ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერთმა ქართველმა დამასკოს დატოვებაზე უარი განაცხადა


სირიიდან დაბრუნებული ქართველები ამბობენ, რომ დამასკოში სიმშვიდეა

სირიიდან ლიბანსა და საქართველოში საქართველოს 17 მოქალაქის ევაკუაცია მოხერხდა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:00 0:00
ბმული

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სირიიდან საქართველოს 13 მოქალაქის გამოყვანა შეძლო. სირიის დედაქალაქში მყოფმა ქართველებმა დამასკოდან ლიბანის დედაქალაქ ბეირუთამდე ჩააღწიეს, სადაც მათ ავიაბილეთები დახვდათ, რომელიც საგარეო უწყებამ შეიძინა.

ქართველები სამშობლოში ბეირუთი-ქაირო-სტამბულის გავლით ჩამოვიდნენ. აღსანიშნავია, რომ ეს იყო მათი მესამე და წარმატებული მცდელობა დაეტოვებინათ სამოქალაქო ომში გახვეული სირია, სადაც საერთაშორისო ინტერვენციას ელოდებიან. წინა ორი მცდელობა წარუმატებელი გამოდგა დამასკო-ბეირუთის გზაზე და სირია-ლიბანის საზღვარზე არსებული დიდი რიგების გამო.

საგარეო უწყების ინფორმაციით, დამასკოდან სულ 17 ქართველის ევაკუაცია განხორციელდა, თუმცა ოთხი მათგანი ბეირუთში დარჩა. საქართველოს მოქალაქეები სირიაში მცირე ბიზნესით იყვნენ დაკავებულნი და დამასკოს დატოვების გამო სერიოზული ფინანსური ზარალი განიცადეს. სირიიდან დაბრუნებული მაყვალა გურული ამბობს:

„ძალიან ძნელი იყო მგზავრობა, წამოსვლა, იმიტომ რომ თითქმის მთელმა ჩვენმა ჯგუფმა დაკარგა სავაჭრო საქონელი. ჩვენ ძირითადად ამ მიმართულებით ვმუშაობდით სირიაში და იქედან ვარჩენდით ოჯახებს.

გვქონდა მაღაზიები აღებული და ვვაჭრობდით.
ეხლა ისეთი ინფლაციაა სირიაში, რომ დოლარიც კი არ იყო რომ აგვეღო, ამიტომ ძალიან დიდი საქონელი პირდაპირ დავყარეთ რომ იტყვიან და წამოვედით.“

ხათუნა მემანიშვილიც სირიის დედაქალაქში რამდენიმე წელია ვაჭრობდა და ოჯახს საქართველოში სწორედ დამასკოდან არჩენდა. მაღაზიის მიტოვება მასაც მოუხდა. იგი ამბობს, რომ დამასკოს გარეუბნებში შეტაკებები ხშირია, თუმცა თავად სირიის დედაქალაში სიმშვიდეა.

„პირველად, როცა განგაში ატყდა იყო პარასკევი. არიქა უნდა დატოვოთო გვეუდნებოდნენ აქედან, ჩვენც მოვემზადეთ, მაგრამ პარასკევი იქ დასვენების დღეა, დაგვრჩა შაბათი. უკვე მოლაპარაკებული ვიყავით მძღოლთან რომელიც მთელ ჯგუფს ბეირუთში გადაგვიყვანდა.

პრობლემა აღმოჩნდა გზა და საზღვარი, აღმოჩნდა რომ დიდი რიგების გამო ორი დღე გაგვჭირდებოდა ლიბანში გადასასვლელად და კვირას თვითმფრინავს ვერ ვუსწრებდით. აი, გუშინ კიდევ თავისფლად გადმოვედით.


დამასკოს გარეუბნებში არის სროლები და თავდასხმები, მაგრამ ქალაქის ცენტრი, სადაც ჩვენ ვმუშაობდით ძალიან დაცულია. ყველა ქუჩას შეიარაღებული სამხედროები აკონტროლებენ. ჩვენ რომ ავტეხეთ განგაში და მივდივართო ვთქვით, ყველანი გვეუბნებოდნენ, დაწყნარდით, ნუ გეშინიათ, არ წახვიდეთ, არაფერი არ მოხდებაო.“

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, დამასკოში მყოფმა საქართველოს ერთმა მოქალაქემ არაერთი შეთავაზების მიუხედავად, ბიზნესის და შესაბამისად სირიის დატოვებაზე უარი განაცხადა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებს მოკვლევას - კიდევ არიან თუ არა სირიის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეები. საგარეო უწყების საკონსულო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ინგა კიკვიძე ამბობს:

„საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს
საქართველოს მოქალაქეებს დატოვონ სირიის რესპუბლიკის ტერიტორია და დაბრუნდნენ სამშობლოში. და, მათ ვინც ეხლა გეგმავს ან აპირებს სირიაში გამგზავრებას თავი შეიკავონ.“


დღეს გავრცელდა ინფორმაცია, სომხური წარმოშობის სირიის ხუთი მოქალაქის გათავისუფლების შესახებ, რომლებიც სირია-თურქეთის საზღვარზე თვენახევრის წინ გაიტაცეს. სომხებმა სასტიკი სამოქალქო ომის გამო სირიის ქალაქი ალეპო დატოვეს და სომხეთის დედაქალაქ ერევანში ავტობუსით მიემგზავრებოდნენ, რა დროსაც მათზე თავდასხმა განხორციელდა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქართველო ოფიციალურად შეუერთდა იმ 33 ქვეყანას, რომლებიც მხარს უჭერენ ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას, მკაცრად დასაჯონ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ქიმიური იარაღის გამოყენების გამო.
XS
SM
MD
LG