ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში საქართველოზე სწორი გზავნილი უნდა გავრცელდეს


სარა უილიამსონი, ამერიკის ვაჭრობის პალატის პრეზიდენტი საქართველოში

"ამერიკამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოში დემოკრატია ფესვებს იდგამს და ძლიერდება. ასევე მნიშვნელოვანი წინსვლაა ქვეყანაში კანონის უზენაესობის მხრივ, მაგრამ საერთაშორისო პრესაში ეს ასე არ ჩანს. ვაშინგტონში ამ გზავნილის გავრცელება ძალიან მნიშვნელოვანია," აცხადებს უილიამსონი.

საქართველოში ამერიკის ვაჭრობის პალატის პრეზიდენტი სარა უილიამსონი ვაშინგტონში დელეგაციას ხელმძღვანელობდა, რომელმაც საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივები ამერიკელ პოლიტიკოსებსა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს გააცნო. სარა უილიამსონს ამერიკის ხმის ჟურნალისტი ია მეურმიშვილი საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობასა და ბიზნეს გარემოზე ესაუბრა.

თქვენ აცხადებთ, რომ საქართველოს შესახებ ამერიკულ პრესაში და ქვეყნის მთავრობაში ურთიერთგამომრიცხავი გზავნილები ჟღერდება. რა გაძლევთ ამ განცხადების გაკეთების საფუძველს? თქვენი აზრით, ეს ტენდენცია ეკონომიკის განვითარებაზე აისახება?

მთავრობამ უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ საკუთარი გზავნილი გაიტანოს ქვეყნის გარეთ. ჩვენ ამის გაკეთება ჩვენს თავზე ავიღეთ და ვთქვით, რომ ხალხმა უნდა გაიგოს, რომ საქართველოში დემოკრატია არ კლებულობს, ქვეყანა რუსეთისკენ არ მიდის.
სარა უილიამსონი
საქართველოს შესახებ უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ურთიერთგამომრიცხავი გზავნილები ვრცელდება ვაშინგტონში, იქნება ეს საერთაშორისო პრესა თუ კონგრესმენები და სენატორები. ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს. ჩემი აზრით, თავდაპირველად მთავრობის შეცვლასთან დაკავშირებით გაურკვევლობა შეიქმნა, რადგანაც ახალ მთავრობაში მოვიდა ხალხი, რომლებსაც ისინი ისე კარგად არ იცნობდნენ. საქართველოში, ადგილობრივ გარემოშიც კი, ცვლილება გაურკვევლობას იწვევს. აქედან გამომდინარე იყო გარკვეული პაუზა. თუმცა, საქართველოში უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში დადებითი მოვლენები ვითარდება. ეკონომიკა გამოწვევას წარმოადგენს, მაგრამ ზოგადად, საქართველო დემოკრატიის განვითარების სწორ გზას ადგას.

აუდიო:
ბმული

დემოკრატიის განვითარება ამერიკის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამერიკამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოში დემოკრატია ფესვებს იდგამს და ძლიერდება. ასევე მნიშვნელოვანი წინსვლაა ქვეყანაში კანონის უზენაესობის მხრივ, მაგრამ საერთაშორისო პრესაში ეს ასე არ ჩანს. ვაშინგტონში ამ გზავნილის გავრცელება ძალიან მნიშვნელოვანია. შერეული გზავნილები გაურკვევლობას ქმნის, გაურკვევლობა კი უარყოფითად აისახება არა მხოლოდ ამერიკულ არამედ ქართულ ბიზნესზეც - ნებისმიერ ბიზნესზე საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავრცელდეს სწორი გზავნილი.



ცოტა ხნის წინ ორმა უმსხვილსმა საერთაშორისო ფინანსურმა ორგანიზაციამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა და საერთაშორისო სავალუტო ფონმდა საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზი დაბლა დაწიეს. რა ფაქტორებმა შეუწყო ამას ხელი და ამ ფონზე, რამდენად ოპტიმისტურად აფასებთ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესვლას მომავალ ორიოდე კვარტალში ან ერთი წლის განმავლობაში?

როგორც უკვე ვახსენე, არა რაიმე უარყოფითმა მოვლენამ, არამედ მთავრობის შეცვლამ ინვესტორებში გაურკვევლობა გამოიწვია. გაურკვევლობის შემთხვევაში ინვესტორები პაუზას აკეთებენ და სწოედ ეს მოხდა საქართველოშიც. საინტერესოა ის, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა ფაქტობრივად უცვლელი დარჩა. ეს დადებითი მაჩვენებელია და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ საქართველოში უცხოური ინვესტიციები მოიმატებს. ჩემი აზრით, ერთი ფაქტორი, რომელმაც ეკონომიკური ზრდის შენელება გამოიწვია იყო ის, რომ ერთი პერიოდი მთავრობამ შეანელა ხარჯვა, ზოგიერთი პროექტი დროებით შეაჩერა.

