ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყოფილი ქართველი მაღალჩინოსნის დაპატიმრება ესპანეთში


Interpol
Interpol

საქართველოს სატყეო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, 2005 წლიდან ინტერპოლის მიერ ძებნილი ბიძინა გიორგობიანი ესპანეთის პოლიციამ დააკავა. ეს ინფორმაცია ესპანურმა მედიამ გაავრცელა, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ დაკავებულს ქართველი სამართალდამცველები სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დროს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ.

90-ანი წლების დასაწყისში, სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ თბილისიდან ემიგრაციაში წასული გიორგობიანი, სადაც გერმანიის ხელისუფლებამ მას პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა, საქართველოში ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ დაბრუნდა და სატყეო დეპარტამენტის უფროსის პოსტი დაიკავა.

გიორგობიანი თანამდებობის და სამშობლოს დატოვების მიზეზად შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მის დევნას ასახელებს: ” სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარის პოსტზე ჩემი მუშაობის დროს დეპარტამენტიდან ე.წ. ”წილების” გაცემის გზები გადაიკეტა, რამაც დაპირისპირება გამოიწვია” - განაცხადა გიორგობიანმა საქართველოდან წასვლის შემდეგ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში.

მაშინ გიორგობიანის მიმართ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაიწყო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სასამართლო პროცესზე დაკითხულმა ბრალდების მოწმეებმა განმარტეს, თუ როგორ ხდებოდა უსაბუთო ხე-ტყის ლეგალიზაცია და ა.შ. სახელმწიფოსთვის დიდი ოდენობით ზიანის მიყენების და თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სასამართლომ იგი დაუსწრებლად გაასამართლა და 2007 წლის 17 იანვარს განაჩენი, 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ბიძინა გიორგობიანის ესპანეთში დაკავებასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა ეროვნულმა საბჭომ, კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა შემდეგი განცხადებები გააკეთა: ”გიორგობიანი ინტერპოლის ძებნილთა წითელი ცირკულარის მიხედვით ძებნილად ითვლება როგორც საქართველოს მოქალაქე, მაშინ, როდესაც ის დღეისათვის გერმანიის მოქალაქეა: ” - ბიძინა გიორგობიანის დევნა და მის მიმართ გამოტანილი განაჩენი სრულიად უკანონოა და მის ერთადერთ საფუძველს წარმოადგენს სააკაშვილის რეჟიმის, უპირველეს ყოვლისა ვანო მერაბიშვილის მიერ მის მიმართ წარმოებული პოლიტიკური ანგარიშსწორება. აღნიშნულის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ 2004-2005 წლებში სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელობისას ბიძინა გიორგობიანი აქტიურად ეწინააღმდეგებოდა შს მინისტრის, ასევე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დათა ახალაიას უკანონო საქმიანობას, რაც კოკოითის რეჟიმთან ერთად ხე-ტყის მოპოვების დოკუმენტაციის გაყალბების გზით, მერქნული მასალებით უკანონო ვაჭრობას უკავშირდებოდა”.

ბიძინა გიორგობიანის საქართველოში ექსტრადიცია საქართველოს ჯერ არ მოუთხოვია.

XS
SM
MD
LG