ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგოს ქართველი ტყვე: ცოცხალია თუ არა პოლკოვნიკი ოსორაული?


მფრინავი იოსებ ოსორაული ტყვეობაში, სავარაუდოდ, გადაღებულია 2017 წლის თებერვალ-მარტში
მფრინავი იოსებ ოსორაული ტყვეობაში, სავარაუდოდ, გადაღებულია 2017 წლის თებერვალ-მარტში

ცოცხალია თუ არა თადარიგის პოლკოვნიკი იოსებ ოსორაული? - ეს არის მთავარი შეკითხვა ქართველი მფრინავის დატყვევებიდან 131-ე დღეს.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტით მომუშავე ოსორაულის სამხედრო შვეულმფრენმა MI-24-მა, ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში კატასტროფა 2017 წლის 27 იანვარს განიცადა, რის შემდეგაც, ქართველი პოლკოვნიკი „23 მარტის მოძრაობის“ (M 23) მეამბოხეებს ჩაუვარდა ხელში.

აფრიკული წყაროების ცნობით, M 23-ის დაჯგუფება ქართველი მფრინავის განთავისუფლების სანაცვლოდ მილიონ აშშ დოლარს და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ციხეებიდან საკუთარი წევრების გაშვებას ითხოვდა.

იოსებ ოსორაული ტყვეობაში, გადაღებულია 2017 წლის თებერვალ-მარტში
იოსებ ოსორაული ტყვეობაში, გადაღებულია 2017 წლის თებერვალ-მარტში

მეამბოხეებთან პირდაპირი კავშირის დამყარება შეძლო საქართველოს საელჩომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, რომელიც კონგოსაც ფარავს. ელჩი ბექა დვალი პირადად ჩავიდა კონგოს დედაქალაქ კინშასაში და M 23-ის წარმომადგენლებსაც შეხვდა. მოლაპარაკების დეტალებზე ელჩი არ საუბრობს, თუმცა კატეგორიულად უარყოფს, რომ შეხვედრა გამოსასყიდის ოდენობას შეეხებოდა.

სიტუცია უკიდურესად გართულდა 2017 წლის მაისის შუა რიცხვებში, როცა კონგოს არმიასა და M 23-ის დაჯგუფებას შორის ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში რამდენიმე შეტაკება მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ამის შემდეგ კინშასადან მოვიდა ცნობა, რომ დატყვევებული იოსებ ოსორაულის კვალი დაიკარგა და ის შესაძლოა, დაღუპულთა შორის იყოს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე დადასტურებით ვერ ამბობს ცოცხალია თუ არა პოლკოვნიკი ოსორაული. საქართველოს ელჩი სამხრეთ აფრიკაში ბექა დვალი კერძოდ აცხადებს:

ამ დროისთვის ინფორმაცია რაც მაისის ბოლოს გაჟღერდა, რომ იოსებ ოსორაული შესაძლოა დაღუპული იყოს, ისევ ძალაშია, თუმცა ხდება ამ ამბის მაქსიმალური გადამოწმება-ვერიფიცირება. ამავე დროს, თუ ვინმე ფლობს ჩვენგან განსხვავებულ სარწმუნო ინფორმაციას, საგარეო უწყება მზად არის ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ დროს მოუსმინოს“
ბექა დვალი, საქართველოს ელჩი სამხრეთ აფრიკაში

„საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან გავრცელდა ის ინფორმაცია რაც ჩვენ პირველწყაროდან ანუ იმ დაჯგუფებიდან მივიღეთ, ვის ხელშიც იმყოფებოდა ჩვენი თანამემამულე. მათ გვაცნობეს, რომ მოხდა შეტაკება და ბრძოლის შემდეგ, ქართველი მფრინავის კვალი დაიკარგა.

ამასთან, ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ ამ ინფორმაციას ვამოწმებთ, თუმცა სრული უპასუხისმგებლობა იქნებოდა ეს ინფორმაცია ოჯახისა და საზოგადოებისთვის საგარეო უწყებას დაემალა.

დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენ ვაგრძელებთ, გაეროსთან, წითელ ჯვართან, კონგოს ხელისუფლებასთან, M 23-ის დაჯგუფებასთან, ყველა შესაძლო მხარესთან კომუნიკაციას, რომ საბოლოოდ გაირკვეს საქართველოს მოქალაქის ბედი.

ამ დროისთვის, ინფორმაცია, რაც მაისის ბოლოს გაჟღერდა, რომ ოსორაული შესაძლოა დაღუპული იყოს, ისევ ძალაშია, თუმცა ხდება ამ ამბის მაქსიმალური გადამოწმება-ვერიფიცირება. ამავე დროს, თუ ვინმე ფლობს ჩვენგან განსხვავებულ სარწმუნო ინფორმაციას, საგარეო უწყება მზად არის ნებისმიერ ადამიანს, ნებიესმიერ დროს მოუსმინოს.“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან განსხავებული ინფორმაცია აქვს, იოსებ ოსორაულის ოჯახს. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში დასაქმებულ სხვა ქართველ მფრინავებზე დაყრდობით, დატყვევებულის ოჯახი ამტკიცებს, რომ პოლკოვნიკი ცოცხალია.

