ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი ერგნეთში იმყოფებოდა და საკუთარი თვალით იხილა რუსულ საგუშაგოზე აღმართული სამფეროვანი დროშა. გენერალურ მდივანს მასპინძლობას ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი და ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ზურაბ ჭიაბერაშვილი უწევდნენ.
გიორგი ღინღაძე დევნილია. სტუდენტი. აგვისტოს ომის შედეგად მან საკუთარი სახლი სოფელ კეხვში დატოვა და ახლა კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობს. მისი თქმით, მესამე, ნეიტრალური ძალის ჩარევა ქართულ–რუსულ ურთიერთობებში აუცილებელია. „ქართველებსა და ოსებს ძალიან თბილი ურთიერთობები გვქოდა. ახლაც ჩვენი ბევრი ნათესავი ცხოვრობს ოსურ მხარეს. მინდა, რომ მათი ნახვის შესაძლებლობა მქონდეს,“– ამბობს გიორგი ღონღაძე.
კონფლიქტის ზონაში ყველას კარგად ესმის მაღალი რანგის სტუმრების ვიზიტების მნიშვნელობის შესახებ.თემურ ტეტუნაშვილი, ტირძნისის თემის გამგებელი, რომლის შემადგენლობაშიც ცხინვალისპირა სოფელი ერგნეთი შედის, ამბობს, მხოლოდ ქართველებმა ხომ არ უნდა ისაუბრონ საზღვარზე არსებული მდგომარეობის შესახებ, როდესაც აქ არსებულ ვითარებას უცხოელი დიპლომატი საკუთარი თვალით ნახავს და საკუთარ შეხედულებას გამოთქვამს, მას უფრო დაეჯერებაო. ექსპერტი, კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციებს შესაძლებლობა არ აქვთ ზედმიწევნით შეისწავლონ ცხინვალში არსებული ვითარება, როდესაც პრობლემას წარმოადგენს ვიზიტების დაგეგმვა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს უცხოელი დიპლომატის ყოველ სტუმრობას ეგრეთ წოდებულ სასაზღვრო ზოლზე.
ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, ვიზიტის ფარგლებში დევნილებსაც შეხვდა წეროვანის დასახლებაში და მოისმნა ისტორიებიც, რაც ჩასახლებაში მცხოვრებ ყოველ ოჯახს ინდივიდუალური აქვს.