ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მთავრობა ვაუჩერებში 105 მილიონი ლარი გაისროლა


თბილისის მერი ენერგოვაუჩერს არიგებს

პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივით მთავრობამ 20 ლარიანი ენერგოვაუჩერების დარიგება დაიწყო, რომელსაც დაახლოებით 1 200 000 ოჯახი მიიღებს. ბიუჯეტს ეს ინიციატივა 25 მილიონი ლარი დაუჯდება. თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო.

მმართველი ელიტა ამტკიცებს, რომ ეს ყველაზე გონივრული და ადექვატური გზაა, რომელიც მოსახლეობას ცივი ზამთრის გამო გაზრდილი ელექტროენერგიის დანახარჯების დაფარვაში შეეხიდება.

პრემიერ მინისტრმა ნიკა გილაურმა ვაუჩერის დარიგების პროცესი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჩააბარა. ამ უწყების ხელმძღვანელის ანდრია ურუშაძის თქმით, სოციალური დაცვის სააგენტო იქნება პასუხისმგებელი, რომ 31 მარტამდე ყველა ვაუჩერი დარიგდეს:

ნიკა გილაური: “ბევრი პრობლემა შეუქმნა საზოგადოებას, ჩვენს მოსახლეობას დიდთოვლობამ, მაღალმა ნალექმა, ყინვებმა. მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს პრობლემები აღმოფხვრილი იქნეს მინიმალურ პერიოდში.

მე ვსაუბრობ გზებსა და ელექტროენერგიაზე. შესაბამისად, ჩვენს მოქალაქეებს გაეზარდათ ელექტროენერგიის ხარჯი და ამიტომაც პრეზიდენტის დავალებით შევიმუშავეთ ენერგოვაუჩერის პროგრამა. ყველა ოჯახს მიუვა 20 ლარიანი ელექროენერგიის ვაუჩერი.“

ანდრია ურუშაძე: „ასევე ყველა ოჯახს ექნება საშუალება ამ ვაუჩერით დაეხმაროს სხვა ოჯახს, რომელსაც მასზე უფრო უჭირს! ეს იქნება საშუალება, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა სოლიდარობის ნიშნად გადავცეთ ვაუჩერი უფრო გაჭირვებულ ოჯახებს.

ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული იქნება ყველა აქტიური აბონენტის სია, რისი გამოცდილებაც გასულ წელს გვქონდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს პასუხისმგებლობით ყველა ოჯახი მიიღებს ამ ვაუჩერს.“

საქართველოს მთავრობამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ხუთი სხვა და სხვა ტიპის ვაუჩერი დაბეჭდა. ზუსტად ერთი წლის წინ, იგივე ენერგოვაუჩერებისთვის ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი გამოიყო.

შარშან, ზაფხულში დარიგებული სასურსათო ვაუჩერები 31 მილიონ 429 ათასი ლარი დაჯდა. ოქტომბერში თბილისის მერიამ მოსახლეობისთვის 5-ლარიანი სატრანსპორტო ვაუჩერი მოიფიქრა და ამ საჩუქრისთვის 5 მილიონ 250 ათასი ლარი დახარჯა.

დეკემბერში კი მთავრობამ სოფლად ხვნა-თესვის პრობლემის გადასაჭრელად 30-ლარიანი ვაუჩერი დაარიგა, ეს ინიციატივა სოფლის მეურნეობის 2012 წლის ბიუჯეტიდან 24 მილიონი ლარით დაფინანსდა.

საერთო ჯამში, ბოლო 12 თვის განმავლობაში მთავრობამ ვაუჩერებში 105 00 000 ლარზე მეტი დახარჯა. ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე ამბობს, რომ მმართველი პარტია ასეთი ერთჯერადი აქციებით ამომრჩევლის გულის მოგებას ცდილობს

„ელექტროენერგიის 20 ლარიანი ვაუჩერი კუჭის წყლულის სოდით მკურნალობას ჰგავს, როცა ადექვატური მკურნალობის ნაცვლად კუჭის წყლულით ავადმყოფს ექიმი სოდით მკურნალობას უნიშნავს. ეს რა თქმა უნდა წამიერად აყუჩებს ტკივილს, მაგრამ რეალურად ვერ ხსნის იმ პრობლემას, რომელიც ამ დაავადების სათავეს წარმოადგენს.

ჩვენს ხელისუფლებასაც სამწუხაროდ ასეთი გამარტივებული მიდგომა აქვს. უმთავრესი მოტივაცია ხელისუფლების წმინდა პრაგმატულ გათვლებზეა დაფუძნებული. 2012 წელი მოგეხსენებათ პოლიტიკურად ცხელი წელია, არის საპარლამენტო არჩევნების წელი, რომელსაც 2013-ში საპრეზიდენტო არჩევნების წელი მოჰყვება . შესაბამისად, ხელისუფლება ერთჯერადი პიარ აქციებით საზოგადოების სხვა და სხვა ფენის კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობს.

მერკანტილურად, ეს ორიენტირებულია საარჩევნო ხმების მობილიზაციისთვის. ასეთი ტიპის ვაუჩერები ბევრი დარიგდა და სავარაუდოდ, კიდევ უფრო ბევრი დარიგდება. გახსოვთ, გლეხებს 30 ლარიანი ვაუჩერები დაურიგდათ, მიწის დასამუშავებლად, თუმცა პარადოქსული სიტუაცია მივიღეთ. თითქმის ყველა გლეხს რომლებსაც რეგიონებში შევხდით ეს ვაუჩერები გაყიდული ჰქონდა და კიდევ უფრო დიდი პარადოქსია, რომ 30 ლარიანი ვაუჩერი რეგიონებში 15 ლარად იყიდებოდა.“

ჯერჯერობით, მთავრობას არ წარმოუდგენია არანაირი პროგნოზი, თუ ბიუჯეტიდან 25 მილიონი ლარის ასეთი სახით გაცემა როგორ აისახება ინფლაციურ პროცესებზე, საბოლოო ჯამში კი ეკონომიკის ზრდის ტემპზე. შარშან მთავრობამ რეკორდული - 12 პროცენტიანი ინფლაციის მოთოკვა მეტ-ნაკლები წარმატებით შეძლო, რამაც ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების საშულება მისცა.

კომერციული ბანკები და კერძო ბიზნესი ამ ცვლილებების შემდეგ, საპროცენტო განაკვეთების დაწევისა და კრედიტების გაიაფების მოლოდინში არიან.

25 მილიონი ლარის ვაუჩერების დარიგებას კი ინფლაციური შედეგი უეჭველი ექნება. ეკონომიკის ექსპერტების აზრით, გადამხდელების ფულის ისევ გადამხდელებისთვის დაბრუნებით მთავრობა მახინჯ პრეცედენტებს ქმნის და მოსახლეობაში ფუჭ მოლოდინებს აჩენს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ გამოსავალი მხოლოდ სახელმწიფო ხარჯების, საბიუჯეტო დეფიციტისა და გადასახადების მნიშვნელოვანი შემცირება შეიძლება იყოს.

XS
SM
MD
LG