ოსორაულები ხელისუფლებას მოუწოდებენ უფრო გააქტიურდეს და დროულად გადაიხადოს M 23 დაჯგუფების მიერ მოთხოვნილი გამოსასყიდი. ამ მოთხოვნას მხარს უჭერს, ოსორაულების მშობლიური სოფლის ქვემო ალვანის მოსახლეობა, რომელმაც მაისის ბოლოს, ახმეტის ცენტრში უკვე გამართა საპროტესტო აქცია და ახლა უკვე, დედაქალაქში ჩამოსვლას გეგმავს.

ოჯახის ინფორმაციით, დატყვევებული მფრინავი უკვე აღარ იმყოფება კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე. მათი თქმით, M23-დაჯგუფების წევრებმა ოსოარული ჯერ მეზობელ რუანდაში, შემდეგ კი უგანდაში გადაიყვანეს.

პოლკოვნიკი ოსორაული კონგოში დატყვევებამდე
პოლკოვნიკი ოსორაული კონგოში დატყვევებამდე

ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში მდებარე ვირუნგას მთათა მასივი, სადაც ოსორაულის MI-24-მა კატასტროფა განიცადა, სწორედ კონგოს, რუანდასა და უგანდას სახელმწიფო საზღვარს კვეთს. თუმცა, რამდენად სარწმუნოა კონგოდან ოჯახის მიერ მიღებული ინფორმაცია, უცნობია.

2017 წლის თებერვალსა და მარტში, ოსორაულებმა M 23 დაჯგუფებიდან ქართველი მფრინავის ტყვეობის ამსახველი რამდენიმე ფოტო და ვიდეო მასალი მიიღეს. ერთ-ერთ ვიდეოში პოლკოვნიკი ოსორაული ამბობს, კონგოელი მეამბოხეების მიერ მისთვის წაყენებული ბრალდება უსაფუძვლოა:

ჩემზე ამბობენ ვიღაცეები ჩახოცაო, მე მაბრალებენ. არ დაიჯეროთ, გთხოვთ, მე არავინ ჩამიხოცავს. ძალიან მენატრებით, დედა არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება, კაი ბალღები დაზარდე, კარგად გაზარდე ჩემი შვილები. ძალიან მიყვარხართ.“
იოსებ ოსორაულის ვიდეომიმართვიდან, სავარაუდოდ ჩაწერილია 2017 წლის თებერვალ-მარტში

„ჩემზე ამბობენ ვიღაცეები ჩახოცაო, მე მაბრალებენ. არ დაიჯეროთ, გთხოვთ, მე არავინ ჩამიხოცავს. ძალიან მენატრებით, დედა არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება, კაი ბალღები დაზარდე, კარგად გაზარდე ჩემი შვილები. ძალიან მიყვარხართ.“

თადარიგის პოლკოვნიკი 41 წლის იოსებ ოსორაული საქართველოს შეიარაღებული ძალების შერეული საავიაციო ესკადრილიის ყოფილი მეთაურია. 2010 წელს, სამხედრო-საჰაერო ძალების გაუქმების შემდეგ, მან შეიარაღებული ძალები დატოვა და სამუშაოდ კონგოში წავიდა, სადაც იმ დროისთვის რამდენიმე ქართველი მფრონავი უკვე მსახურობდა.

2014 წელს, მცირე ხნით, ოსორაული საქართველოს არმიაში დაბრუნდა, თუმცა 2015 წლის მარტში, კვლავ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების მფრინავი გახდა.

პოლკოვნიკი ოსორაული 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეა, მისმა გაბედულმა მოქმედებამ 11 აგვისტოს მეორე ქვეითი ბრიგადის ათეულობით ჯარისკაცს შეუნარჩუნა სიცოცხლე. სამშობლოში იოსებ ოსორაულს მეუღლე და ოთხი შვილი ელოდება.

თუ დადასტურდა, რომ იოსებ ოსორაული ნამდვილად ცოცხალია, მისი დახსნა ტყვეობიდან რთული და ხანგრძლივი პროცესი იქნება: 2010 წლის 8 სექტემბერს, სომალელმა მეკობრეებმა 12 ქართველი მეზღვაური დაატყვევეს, რომელთა განთავისუფლება მხოლოდ, 489 დღის შემდეგ, 2012 წლის 12 იანვარს მოხერხდა, სამი მილიონი დოლარის გადახდის შემდეგ.

2003 წლის თებერვალში კი 225 დღიანი ტყვეობის შემდეგ, ბერძნული გემის „ჯენლილის“ ქართულმა ექსკაციანმა ეკიპაჟმა თავს უპრეცედენტო გაქცევით უშველა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG