ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლკოვნიკ ოსორაულის ბედი ისევ გაურკვეველია


იოსებ ოსორაული ტყვეობაში, ფოტო გადაღებულია 2017 წლის თებერვალ-მარტში

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (კდრ), საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი მფრინავის, თადარიგის პოლკოვნიკის იოსებ ოსორაულის დატყვევებიდან 208 დღე გავიდა.

17 აგვისტოს ქართველი მფრინავის დაბადების დღე იყო, თუმცა უცნობია, ოსორაულს 42 წელი შეუსრულდა თუ… შეუსრულდებოდა. მთავარ კითხვაზე - ცოცხალია თუ არა ქართველი პოლკოვნიკი, დადასტურებული პასუხი ისევ არ არსებობს.

ოსორაული ტყვედ 2017 წლის 27 იანვარს კდრ-ის მეამბოხეთა მოძრაობა „23 მარტის“ (M23) მებრძოლებს ჩაუვარდა ხელში. მეამბოხეთა "პრეზიდენტი" ბერტანდ ბისიმვა, რომელიც მეოთხე წლია მეზობელ უგანდას აფარებს თავს, ამტკიცებს, რომ პოლკოვნიკი გარდაცვლილია.

"23 მარტის" პრეზიდენტი ბერტანდ ბისიმვა ამტკიცებს, რომ იოსებ ოსორაული დაიღუპა
"23 მარტის" პრეზიდენტი ბერტანდ ბისიმვა ამტკიცებს, რომ იოსებ ოსორაული დაიღუპა

ბისიმვას განცხადებით, „23 მარტი“ მზად იყო ტყვედ ჩავარდნილი ქართველი მფრინავი საქართველოს ხელისუფლებისთვის ყოველგვარი გამოსასყიდის გარეშე გადაეცა, ერთადერთი პირობით, რომ ოფიციალური თბილისი საკუთარ მოქალაქეებს, ყოფილ სამხედროებს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში სამსახურს აუკრძალავდა, თუმცა, ამის გაკეთება არ დასცალდა.

მეამბოხეთა ლიდერი ამბობს, რომ 2017 წლის 13 მაისს, კონგოს სამთავრობო ძალებსა და მეამბოხეების იმ რაზმს შორის, რომელსაც ქართველი პოლკოვნიკი დატყვევებული ჰყავდა შეტაკება მოხდა, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, იოსებ ოსორაულიც დაიღუპა. ანალოგიურ ინფორმაციას ფლობს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაეროს მისიაც.

საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც აფრიკულ წყაროებზე დაყრდნობით, პოლკოვნიკი ოსორაული გარდაცვლილად ივნისის დასაწყისში გამოაცხადა, სიტუაციის საბოლოო გარკვევამდე (შესაძლო, სამარხის აღმოჩენამდე) ცდილობს შეფასებებში კატეგორიული აღარ იყოს. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ბექა დვალი კერძოდ ამბობს:

ყოველდღიური, რეგულარული კომუნიკაცია გვაქვს: კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებასთან, კინშასაში გაეროს სტაბილიზაციის მისიასთან და წითელი ჯვრის კომიტეტთან. ძალისხმევას არ ვიშურებთ რომ იოსებ ოსორაულის ბედი საბოლოოდ გაირკვეს“
ბექა დვალი, საქართველოს ელჩი სამხრეთ აფრიკაში

„საელჩო საგარეო საქმეთა მინისტრის უშუალო დავალებით, აქტიურ ძალისხმევას აგრძელებს, რათა საბოლოოდ გაირკვეს ჩვენი თანამემამულის ბედი.

ყოველდღიური, რეგულარული კომუნიკაცია გვაქვს: კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებასთან, კინშასაში გაეროს სტაბილიზაციის მისიასთან და წითელი ჯვრის კომიტეტთან. ძალისხმევას არ ვიშურებთ რომ იოსებ ოსორაულის ბედი საბოლოოდ გაირკვეს.“

კდრ-ის შეირაღებული ძალების სამხედრო შვეულმფრენი MI-24 (რეგისტრაციის ნომერი 9T-HM 12), რომელსაც აფრიკის ამ ქვეყანაში კონტრაქტით მომუშავე იოსებ ოსორაული მართავდა, 2017 წლის 27 იანვარს, ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში მთიან მასივში ჩამოვარდა.

იმავე დღეს, იმავე ტერიტორიაზე, კატასტროფა მეორე MI-24-აც (რეგისტრაციის ნომერი 9T-HM 11) განიცადა, რომლიც პილოტიც ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი მფრინავი ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი იყო.

ორივე სამხედრო ვეტმფრენის ამოცანა, რომლებიც ქალაქ გომას აეროდრომიდან აფრინდნენ, მეზობელი უგანდიდან კდრ-ის საზღვრებში შემოღწეული „23 მარტის მოძრაობის“ მეამბოხეთა რაზმის აღმოჩენა და განადგურება იყო.

ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი და იოსებ ოსორაული კონგოს არმიის MI-24V-თან გომას აეროპორტში
ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი და იოსებ ოსორაული კონგოს არმიის MI-24V-თან გომას აეროპორტში

კდრ-ის თავდაცვის სამინისტრო თავდაპირველად ირწმუნებოდა, რომ ორივე ვერტმფრენმა კატასტროფა „უამინდობის გამო“ განიცადა, თუმცა, საბოლოოდ გაირკვა, რომ კონგოს არმიის საჰაერო ძალების კუთვნილი სამხედრო შვეულმფრენები „23 მარტის“ მეამბოხეებმა ჩამოაგდეს.

2017 წლის 27 იანვარს, ავიაკატასტროფის შეედეგად, დაშავებული მფრინავის ვიაჩესლავ პლუჟნიკოვის და კიდევ რამდენიმე კონგოელი სამხედროს ევაკუაცია ადგილიდან დროულად მოხდა, ადგილზე დაიღუპა ერთი კონგოელი პოლკოვნიკი, იოსებ ოსორაული კი მეამბოხეებმა ტყვედ აიყვანეს.

თებერვალსა და მარტში, დატყვევებულ ქართველ პოლკოვნიკს აფრიკიდან საქართველოში, ოჯახში დარეკვის საშუალება რამდენჯერმე მისცეს. იმავე პერიოდში, ოსორაულებმა კონგოდან ქართველი მფრინავის ტყვეობის ამსახველი რამდენიმე ფოტო და ვიდეოც მიიღეს, იყო საუბარი გამოსასყიდზე - 1 მილიონ დოლარსა და სხვა მოთხოვნებზე, მაისში კი კავშირი საბოლოოდ გაწყდა.

„23 მარტის“ მოძრაობის პრეზიდენტის განცხადების მიუხედავად, ოსორაულების ოჯახი და თანამებრძოლების დიდი ნაწილი, ამ დრომდე, კატეგორიულად არ ენდობა კონგოდან გავრცელებულ ინფორმაციას, რომ იოსებ ოსორაული ცოცხალი აღარ არის.

ბერტანდ ბისიმვას ინფორმაციას უარყოფენ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალებში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეებიც, თუ რა ფაქტებს ეყრდნობიან, ამაზე კომენტარის გაკეთება მათ არ სურთ. პოლკოვნიკის ნათესავი ქვემო ალვანელი გელა მოურავიძე ამბობს

ვერ ვენდობი ამ ინფორმაციას, ასე მგონია რომ კონგოდან არასწორი მიაწოდეს ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მაგათაც გადაუმოწმებლად გაავრცელეს. ადგილზე კონგოში, არსებობს სხვა ინფორმაციაც, რომ სოსო ცოცხალია და უკვე რამდენიმე ადგილი შეუცვალეს, ამბობენ მეზობელ ქვეყანაში გადაიყვანესო"
გელა მოურავიძე, იოსებ ოსორაულის ნათესავი

„ვერ ვენდობი ამ ინფორმაციას, მე ასე მგონია რომ კონგოდან არასწორი მიაწოდეს ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მაგათაც გადაუმოწმებლად გაავრცელეს.

ადგილზე კონგოში, არსებობს სხვა ინფორმაციაც, რომ სოსო ცოცხალია და უკვე რამდენიმე ადგილი შეუცვალეს,ამბობენ მეზობელ ქვეყანაში გადაიყვანესო. ამიტომ ვითხოვთ, ბოლოს და ბოლოს გაგვაგებინონ, სად და როგორ იმყოფება.“

საქართველოს კანონმდებლობით, იმ შემთხვევაში თუ პირის ადგილსამყოფელი უცნობია და იგი ორი წლის განმავლობაში თავის საცხოვრებელი ადგილას არ გამოჩენილა, სასამართლოს შეუძლია ეს პირი უგზო–უკვლოდ დაკარგულად გამოაცხადოს.

პირის გარდაცვლილად აღიარება ასევე სასამართლოს გზით ხდება, იმ შემთხვევაში თუ „პირი თავის საცხოვრებელ ადგილას ხუთი წლის განმავლობაში არ გამოჩენილა და ცნობები მისი ადგილსამყოფელის შესახებ არ მოიპოვება“;

ასევე, თუ „პირი უგზო–უკვლოდ დაიკარგა ისეთ ვითარებაში, რომელიც მას სიკვდილს უქადდა ან სავარაუდოა მისი დაღუპვა რაიმე უბედური შემთხვევის გამო და ასეთი ცნობები ექვსი თვის განმავლობაში არ მოიპოვება.“

სამხედრო მოსამსახურე ან სხვა პირი, რომელიც საომარ მოქმედებასთან დაკავშირებით უგზო–უკვლოდ დაიკარგა, კანონის მიხედვით, „გარდაცვლილად შეიძლება გამოცხადდეს მხოლოდ საომარი მოქმედების დასრულების დღიდან ორი წლის შემდეგ“.

იოსებ ოსორაული საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამსახურისას
იოსებ ოსორაული საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამსახურისას

Facebook Forum

XS
SM
MD
LG