ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნების მნიშვნელობა საქართველოსთვის


მარიოტი
მარიოტი

უილიამ კორტნი: თუკი, არჩევნები არ ჩაითვლება სამართლიანად, საქართველოს ურთიერთობა ნატოსთან და ევროკავშირთან დაზარალდება

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

საქართველოში საარჩევნო ციებცხელება ძლიერდება. დაპირისპირებული მხარეები 1 ოქტომბრისთვის ემზადებიან, როდესაც გამარჯვებულის და დამარცხებულის ვინაობა გაირკვევა. როგორია საარჩევნო გარემო საქართველოში, შეგვიძლია თუ არა ვთქვათ რომ გარემო გაუმჯობესდა? ამ და სხვა კითხვებით საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ ელჩს ბატონ უილიამ კორტნის მივმართეთ.

„ძნელი სათქმელია, რომ გარემო გაუმჯობესდა. განხორციელებული ქმედებები, კერძოდ ივანიშვილისთვის მოქალაქეობის არ მინიჭება, მისი ბანკის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, საბანკო ანგარიშების დაყადაღება პოლიტიკური პარტიებისთვის და სხვა ქმედებები არ მიუთითებს სამართლიან საარჩევნო კლიმატზე,“ - განაცხადა უილიამ კორტნიმ.

შეკითხვაზე, თუ რამდენად უწყობს ხელს სამართლიან საარჩევნო გარემოს ხელისუფლების რიტორიკა ივანიშვილის პრორუსულობის შესახებ, ბატონმა ელჩმა აღნიშნა, რომ ასეთი განცხადებები სხვა საარჩევნო ვითარებაშიც გვინახავს.

„გულახდილად რომ ვთქვათ, ბევრი რამ არ არის ცნობილი ბატონი ივანიშვილის შესახებ, კერძოდ თუ როგორ იშოვა მან ფული რუსეთში, რაც ხელს უწყობს ამგვარი რიტორიკის გაძლიერებას.ეს დეტალები დასავლეთში ბევრისთვის უცნობია,“ - ამბობს კორტნი. მისი თქმით, პროდასავლელი პოლიტიკოსები წარმოდგენილები არიან როგორც ივანიშვილის კოალიციაში, ასევე სამთავრობო ბანაკში.

„ირაკლი ალასანიას დასავლეთში დიდ პატივს სცემენ. ასევე მთავრობაშიც ჩვენ ვხედავთ პროდასავლელ პოლიტიკოსებს, რომელთაც აქვთ დემოკრატიული ღირებულებები. ამდენად, ძალიან რთულია იმის ცალსახად განსაზღვრა, თუ რომელი მხარეა უფრო პროდასავლური მიმართულების და უფრო პროდემოკრატიული,“ - დასძინა კორტნიმ.

რაც შეხება წინასაარჩევნოდ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევას და მის შედეგებს, ბატონმა ელჩმა აღნიშნა, რომ ეს ბუნებრივი პროცესია, რაც დამახასიათებელია ბევრი ქვეყნისთვის. მისი თქმით, როგორც ეროვნულ-დემოკრატიულ, ასევე საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს, ორივეს აქვს ძლიერი და მყარი რეპუტაცია საზოგადოებრივი აზრის კვლევაში, რომელსაც ატარებს სამართლიანად და გამჭვირვალედ.

„მე ვფიქრობ,რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ბოლო გამოკითხვაც, ისევე სამართლიანად იყო განხორციელებული, როგორც წინა გამოკვლევები,“ - აღნიშნა კორტნიმ.

შეკითხვაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის და კერძოდ შეერთებული შტატებისთვის საქართველოს არჩევნები, ბატონმა უილიამ კორტნიმ აღნიშნა, რომ ეს პირველ რიგში მნიშვნელოვანია საქართველოსთვის დასავლეთთან ურთიერთობის მიზნით.

„მე არ ვიტყოდი რომ ამ არჩევნებს დიდი მნიშვნელბა აქვს დასავლეთისთვის. მე ვიტყოდი, რომ ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს თავად საქართველოსთვის. ნება მიბოძეთ პატარა მაგალითი მოვიყვანო.

რამდენიმე თვის წინ ვიყავი ყაზახეთში. ვიდრე საქართველში ჩამოვიდოდი ყაზახეთში ვმსახურობდი. მას შემდეგ, რაც ავღანეთში ნატოს ძალების რაოდენობა შემცირდა და ეს ტენდენცია გრძელდება, ეს გავლენას მოახდენს შუაზის ქვეყნებში დემოკრატიის პერსპექტივაზე, რამდენადაც დასავლეთი კარგავს ინტერესს მათ მიმართ. თუ შევადარებთ მათ მდგომარეობას საქართველოსთან, ამ უკანასკნელის მიმართ დასავლეთში არსებობს ინტერესი, რადგანაც ეს არის ქვეყანა, რომელმაც მიაღწია პროგრესს დემოკრატიის კუთხით, ვიდრე სხვა ქვეყნებმა პოსტასაბჭოთა სივრცეში.

ყაზახეთი მდიდარი ქვეყანაა, მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკური, ასევე სტრატეგიული თვალსაზრისით, თუმცა, იქ არ არის ის დემოკრატიული პროგრესი, რასაც მიაღწია საქართველომ. საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილზე მდებარეობს. დასავლეთის მხრიდან ინტერესის შენარჩუნების კრიტიკული ელემენტი საქართველოსთვის არის ის, რომ უნდა იყოს დემოკრატიული. თუკი, არჩევნები არ ჩაითვლება სამართლიანად, ეს ზიანს მიაყენებს ამ ინტერესს. შესაბამისად დაზარალდება საქართველოს ურთიერთობა ნატოსთან და ევროკავშირთან. ახლახანს, გერმანიის კანცლერი მერკელი მოლდოვაში იმყოფებოდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი მოლდოვასთან ურთიერთობაში უფრო სწრაფად მოქმედებს, ვიდრე საქართველოსთან. ამდენად, ვფიქრობ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარება,“
- განაცხადა უილიამ კორტნიმ.
XS
SM
MD
LG