ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

Covid-19: საქართველო 1 მსოფლიოში გავრცელებით, მე-11 სიკვდილიანობით


14 დეკემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში კოვიდით 1839 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველო კორონავირუსის 191063 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევით, საიდანაც დაახლოებით 27 000-დან - 30 000-მდე აქტიური შემთხვევაა, კვლავ რჩება მსოფლიოში ლიდერად, ყოველ 100 000 მოსახლეზე, კოვიდ-19-ის გავრცელების მაჩვენებლით.

გავლენიანი ამერიკული გამოცემის ნიუ იორკ თაიმსის კოვიდ რუქის მიხედვით, მსოფლიოში, კოვიდის გავრცელების კუთხით, პირველ ათ ქვეყანას შორის, საქართველოს მოსდევს - სერბეთი, ლიტვა, ხორვატია, ლუქსემბურგი, მონტენეგრო, სლოვენია, ამერიკის შეერთებული შტატები, სან მარინო და შვედეთი.

ამავე დროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შეფასებით, რომელიც პრევალენტობის კვლევის წინასწარ შედეგებს ეყრდნობა, საქართველოში კოვიდ ინფიცირებულთა რიცხვი ამ დროისთვუს, უკვე ნახევარ მილიონ ადამიანს უნდა აღემატებოდეს ანუ ქვეყნის მოსახლეობის 15% ინფიცირებულია. ეს ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გაავრცელა:

დღეს სადღაც 15%-მდე მოსახლეობის უნდა იყოს ინფიცირებული უკვე, ანუ, თუ დღეს ინფიცირებულია ოფიციალურად 191 ათასი ადამიანი, რომელიც ლაბორატორიულადაა დადასტურებული, დაახლოებით, სულ მცირე, 2-ზე, 2.5-ზე უნდა გაამრავლოთ
ამირან გამყრელიძე, NCDC-ის ხელმძღვანელი


“იანვრის დასაწყისში იქნება სეროპრევალენტობის კვლევა, რომელიც 6 000 ადამიანზე ხორციელდება ქვეყანაში, ანუ ვიკვლევთ ანტისხეულებს, რომლებიც მიუთითებს, ვის აქვს გადატანილი ინფექცია. შემთხვევით შერჩეულ 6 ათას ადამიანს უტარდება ეს კვლევა.

ამავე დროს იცით, ჩვენ ვეყრდნობით ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის სიეტლის უნივერსიტეტის მონაცემებს ბევრ პროგნოზირებაში და, მათი მონაცემებით, დღეს სადღაც 15%-მდე მოსახლეობის უნდა იყოს ინფიცირებული უკვე, ანუ, თუ დღეს ინფიცირებულია ოფიციალურად 191 ათასი ადამიანი, რომელიც ლაბორატორიულადაა დადასტურებული, დაახლოებით, სულ მცირე, 2-ზე, 2.5-ზე უნდა გაამრავლოთ” – აღნიშნა გამყრელიძემ.

ლიდერები კოვიდით სიკვდილიანობის მაჩვენებლით
ლიდერები კოვიდით სიკვდილიანობის მაჩვენებლით

ყოველ 100 000 მოსახლეზე კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვით მსოფლიოში პირველ ადგილზე სლოვენიაა, ათეულში ასევე არიან: ბულგარეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ხორვატია, უნგრეთი, ჩრდილო მაკედონია, სან მარინო, ლიხტენშტეინი, მონტენეგრო და ლუქსემბურგი. საქართველო ამ სიაში ჯერჯერობით მეთერთმეტეა.

გასულ კვირას, ქვეყანაში, 24 საათის განმავლობაში გარდაცვლილთა რიცხვმა პირველად მიაღწია კრიტიკულ ნიშნულს - 50-ს, ეს 11 დეკემბერს მოხდა, 13 დეკემბერს კი საქართველოს მასშტაბით 49 პაციენტი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი უახლოეს ორ კვირაში კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობის მკვეთრ ზრდას პროგნოზირებს. ამირან გამყრელიძე ამბობს:

მომავალი ორი კვირის განმავლობაში სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა გვექნება, რადგან საკმაოდ დიდი რაოდენობა ადამიანებისა არიან კრიტიკულ მდგომარეობაში


„მომავალი ორი კვირის განმავლობაში სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა გვექნება, რადგან საკმაოდ დიდი რაოდენობა ადამიანებისა არიან კრიტიკულ მდგომარეობაში. 400-მდე პირია ხელოვნურ ვენტილაციაზე, რომლებიც არიან კრიტიკულად მძიმე. ყველაფერი კეთდება მათი სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ როგორც სტატისტიკიდან ხედავთ, სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს სიკვდილიანობის ზრდა.

ეს მოსალოდნელი იყო. სიკვდილიანობა, ანუ ორი-სამი კვრის შემდეგ ვლინდება ხოლმე სიკვდილიანობის ზრდა. დღევანდელი მაჩვენებელი- გარდაცვალების 49 შემთხვევა საკმაოდ მაღალია, 29 არის ჩვენთვის აბსოლუტურ რაოდენობაში ის მაჩვენებელი, როცა შემზღუდველი ღონისძიებები აუცილებელია ქვეყანაში, რაც დღეს ტარდება. ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ შემზღუდველი ღონისძიებების შემსუბუქების პოლიტიკასთან დაკავშირებით“ - განაცხადა NCDC-ის ხელმძღვანელმა.

14 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით 1839 ადამიანია გარდაცვლილი, ნიშანდობლივია, რომ 98% ანუ 1800 გარდაცვლილი ოქტომბერ-ნოემბერ-დეკემბერზე მოდის. ანუ იმ პერიოდზე, რომელმაც წინასაარჩენო კამპანია, საპარლამენტო არჩევნები და საპროტესტო გამოსვლები მოიცვა. მიმდინარე კვირას, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი პირველად 2000-ს გადააჭარბებს, რაც ჯანდაცვის ექსპერტების შეფასებით, ძალიან საგანგაშო ნიშნულია.

XS
SM
MD
LG