ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მთავრობისგან 112-ის გადასახადის გაუქმებას ითხოვენ


ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია დაუსაბუთებელი გადასახადის გაუქმებას ითხოვს

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია ”საგანგებო სიტუაციებში გადაუდებელი დახმარების გამოძახების ერთიანი ცენტრის 112-ის” გადასახადის გაუქმებას მოითხოვს.
როგორც ცნობილია, გასული წლის 1 იანვრიდან საქართველოში 112-ის მომსახურებისთვის გადასახადის სახით ყველა მობილური ოპერატორის მომხმარებელი ფიზიკური პირი, რომელიც თვეში 5 ლარზე მეტს ხარჯავს, იხდის ანგარიშიდან 20 თეთრს, ხოლო იურიდიული პირი 50 თეთრს.
ასოციაციის პრეზიდენტის ნოდარ ჭიჭინაძის თქმით 112-ის გადასახადი ართ-ერთი დაუსაბუთებელი და არასამართლიანი გადაწვეტილებაა, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში იქნა მიღებული, რომლითაც მოსახლეობის ჯიბეებიდან უსამართლოდ ხდება ფინანსების ამოღება:
”თვითონ 112-ის იდეასთან, ცენტრალიზებულ სისტემასთან დაკავშირებით საპრეტენზიო არაფერი გვაქვს, ნამდვილად საჭირო სტრუქტურაა. აკრიფავ 112-ს და შეგიძლია გამოიძახო სასწრაფო დახმარება, საპატრულო პოლიცია, სახანძრო სამსახური, ეს უდავოდ კარგია, თუმცა დაფინანსების ის სისტემა, რომელიც მოფიქრებულია ამ სამსახურის დაფინანსებისთვის, ნამდვილად უნდა გადაიხედოს. 112-ი არის უბრალოდ სატელეფონო ცენტრი, სადაც ხდება ყველა ზარის შესვლა და ნაწილდება შემდეგ საჭიროების მიხედვით: თუ მომხმარებელი რეკავს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მოთხოვნის მიზნით, ზარი შევა 112-ში, შემდეგ ნაწილდება შესაბამისი ბრიგადების მიხედვით. ამასთან ნამდვილად პრეტენზია არაფერი გვაქვს, ჩვენი აზრით საპრეტრენზიო არის ის ფაქტი, რომ ამ სამსახურის დაფინანსება ხდება საკმაოდ მახინჯი სისტემით, ეს სისტემაა აბონენტების სატელეფონო ანგარიშიდან 20 თეთრის ჩამოჭრა და ამით ამ ორგანიზაციის დაფინანსება. რაც ჩვენი აზრით მიღებელია. 112-ი მხოლოდ საქართველოში არ არსებობს, ის ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაშია, ყოველ შემთხვევაში ევროკავშირის ყველა ქვეყანაშია. არსებობს სპეციალური დებულება ამ სამსახურის შექმნის და მისი ფუნქციონირების, სადაც მითითებულია მკაცრად, რომ ეს უნდა იყოს უფასო , ყველასათვის ხელმისაწვდომი სერვისი. დარეკვა მართალია უფასოა, თუმცა მომსახურება არის ფასიანი, ვინაიდან მომხმარებელი თავიანთი სატელეფონო ანგარიშიდან, იქნება ეს ფიქსირებული თუ მობილური კავშირის აბონენტი, იხდის 20 თეთრს ყოველ დახარჯულ 5 ლარზე თვეში. შეიძლება გაჩნდეს კითხვა, რომ 20 თეთრი არ არის ის თანხა, რომელსაც უნდა გამოვეკიდოთ. მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არის მილიონობით თანხა, პირდაპირ ციფრს გეტყვით - 8 500 000 ლარი.
ამერიკის ხმა - თქვენ ასევე გამოიკვლიეთ, რომ მთავრობის დადგენილებით 112-ის გადასახადის აბონენტის ანგარიშიდან ჩამოჭრა 2012 წლის 1 იანვრიდან დაიწყო..
ნოდარ ჭიჭინაძე -კი..
ამერიკის ხმა - მიუხედავად იმისა, რომ სამსახური ამოქმედდა ივნისიდან
ნოდარ ჭიჭინაძე - 112-ი კანონით არსებობდა 2012 წლის 1 იანვრიდან, თუმცა რეალურად ფუნქციონირება დაიწყო ივნისში და 6 თვის განმავლობაში აბონენტებისგან ყოველ დახარჯულ 5 ლარზე 20 თეთრს იღებდა. ანუ შემოსავალს იღებდა იმის მიუხედავად, რომ ფუნქციონირება ჯერ დაწყებული არ ჰქონდა და 112-ზე დარეკვა ჯერ შეუძლებელი იყო. გარდა ამისა მნიშვნელოვანია ისიც, რომ თუ ამის მოტივი ის არის, რომ საქმიანობის დასაწყებად 112-ს სახსრები სჭირდებოდა და ამიტომ ნაადრევად დაიწყო თანხების ამოღება, რომ შემდგომ ფინანსური რესურსი ჰქონოდა, მაშინ რატომ მიიღო ბიუჯეტიდან დაფინანსება 2 500 000 ლარის მოცულობით საქმიანობის დასაწყებად? ანუ, რატომღაც.. ძალიან არ გვინდა ვივარაუდოთ, მაგრამ ჩნდება ეჭვი, რომ ვიღაცის ინტერესი შეიძლებოდა ყოფილიყო..
”ამერიკის ხმა” - დღესაც გრძელდება ეს სიტუაცია, არა?
ნოდარ ჭიჭინაძე - დღესაც რა თქმა უნდა გრძელდება და.. ერთი სიტყვით მისახედია ეს სიტუაცია. აბონენტების ხარჯზე ნამდვილად არ უნდა ხდებოდეს ამ სტრუქტურის დაფინანსება.
”ამერიკის ხმა” - ბატონო ნოდარ, ვინ ხელმძღვანელობს ამ სტრუქტურას?
ნოდარ ჭიჭინაძე - 112-ი არის შინაგან საქმეთა სამინისტროს მართვის ქვეშ, იურიდიულად მის მართვას ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამ სამინისტროს უწყებაა, რომელიც დაფინანსებას იღებს არა ბიუჯეტიდან, არამედ მოსახლეობის, მობილური და ფიქსირებული ქსელის აბონენტების სატელეფონო ანგარიშებიდან”.
”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციააცია” აცხადებს, რომ გადასახადის შემოღებისას ხელისუფლებას არ განუმარტავს, თუ რა პრინციპით განისაზღვრა თითოეული აბონენტისთვის სავალდებულო ტარიფი. მიუხედავად ამისა კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, რომელიც პასუხისმგებელია მობილური ოპერატორების ბაზრის რეგულირებაზე , აღმასრულებელი ხელისუფლების ამ გადაწყვეტილების მიღება არ გაუპროტესტებია.
”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” მიმართავს ახალ მთავრობას და წინა ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს.
” მიგვაჩნია, რომ დაფინანსების ამ სისტემის ლოგიკით ხელისუფლებას შეუძლია ანალოგიური გადასახადი დააწესოს სხვა პროდუქტების მოხმარებაზეც. მაგალითად პურზე, რომლითაც სურსათის უვნებლობის სამსახური დაფინანსდება, მანდარინზე ან ვაშლზე, რომლითაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაფინანსდება და ა.შ.” - აცხადებს ასოციაციის პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე.
XS
SM
MD
LG