ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაზპრომთან დადებული ხელშეკრულებით საქართველომ დაკარგა პოზიცია, რასაც ის წლების განმავლობაში ინარჩუნებდა. ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის უდიდესი ნაწილი მიიჩნევს, რომ ესაა უკან გადადგმული ნაბიჯი და კიდევ ერთი მაჩვენებელი რუსული ლობის სიძლიერისა. საქართველოს მთავრობის წევრების რიტორიკაში კრიტიკა რუსეთის მიმართ არ იკითხება. ანალოგიური შეგვიძლია დავინახოთ საერთაშორისო ასპარეზზეც, როდესაც საქართველო თავს იკავებს და ცდილობს არ გამოჩნდეს რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციის თუ სანქციების მხარდამჭერად. რა სიკეთე მოაქვს ასეთ დამოკიდებულებას ქვეყნისთვის, ამის გარკვევით ამერიკის ხმა დაინტერესდა.

საქართველოს განვითარების ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს მხრიდან რიტორიკის შერბილებას რუსეთის მიმართ ადგილი აქვს, თუმცა ამგვარი დამოკიდებულების კონვერტაცია რაიმე სახის პრაქტიკულ სარგებელში არ აისახება. „თუ წინა ხელისუფლება ცდილობდა მუდმივად ყოფილიყო რუსეთ–დასავლეთის დაპირისპირების წინა ხაზზე და ამაში ეძებდა თავის პოლიტიკურ ფუნქციას და ასეთ შეთავაზებას აკეთებდა დანარჩენი სამყაროსთვის, დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს, რომ ამ ტიპის რისკებს არ დაექვემდებაროს. უფრო თავშეკავებულია ამ მხრივ. რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს, ამ თვალსაზრისით არაფერი არ შეცვლილა. განვითარების გაცხადებული ვექტორი უცვლელია, ის სტრატეგიული ორიენტირები, რასაც ჰქვია ევროკავშირი, ევრო–ატლანტიკური სივრცე, უცვლელად დარჩა. შინაარსი არ შეცვლილა, თუმცა მოქმედებების ტაქტიკით, ურთიერთდამოკიდებულების ტაქტიკით განსხვავება საკმაოდ დიდია. მე პირადად ამას არ მივიჩნევ დათმობად. მე ვთვლი, რომ ამით, შესაძლოა ვერაფერს ვერ ვიღებთ, მაგრამ რისკებს ვიშორებთ თავიდან,“– ამბობს გია ხუხაშვილი.

ის ახლანდელი და ყოფილი ხელისუფლების მიერ წარმოებულ პოლიტიკას მკვეთრად მიჯნავს და არსებულ პოლიტიკას რაციონალურად მიიჩნევს: „ვიცით ჩვენ რუსეთის დამოკიდებულება, ის არ არის ყოველთვის რაციონალური და როდესაც შენ მუდმივად ცდილობ,თვალში გაეჩხირო, ის რაღაც ზომებს იღებ ამ დროს. სააკაშვილის დროს, მაგალითად ამას არ ჰქონდა არანაირი პოლიტიკური მიზანი. საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღეთ კონკრეტული პრობლემები. დღევანდელი პოლიტიკა ამ მხრივ უფრო პრაგმატულია. პრობლემა ის კი არაა ჩვენ რას მივიღებთ, არამედ ის, ჩვენ რა შეიძლება დავკარგოთ იმ შემთხვევაში, თუ მუდმივად ფრონტის წინა ხაზზე ვიქნებით. თვითონ ფრონტის წინა ხაზზე ყოფნის კაპიტალიზაცია დასავლეთის თვალში, ეს პოლიტიკის ძალიან მიამიტი გაგება იყო. თუ შენ ამას აკეთებ, მაშინ ზუსტად, წინასწარ უნდა გქონდეს გარანტიები, რომ ამის სანაცვლოდ რაღაცას ვიღაც მოგცემს. საკუთარი ინიციატივით და ენთუზიაზმით ამას არ უნდა აკეთებდე. კი ბატონო, შეიძლება რისკების გაწევა მაშინ, თუ შენ ამით რაღაცას იგებ. ასე არ ხდება ჩვენს შემთხვევაში, ამიტომ რა გვრჯის, რომ მუდმივად წინა ხაზზე ვიყოთ.“

იზრდება თუ არა რუსეთზე ბმის კოეფიციენტი, ამის შესახებ საქართველოს მთავრობის წევრები ნაკლებს საუბრობენ. მათი მხრიდან მუდმივად ფიქსირდება, რომ საქართველოს დასავლური კურსი უცვლელია, თუმცა პრაქტიკული თვალსაზრისით გადადგმული ნაბიჯები რუსული კომპონენტის ზრდაზე მეტყველებს. ამის ცალსახა და ყველაზე მყვირალა მაგალითი „გაზპრომთან“ გაფორმებული ახალი ხელშეკრულებაა. გუშინ კანცელარიის წინ გაზპრომთან დადებული ხელშეკრულების გამო საპროტესტო აქციაც გაიმართა. ენერგეტიკის მინისტრი კალაძე კი მიიჩნევს, რომ რუსულ სახელმწიფო კომპანიასთან ხელშეკრულების პირობების შეცვლით, არაფერი იცვლება: „ამ მოლაპარაკებებით ჩვენ შევინარჩუნეთ ენერგო–დამოუკიდებლობის იგივე ხარისხი, ქვეყნის სატრანზიტო ფუქნცია რეგიონში და სტაბილური განვითარების შესაძლებლობა. შეიცვალა მხოლოდ გადახდის ფორმა. ისტერიისა და პოლიტიკური დემაგოგიის ნაწილია ის განცხადებები, რასაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ“.

შეშფოთების მიზეზი „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების ბუნდოვანებაცაა. მიუხედავად იმისა, რომ ენერგეტიკის მინისტრი უარყოფს, ცალსახაა, რომ სომხეთის მიმართულებით გატარებული აირის საკითხზე მოლაპარაკებებში რუსულ მხარესთან ქართული მხარე გამარჯვებული არ გამოვიდა. მან პოზიციები დათმო და უარეს ვარიანტზე დათანხმება მოუხდა. რა მიიღო, ან მიიღო თუ არა საერთოდ რამე რუსული მხარისგან საქართველომ სანაცვლოდ, ამის თაობაზე მთავრობის წარმომადგენლები არაფერს ამბობენ. გასული წლების გამოცდილებაზე დაყრდნობით კი შეიძლება ითქვას, რომ რუსეთმა არა მხოლოდ გასაიდუმლოებულად, არამედ ოფიციალურად და ღიად დადებული პირობებიც კი არ შეასრულა, რასაც 2011 წელს მოეწერა ხელი რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის საქართველოს თანხმობის სანაცვლოდ. ამ ხელშეკრულების თანახმად, რუსეთი იღებდა პირობას მიეცა შესაძლებლობა შვეიცარიული კომპანიისთვის აღერიცხა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გამავალი ტვირთები. ეს შეთანხმება დღემდე არ შესრულებულა. ქართული მხარე ამ საკითხზე საუბრისას მუდმივად აცხადებს, რომ თავად „მზადაა და ჯერი რუსულ მხარეზეა“. წელს უკვე „ჯერის“ მეექვსე წელია.

გასაიდუმლოებულია „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების პირობები, რაც კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს ბადებს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ამის თაობაზე სპეციალური წერილითაც მიმართა სამინისტროს. საია ხელშეკრულების პირობების გაცნობას ითხოვს. პასუხისთვის სამინისტროს 10 დღე აქვს.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG