ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპარლამენტართა წერილის გამოხმაურება


ევროპარლამენტარების ღია წერილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს

ევროპარლამენტის 23 წევრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართა. ღია წერილში ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ სიტუაცია საქართველოში ხდება საგანგაშო.

ევროპარლამენტარები ბიძინა ივანიშვილისაგან სასამართლოზე, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, თვითმმართველობის წევრებზე, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებზე მიმდინარე ზეწოლის შეწყვეტას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბოლოდროინდელი ქმედებებით დემოკრატიული სტანდარტები დაირღვევა და საქართველოს დემოკრატიის დონე დაეცემა, პასუხისმგებელი საქართველოს ევროპული პერსპექტივების გამოუყენებლობაზე ბიძინა ივანიშვილი იქნება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით ბერძენიშვილის განცხადებით საქართველო არჩეული კურსის ღალატს არ აპირებს. მისივე თქმით წერილს, რომელიც დღევანდელი მთავრობის პოლიტიკის კრიტიკას ეძღვნება, რეალობასთან საერთო არაფერი აქვს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაური ამბობს:
” ეს მიმართვა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ხელმომწერები არიან არა მხოლოდ ერთი რომელიმე კონკრეტული პარტიის, არამედ ევროპარლამენტის სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები. ეს ნიშნავს, რომ იზრდება შეშფოთება იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რომელსაც ახორციელებს ხელისუფლება და ეს შეშფოთება არის უკვე მთლიანად ევროპული საზოგადოების ძალიან დიდი გულისწუხილი. ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილმა უნდა გაითვალისწინოს, რომ თუ ამგვარი რიტორიკა გაგრძელდება, მისი ქმედებები კვალად ეს დააზარალებს მის პოლიტიკურ პარტიასაც, და დააზარალებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებსაც.”

საქართველოს მოსახლეობა, ქართული საზოგადოება არჩევნებით მოსული მთავრობისგან კვლავ სამართლიანობის აღდგენას მოითხოვს, მათ შორის იმ პირთა დასჯას, ვინც ასე თუ ისე მათ ბიოგრაფიაში უარყოფითი კვალი დატოვა . საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარების შესახებ ”პატრიოტთა ალიანსის” თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი ამბობს:

”პოლიტიკური თვალსაზრისით საქართველოში ერთადერთი პრობლემა ჩანს ყველაზე ნათლად. ბევრი პრობლემებია, მაგრამ ყველაზე ნათლად სჩანს სამართლიანობის აღდეგნის პრობლემა. ანუ, ხალხი ითხოვს სამართლიანობის აღდგენას. ეს საკითხი ხალხს უფრო მეტად აღელვებს, ვიდრე სხვა საკითხები. სამართლიანობის აღდგენაში ხალხი გულისხმობს პირველ რიგში იმას, რომ დაისაჯონ დამნაშავენი. თუმცა დამნაშავეთა დასჯას შეიძლება სხვადასხვა შეფასება ჰქონდეს, მე შემიძლია ვთქვა ჩვენ, ჩვენი პარტია რას ვგულისხმობთ დამნაშავეთა დასჯაში, სხვას შეიძლება სხვა პოზიცია ჰქონდეს. მაგალითად, მთავრობა, ივანიშვილის ხელისუფლება ამბობს, რომ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლი იყო მრავალი ათასი კაცი, დანაშაულებებში იძულებით მონაწილეობდა ათი ათასობით ადამიანი და რომ ყველას დასჯა, ყველას ციხეში ჩასმა არ შეიძლება. ამას ჩვენც ვიზიარებთ. ყველასი არ შეიძლება, მაგრამ ჩვენი პარტია სამ კატეგორიად ყოფს ამ ხალხს. არიან შემოქმედენი დანაშაულის, ისინი აუცილებლად უნდა დაისაჯონ. არიან დანაშაულის განმხორციელებლები, ისინიც მაღალჩინოსნები არიან, ოღონდ მეორე ეშელონი, ეს ხალხიც უნდა დაისაჯოს აუცილებლად. მესამე კატეგორია ხალხის არიან დაბალი რანგის თანამშრომლები, რომლებიც იძულებით მონაწილეობდნენ ცუდ საქმეებში. ასეთია 10 ათასი კაცი, ჩვენ არ ვამბობთ, რომ ისინი უნდა დავიჭიროთ. მაგრამ ეს ხალხი მხილებული უნდა იქნას, საჯაროდ. ზოგიერთ მათგანს, ან ბევრ მათგანს პროფესიის უფლება უნდა ჩამოერთვას. მათ აღარ უნდა ჰქონდეთ უფლება იმუშაონ პროკურორებად, პოლიციელებად, გამომძიებლად."

საქართველოში დღეს ადამიანებს ვერ გაუგიათ, როგორ შეაფასონ შექმნილი სიტუაცია, აქვს თუ არა ადგილი ორხელისუფლებიანობას და ა.შ.
”პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი სოსო მანჯავიძე თვლის, რომ გაუგებრობებს იმიტომ კი არ აქვს ადგილი, რომ ორხელისუფლებიანობაა, არამედ პირიქით, გაუგებრობრობების გამო არსებობს ორხელისუფლებიანობა:

”კერძოდ რას ვგულისხმობ? მიმდინარეობს უხეში მცდელობები ”ნაციონალური მოძრაობის” გათეთრების, ყველაზე უფრო ოდიოზური ფიგურები უკვე აბსოლუტურად დაუსჯელობის სინდრომით არიან შეპყრობილნი და მიმდინარეობს პროცესი მათი რეაბილიტაციის, პოლიტიკური დივიდენდების მოხვეჭის. ჩვენ გვაქვს კომპრომატების წონასწორობა საქართველოში, რომელსაც რატომღაც კოჰაბიტაცია უწოდეს.

ჩვენ გვაქვს "ქართულ ოცნებაში” ნაციონალურ მოძრაობასთან მუდმივად მოთანამშრომლე ძალები, რომლებიც პოლიტიკურ ასპარესზე იყვნენ მხოლოდ იმიტომ, რომ მათ მხარს უჭერდა რეჟიმი და მუშაობდნენ ასე ვთქვათ, ოპოზიციაში”.

კომენტარების ნახვა (3)

XS
SM
MD
LG