ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გიორგი აბაშიშვილი: 2014 წელს ეკონომიკის 5 პროცენტიანი ზრდა რეალურია


ამის შესახებ მან პრემიერ მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა. ამ დროისთვის საქართველოში ლარის კურსის კლებაზე საუბრობენ. ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ ეს გამოწვეული დოლარის კურსის გაზრდით, რაც, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, დოლართან მიმართებაში ყველა ვალუტა შემცირებულია.

ეკონომიკის ექსპერტი, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი აბაშიშვილი, რომელსაც ამერიკის ხმა დაუკავშირდა, ამბობს, რომ მიმდინარე წელს 5 პროცენტით ეკონომიკის ზრდა სავსებით რეალურია, თუმცა იგი იმასაც აღნიშნავს, რომ განვითარების ისეთ სტადიაზე მყოფი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეკონომიკის უფრო მკვეთრი ზრდის ეფექტია საჭირო. რაც შეეხება სოციალურ ფენებს შორის დიფერენციაციის მაჩვენებელს, ეს ისეთივე მაღალი რჩება, როგორც აქამდე იყო. თუმცა მისი შემცირების მიზნით მთელი რიგი სოციალური პროექტებია დაფინანსებული ბიუჯეტიდან. გიორგი აბაშიშვილი ამბობს: „რაც შეეხება მთლიანად ეკონომიკურ მდგომარეობას ქვეყანაში, ბუნებრივია, ძნელია, ჯერ-ჯერობით ვისაუბროთ გაუმჯობესებაზე. პირიქით, ეკონომიკის მაჩვენებლები იყო უფრო დაბალი 2013 წელს, 2012 წელთან შედარებით, მაგრამ ვერ ვისაუბრებთ, რომ ამან ქვეყანაში მნიშვნელოვნად შეცვალა სიტუაცია გაუარესების, ან გაუმჯობესების კუთხით. შეიძლება ითქვას, რომ არსებითად, ბოლო ერთი წლის გადასახედიდან, მდგომარეობა არ შეცვლილა. რაც შეეხება სოციალური დიფერენციაციის მაჩვენებელს, ჯერ-ჯერობით ამ კუთხით ვერ ვხედავ, რომ ზღვარი შემცირებულია. სოციალური დიფერენციაციის მაჩვენებელი საქართველოში ერთ-ერთი მაღალია და ასეთივედ რჩება. ასე რომ, კეთილდღეობის, რომელსაც ქვეყანის ეკონომიკა ქმნის, უფრო სამართლიანად გადანაწილებაზე საუბარი რთულია. უბრალოდ, ახალმა ხელისუფლებამ უფრო მეტი სოციალური ვალდებულება აიღო თავის თავზე, იგივე 2013 წლის სოციალური ბიუჯეტიდან და ახლაც, 2014 წლის ბიუჯეტიდან გამომდინარე. ასე რომ, ახალი ხელისუფლემა ამ უთანასწორობის შემცირებას ცდილობს მისი პოლიტიკით. თუმცა მე ვშიშობ, ზედმეტი სოციალური ვალდებულებები არ ავიღოთ საკუთარ თავზე არსებული ეკონომიკური შესაძლებლობების პირობებში. პროგნოზი საქართველოს ეკონომიკური ზრდის 5 პროცენტიანი მაჩვენებლის თაობაზე არაა ოპტიმისტური, ესაა რეალისტური მაჩვენებელი, შეიძლება ასე ითქვას. ამიტომ მე არ მგონია, 5 პროცენტიან ზრდას ვერ მივაღწიოთ. უბრალოდ, ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ: ჩვენნარი ქვეყნისთვის 5 პროცენტიანი ზრდა, პრინციპში რომ ვთქვათ, არის ცოტა. ჩვენ გვჭირდება განვითარებაზე ორიენტირება და ეგრეთ წოდებული მკვეთრი ზრდის ეფექტი“.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მკვლევარი ნათია კუტივაზე ჩვენთან იმ პროექტის თაობაზე საუბრობს, რაც მისმა ორგანიზაციამ მოამზადა და ეკონომიკის სამინისტროს გადაუგზავნა. ეს კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფისთვის აუცილებელი რეგულაციებია, რაც აქამდე ქართულ კანონმდებლობაში არ არსებობდა. ნათია კუტივაძე: „თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება რომ გაფორმდა ევროკავშირთან, ეს ითვალისწინებდა კონკურენციის პოლიტიკის რეფორმას და ამ ხელშეკრულების მოთხოვნების შესაბამისად, მოხდა საბაზისო დეფინიციების აღდგენა. ამ კანონპროექტით შესაძლებელია პრობლემების პრაქტიკული მოგვარება. ანტიმონოპოლიური პოლიტიკა ხდება უფრო ქმედითი. ჩვენ ვართ ამ კანონპროექტის თანაავტორი. ეკონომიკის სამინისტროსთან მოხდა მისი განხილვა, შემდეგ მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან ვითანამშრომლეთ ამ საკითხებზე. დღეს მათგან უკვე მივიღეთ დადებითი დასკვნა, რომ ისინი მხარს უჭერენ ამ რეფორმას. ახლა უკვე უნდა მოხდეს სამინისტროს მხრიდან ინიცირება. თავისუფალი კონკურენცია ხომ ეკონომიკის საფუძველია. ეკონომიკური პოლიტიკის დაცვაზე უნდა არსებობდეს სახელმწიფო ზედამხედველობა. როგორც ვიცით, კერძო სუბიექტები ორიენტირებულნი არიან მოგებაზე და შესაბამისად, თუ არ არსებობს ეფექტიანი ანტომონოპოლიური პოლიტიკა ქვეყანაში, შეიძლება მოგების გაზრდის მიზნით, გამოიყენონ შესაძლებლობები ბაზარზე და ერთის მხრივ, გაზარდონ მოგება, მეორეს მხრივ კი შელახონ მომხმარებელთა უფლებები.“

ფინანსთა მინისტრმა დღეს ერთი საინტერსო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, 2015 წლის 14-15 მაისს საქართველო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს უმასპინძლებს და გაიმართება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა, რომელსაც 34 ქვეყნის ფინანსთა მინისტრი დაესწრება. „ასეთი მასშტაბური ღონისძიება არც საქართველოში ყოფილა და არც კავკასიაში, არავინ იცოდა, რომ ჩვენ ამ შეხვედრის მომზადებისთვის 8 თვის მანძილზე ვმუშაობდით“,- განაცხადა ნოდარ ხადურმა და დასძინა, რომ ეს ღონისძიება საქართველოს დიდ შესაძლებლობას მისცემს.
XS
SM
MD
LG