იმედისმომცემი ის არის, რომ უკვე გაკეთდა განცხადებები ზოგიერთი ამ პროექტის განახლებასთან დაკავშირებით, მაგალითად ჰიდროელექტრო სადგურის აშენება ან ინფრასტრუქტურის პროექტების განახლება ან წარმოწყება. ეს უცხოელ ინვესტორებსა და კომპანიებს ქვეყანაში შესვლის, გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობის მიღებისა და ქართულ კომპანიებთან პარტნიორობის დაწყების საშუალებას მისცემს. მეორეს მხრივ, ეს ქართული ბიზნესისთვისაც სასარგებლოა, რადგან უცხოური ინვესტორების შესვლით არა მხოლოდ მათი კაპიტალი შედის ქვეყანაში, არამედ მენეჯმენტის რესურსიც, რასაც საქართველოში სამუშაო ძალის ხარისხის ამაღლებაც მოჰყვება.

რა გესახებათ ყველაზე დიდ გამოწვევად საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად?

ჩემი აზრით, მთავრობამ უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ საკუთარი გზავნილი გაიტანოს ქვეყნის გარეთ. ჩვენ ამის გაკეთება ჩვენს თავზე ავიღეთ და ვთქვით, რომ ხალხმა უნდა გაიგოს, რომ საქართველოში დემოკრატია არ კლებულობს, ქვეყანა რუსეთისკენ არ მიდის. საქართველომ ბოლო ერთი წლის მანძილზე ბევრი რამ გააკეთა საკანონმდებლო ბაზის ევროკავშირის ქვეყნებთან ჰარმონიზაციის მიზნით. მაგალითად საქართველოს შრომის კანონი, კონკურენციის კანონი, ადამიანის უფლებების დაცვა და კიდევ რამენიმე სხვა ევროპასთან უფრო მიახლოებულია, რაც დაგვეხმარება ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დასადებად. ეს, მოგეხსენებათ, ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ხელშეკრულებებით ბიზნესებისთვის იქმნება თანასწორუფლებიანი თამაშის წესები. ჩვენ, როგორც ბიზნეს ასოციაციას არ გვსურს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე მიღწეული პროგრესის შეტრიალება. ძალიან მნიშვნელოვანია ხალხმა იცოდეს, რომ ამ ეტაპზე ეს არ ხდება. უბრალოდ ყველაფერს დრო სჭირდება. ვიცი საქართველოში, ადგილობრივი ბიზნესები მოუთმენლად ელიან ზოგიერთი პროექტის დაწყებას და მომავალ წელს ჩემი აზრით, ეს პროექტები ამერიკულ და სხვა უცხოურ ინვესტორებსაც მოიზიდავს.

საქართველოს ხელისუფლებას სურს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა მჭიდროდ დაუკავშიროს კერძო ბიზნესის განვითარებას. რამდენად რეალურია ამ მიზნის განხორციელება და რა ვადებში შეიძლება ველოდეთ ხელჩასაკიდი შედეგების დანახვას?

ჩემი აზრით, კერძო სექტორი ეკონომიკის მამოძრავებელი ძირირთადი ძალა უნდა იყოს. მაგრამ, ამასთან ერთად, ეს პროცესი მთავრობასა და კერძო სექტორს შორის წარმატებული პარტნიორობის შედეგია. მთავრობამ საკუთარი საქმე უნდა გააკეთოს ბიზნესის მხარდასაჭერად და კერძო სექტორმა საკუთარი საქმე უნდა აკეთოს პროცესში მონაწილეობის მისაღებად. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე საჭიროა მთავრობის მიერ პროცესის სტიმულირება. ამ ეტაპზე, ის რაზეც ხელისუფლება ლაპარაკობს, ინფრასტრუქტურის პროექტები, რომლებიც დაგეგმილია და რომლებიც იმედია განხორციელდება, ქვეყანაში შექმნის სამუშაო ადგილებს. ფონდი, რომელიც ახლახან გაიხსნა საქართველოში ფინანსურ კაპიტალზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს როგორც ქართული, ასევე უცხოური კომპანიებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფონდია, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ და გავიგოთ ის, რომ ეს კერძო ფონდია. საბოლოო ჯამში კერძო სექტორმა უნდა წაიყვანოს ეკონომიკა და მთავრობამ ამას ხელი უნდა შეუწყოს.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG