ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნაციონალური მოძრაობის მიტინგი


თბილისის სკოლების ნაწილში დღეს აქციასთან დაკავშირებით სასწავლო პროცესი არ ჩატარებულა

”დღეს საქართველომ დაინახა, რომ საქართველოში არის ძალა, ძალიან ბევრი ხალხი, ვინც არ დაუშვებს უკან დაბრუნებას”, - განაცხადა დღეს ნაციონალური მოძრაობის მიერ რამდენიმე თვით ადრე დაანონსებულ საპროტესტო აქციაზე ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა.

”ჩვენგან წასული მედროვეები ”ოცნებას” ღმერთმა მოახამროს”, - მიმართა შეკრებილებს თბილისის მერმა გიგი უგულავამ.
”ისევ ავაშენებთ ბათუმს, სიღნაღს, თბილისს, საქართველო ისევ გაბრწყინდება და ევროპამდე მივა” -განაცხადა ნაციაონალური მოძრაობის წევრმა, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა პაპუნა დავიაიამ.

თბილისის სკოლების ნაწილში დღეს აქციასთან დაკავშირებით სასწავლო პროცესი არ ჩატარებულა. პარლამენტის შენობასთან მობილიზებული იყო პოლიცია, სასწრაფო დახმარების მანქანები. ნაციონალური მოძრაობის ლიდერებზე ადრე რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ შეკრება ხალხმა დაიწყო დაახლოებით 3 საათისთვის, გზა რუსთაველის გამზირზე ამის შემდეგ გადაიკეტა. თბილისელი ქალბატონი ლილი გრიგოლია აქციაში თავის მონაწილეობას ”ქართული ოცნების” დანაპირების შეუსრულებლობით ასაბუთებს:
” - სადაა 250 ლარი პენსია? სად არის დანაპირები, ხალხს 5 ათას ლარს დაურიგებთო, მიწა დაამუშავეთო?!

ამერიკის ხმა - ქალბატონო , არ გედავებით, მაგრამ..
  • ვერც შემედავებით
  • ამერიკის ხმა: 9 წელი მართავდა ”ნაციონალური მოძრაობა”, მაშინაც არ გქონდათ პენსია 250 ლარი.
  • მაშინაც არ მქონდა, მაგრამ მაშინ გაუბედურებული ქვეყანა ჩაიბარა მიშამ. სამი ლარი იყო ბიუჯეტში, ნუ დაგავიწყდებათ..”.
ჭორები ნაციონალური მოძრაობის გარდაცვალებაზე ნაადრევია, აცხადებს უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი, გიგი წერეთელი არ თვლის, რომ ნაციონალური მოძრაობის ქუჩაში გამოსვლა რადიკალიზმის ნიშანია:
”არ მგონია, რომ ეს რადიკალური ნაბიჯია. რადიკალური ნაბიჯია, როცა არის საპროტესტო აქციები მთავრობის გადაგომის მოთხოვნით, გაცილებით მძაფრი მოთხოვნებით. ჩვენ შევიკრიბეთ, რათა გამოვხატოთ ოპოზიციური განწყობა, საზოგადოების ერთი ნაწილის განწყობა, დავსვათ კითხვები, რომელიც საზოგადოებაში ისმება. სწორი გზით მიდის საქართველო საერთაშორისო არენაზე? სწორია რუსეთთან ამგვარი დამოკიდებულება? სწორია ომის გამოძიება? სწორია ოკუპაციის კანონის გაუქმება? ეს წაადგება საქართველოს სუვერენიტეტს, ოკუპაციის პროცესს? ის დაპირებები სრულდება, რასაც საზოგადოება ელოდება სოციალური პოლიტიკის თვალსაზრისით? უკეთესი ხელფასის, პენსიის, დასაქმების, ჯანდაცვის.. ეს საკითხები საზოგადოებას აწუხებს, ოპოზიციის მოვალეობაა სწორედ ხმა ამოიღოს,იკითხოს, მოუწოდოს..”.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი შოთა მალაშხია, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღგენის დროებით კომისიას ხელმძღვანელობდა ამბობს, რომ დღეიდან ნაციონალური მოძრაობა იწყებს ახალ ეროვნულ მოძრაობას, რომელიც ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი ვაშაძემ ილიას გზას შეადარა. შოთა მალაშხიამ განაცხადა:
”დღევანდელმა ხელისუფლებამ აშკარად შეცვალა კურსი, ეს არის პრორუსული კურსი. ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ იმ ხალხის ნებას, რომელიც გამოიხატა რეფერენდუმში, ვგულისხმობ ნატოსკენ, ევროკავშირისკენ ორიენტაციაც. გარდა ამისა გაიზარდა კრიმინალი, შეიქმნა კორუფციული სქემები, ეკონომიკა შეჩერებულია, დაპირებები არ სრულდება. ჩვენ გვინდა კონტროლი იყოს მთავრობაზე, კურსის ცვლილებას შეუშალოთ ხელი. კურსი არ შეიცვალოს. ეს არის დასაწყისი, პრაქტიკულად ჩვენ უნდა დავიწყოთ დემონტაჟი იმ ცნობიერების, რომელსაც ”ოცნება” უდგას სათავეში.”
აქციის მონაწილეებს მოგვიანებით საქართველოს პრეზიდენტი შეუერთდა, სხვა განცხადებებთან ერთად მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა:
”მე ვერ ვხედავ აქ გაბრაზებულ ხალხს. ჩვენ აქ მოვედით სიყვარულით. იმიტომ რომ ჩვენ ვართ აღმშენებლობის ხალხი, ყველა თაობის. ამ მთავრობას ძალიან გაუმართლა, ძალიან გაუღიმა ბედმა. მინდა მათ მივმართო, იმიტომ რომ ჩვენ როცა ვიყავით მთავრობაში, ჩვენ გვყავდა ძალიან ბრაზიანი ოპოზიცია. ჩვენ ვიყავით იმედიანი მთავრობა და გვყავდა ბრაზიანი ოპოზიცია. ახლა ვართ იმედიანი ოპოზიცია და რატომღაც მივიღეთ ბრაზიანი მთავრობა. მინდა ვუთხრა მათ, მინდა ერთმანეთს გავუწოდოთ ხელი. შეგვხედეთ ჩვენ, ჩვენ თუ ვართ იმედიანად ამდენი ბრძოლის, ამდენი დამცირებების.. თქვენც იყავით იმედიანად.”

აქციაში მონაწილეობა მიიღო საბურთალოს რაიონის გამგებელმა გიორგი ხუროშვილმა, რომელსაც წინა მოწვევის პარლამენტში მთავრობის საპარლამენტო მდივნის თანამდებობა ეკავა:

”დღევანდელი დღე ჩემთვის არ არის არც პროტესტის დღე, არც ადამიანების ერთმანეთთან დაპირისპირების დღე. პირიქით, ეს დღე არის ადამიანების ერთობის დღე. ჩვენ უარი უნდა ვთქვათ პიროვნულ შურისძიებაზე. პიროვნულ დაპირისპირებებს არ უნდა გადავაყოლოთ ეს ქვეყანა იქამდე მოყვანილი, სანამდე ჩვენ ყველა ერთად მოვედით. ჩვენ უნდა გავიდეთ იმ გზაჯვარადინზე, რომელსაც ქვეყნის განვითარება ჰქვია, რომელსაც ერის ინტერესების გათვალისწინება ჰქვია. საზოგადოება დაიღალა პოლიტიკოსების ურთიერთშუღლის, ურთიერთ თავდასხმით. ყველა ადამიანი ელოდება კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებას, საქმის გაკეთებას. ადამიანები ელოდებიან , რომ ვიღაც უზრუნველოფს მათ ჯანდაცვით უფლებებს, ელოდებიან სამუშაო ადგილებს, ელოდებიან უსაფრთხოებას, რომ მათი შვილები ქუჩაში თავს უსაფრთხო გარემოში იგრძნობენ. ადამიანები ელოდებიან ქვეყნის მომავალს. მე ვუერთდები ამ აქციას და მოვუწოდებ ყველა იმ ადამიანს, რომლისთვისაც საქართველოს ინტერესებია მნიშვნელოვანი, ერთად ვაშენოთ ეს ქვეყანა და მოვეშვათ ნგრევას.”
XS
SM
MD
LG