისძიებები სამუშაო ადგილების შესაქმნელად, მოსახლეობა შემოსავალს არა დახმარებებით, არამედ დასაქმების საშუალებით მიიღებს” - აცხადებს დავით ონოფრიშვილი.

არჩევნებიდან 13 დღე გავიდა, ამ დღეებში ქართულ ბაზარზე მოქმედი კომპანიების ნაწილმა შეამცირა ფასები საწვავზე, მაგალითად ”ვისოლის” ქსელში საწვავი 8 თეთრით გაიაფდა, ფარმაცევტულ ბაზარზე მცირდება ფასები მედიკამენტებზე. ამ ყველაფერს წინ უძღოდა ”ქართული ოცნების” ლიდერის შეხვედრა ბიზნესმენებთან, სადაც ბიძინა ივანიშვილმა მათ მოუწოდა ხელოვნურად გაზრდილი ფასები დაეწიათ. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ნოდარ ჭიჭინაძე ამბობს:

”ეს შეხვედრა, რომელიც მომავალ პრემიერ-მინისტრსა და ბიზნესმენებს შორის გაიმართა საკმაოდ ყოვლის მომცველი იყო, ვინაიდან შეხვედრაზე გაცილებით მეტი ბიზნესმენი მივიდა, ვიდრე გათვალისწინებული იყო. ეს ნიშნავს, რომ ბიზნესს აქვს დიდი მოლოდინები მომავალი მთავრობის, ასევე დიდი იმედები, რომ ის სახელისუფლო წნეხი, რომელიც აქამდე არსებობდა, რასაც უკვე არავინ უარყოფს, ეს წნეხი მათ მოშორდებათ. ახლო ურთიერთობა ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის არ იქნება პირდაპირი გაგებით ახლო ურთიერთობა. ანუ, ბიზნესი და სახელმწიფო იქნება გამიჯნული, თუმცა მათ შორის კომუნიკაცია იქნება ძალიან აქტიური, რაც დაეხმარება ორივე მხარეს მიიღონ ოპტიმალური გადაწყვეტილებები, რომელიც არ იქნება გაუაზრებელი და ბიზნესისთვის მოულოდნენლი.

ბანკები შეგვიძლია განვიხილოთ როგორც ბიზნესის ერთ-ერთი სახეობა და ერთ-ერთი მიმართულება - რა მიმართულებითაც აუცილებელია მათი პროდუქციის გაიაფება, ამ შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთების დაკლება. არის ასევე რიგი სხვა მიმართულებები, იგივე ნავთობის ბაზარი, ფარმაცევტული პროდუქციის ბაზარი, სადაც ასევე მოსალოდნელია სახელმწიფოს მხრიდან კონკურენციის ხელშეწყობით მოხდეს ეტაპობრივად ფასების შემცირება. და არა დირექტიული მეთოდით, რომელსაც არავინ აღიარებს, არცერთი შეხედულების ეკონომისტი.”

მოითმინეთ! კრედიტებიც გაიაფდება - აცხადებს ქართული ოცნება.

როდესაც ბიზნესი ზემოდან ხელოვნურად არ რეგულირდება და არსებობს ჯანსაღი კონკურენცია, მომხმარებელი, ეკონომიკა და სახელმწიფო სარგებელს ღებულობს. კომპანიები ცდილობენ მომხმარებელს უკეთესი პროდუქტები და მომსახურება უფრო დაბალ ფასებში შესთავაზონ. კლიენტები მზარდი კმაყოფილებით ხასიათდებიან, რასაც სდევს მოხმარების ზრდა, ამბობენ ეკონომიკის ექსპერტები. ნოდარ ჭიჭინაძის თქმით საქართველოში 19 ლიცენზირებული ბანკი მოღვაწეობს:

”ბევრია წვრილი ბანკი, ზოგის სახელი შეიძლება ბევრმა არც იცოდეს, თუმცა ამის საპირისპიროთ სამი ბანკი, საქართველოს ბანკი, თიბისი და ლიბერთი ბანკი აკონტროლებს კრედიტების და დეპოზიტების ბაზრის დაახლოებით 76%. ანუ, თითქმის ¾ ბაზრის დაკავებული აქვს ამ ბანკს. ამ მხრივ შეიძლება რაღაც ეჭვები შევიტანოთ და ვივარაუდოთ, რომ ბაზარზე ნაკლები კონკურენციაა. აშკარაა, რომ კონკურენცია არ მოქმედებს ამ ბაზარზე, ვინაიდან დეპოზიტები საქართველოში საშუალოდ ღირს, ანუ საპროცენტო განკვეთი არის 10%, კრედიტებზე საშუალოდ 25%. ეს იგივეა, ძალიან პრიმიტიული მაგალითი რომ მოვიტანოთ.. დაუშვათ პომიდორი რომ ვიყიდოთ ერთ ლარად და გავყიდოთ 2,05-ად, ანუ გავყიდოთ 250%-ანი მოგებით. ამ პირობებში კონკურენციაზე საუბარი ზედმეტია!

საპროცენტო განაკვეთის შემცირებას არ აქვს პირდაპირი შედეგი რიგითი მოქალაქისთვის. ზოგადად რომ გავამარტივოთ სქემა, კრედიტის გაიაფება ნიშნავს იმას, რომ ბიზნესისთვის ის უფრო ხელმისაწვდომი იქნება, ბიზნეს უფრო მეტი საშუალება ექნება განვითარდეს, ხოლო ბიზნესის განვითარება არის ერთადერთი ყველაზე სწორი , გამართლებული, აპრობირებული გზა მსოფლიოში, რომელიც პირდაპირ კავშირშია დასაქმების დონის ზრდასთან, მოსახლეობის შემოსავლების ზრდასთან. ბიზნეს- სექტორის განვითარება უნდა იყოს ჩვენი მთავარი აქცენტი, ამის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია სწორედ იაფი კრედიტი."

შეკითხვაზე, გულისხმობდა თუ არა იაფი კრედიტი ბიზნეს სესხების გაიაფებას, ბატონმა ნოდარმა თქვა:

"ამ შემთხვევაში ბიზნესმენების ეკონომიკური წინსვლისთვის, თუმცა რიგით მოქალაქესაც შეიძლება ქონდეს რაიმე ინიციატივა და ამ ინიციატივისთვის აიღოს სესხი. საბოლოო ჯამში მაინც ბიზნესამდე მივდივართ. ქვეყნის მთავარი ყურადღება გადატანილი უნდა იყოს, რომ ეს კრედიტები მოხმარდეს მწარმოებლურ საქმიანობას, დაბანდდეს რეალურ სექტორში და ამით უფრო ხელი შეეწყოს ბიზნესის განვითარებას, რაც საბოლოო ჯამში მოაგვარებს ძალიან ბევრ სოციალურ პრობლემას, თუნდაც დასაქმების, შემოსავლების ზრდის და ა.შ.”
XS
SM
MD
LG