ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცესკო ამომრჩეველთა აქტიურობას აფიქსირებს


არჩევნები საქართველოში

ცესკოს ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 3 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა თითქმის ნახევარმა არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო.

ცეესკოს ოფიციალური მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ამ დროისთვის სერიოზული ექსცესების გარეშე მიმდინარეობს და ელექტორატის მაღალი აქტიურობით გამოირჩევა. დღის 3 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა თითქმის ნახევარმა არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო. უფრო ზუსტად, უბნების 98%-ში ხმის მიმცემთა რაოდენობამ 45%-ი შეადგინა.

თბილისში, ცესკოს სპიკერმა, ეკა აზარაშვილმა პოლიტიკურ პარტიებს კენჭისყრის დასრულებამდე გამარჯვებულის გამოცხადებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. ასევე შეახსენა ყველა დაინტერესებულ პირს, რომ ეგზითპოლების შედეგების გამოქვეყნება კენჭისყრის პროცესის დასრულებამდე აკრძალულია.

ბოლო მონაცემებით, პროცენტულად ყველაზე მეტი ამომრჩეველი ამბროლაურში დაფიქსირდა, სადაც მონაწილეთა რიცხვმა 61 პროცენტს გადააჭარბა. ოდნავ ნაკლები აქტიურობით გამოირჩევა ხარაგაული, ცაგერი და საჩხერე. ყველაზე ცოტა ამომრჩეველი საქართველოს მასშტაბით წალკაშია გამოცხადებული, სადაც დღის 3 საათისთვის საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა მხოლოდ 26 პროცენტი გამოცხადდა. თბილისში ისევ მთაწმინდის ოლქი ლიდერობს, სადაც სასურველ კანდიდატს ხმა 53,8 %-მა მისცა. 51-51 პროცენტით მეორე ადგილზე ვაკეა, მესამეზე კი - დიდუბე. სულ საქართველოს მასშტაბით არჩევნებში მონაწილეობა 1,625,818-მა ადამიანმა მიიღო.

შეგახსენებთ, საქართველო დღეს ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 150 წევრს ირჩევს. დარეგისტრირებული 3,613,851 ამომრჩევლისთვის გახსნილია 3,739 საარჩევნო უბანი. საპარლამენტო არჩევნებს მონიტორინგს 51 ათასი საერთაშორისო დამკვირვებელი უწევს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელი, ლუკა ვოლონტე აცხადებს, რომ საარჩევნო პროცესი მოცემული დროისთვის ნორმალურად ვითარდება და რომ პოლიტიკური ლიდერები აცხადებენ, რომ კარგი საარჩევნო პროცესისთვის დამახასიათებელი მინიმალური სტანდარტების დაცვის შემთხვევაში, პატივს მიაგებენ შედეგებს და რომ აქტიურად ჩაებმებიან პარლამენტის მუშაობაში.

კოალიცია „ქართული ოცნების" განცხადებით, სააკაშვილი დიქტატურას ნერგავს. მიხეილ სააკაშვილის რეიტინგმა ორი კვირის წინ გამოქვეყნებული ვიდეო მასალით იზარალა, რომელშიც პატიმართა საშინელი წამების და გაუპატიურების კადრები იყო ასახული.
XS
SM
MD
LG