ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო გზაჯვარედინზე: ექსპერტების დისკუსია


ვაშინგტონის მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტში (IWP), ამავე ასპირანტურის კურსდამთავრებულმა ბენჯამინ ფრიკმა წაიკითხა ლექცია სათაურით: „საქართველო ისტორიის გზაჯვარედინზე - გაურკვეველი მომავალი“, ბენჯამინ ფრიკი, კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული პროგრამის მეცნიერი თანამშრომელია და ამჟამად, ამ ორგანიზაციის თბილისის ოფისში მუშაობს.

საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას თუ შევხედავთ, დავინახავთ რომ ის კვლავ ძალიან გაურკვეველ ადგილზე იმყოფება.
ბენჯამინ ფრიკი

ლექციის თემა: საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომი პერიოდის განმავლობაში საქართველომ რას მიაღწია, რა ვერ შეძლო, რომელ გზაჯვარედინზე იმყოფება და არსებულ გეოპოლიტიკურ გარემოში როგორი არჩევანის გაკეთება მოუწევს.

ბენჯამინ ფრიკი:

„საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას თუ შევხედავთ, დავინახავთ რომ ის კვლავ ძალიან გაურკვეველ ადგილზე იმყოფება. გასულ წლებში, საქართველომ დიდი ცვლილებების გზა გამოიარა და ახლა იმ ისტორიული მონაკვეთის მიმოხილვა მინდა შემოგთავაზოთ, რომელმაც დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა“

ბენჯამინ ფრიკმა მიმოიხილა რეგიონის პოლიტიკური ვითარება და აღნიშნა, რომ საქართველოს რეგიონში გამორჩეული ადგილი უკავია.

„საქართველო რეგიონში თავისთავად ერთადერთი ადგილია, რომელმაც დასავლეთისთვის, ევროპისთვის კარი პოლიტიკურად გახსნა და ევროკავშირში გაერთიანებას აქტიურად ესწრაფვის. ის ამას უვიზო მიმოსვლის, სავაჭრო და განვითარების შეთანხმებების მეშვეობით აკეთებს, თუმცა ისეთ გეოგრაფიულ ადგილზეა, რომ რეგიონის პოლიტიკური ასპექტების გამო, საქართველოსთვის ამის განხორციელება საკმაოდ რთულია.“

ფრიკმა თქვა, რომ ყველა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ განვითარების საკუთარი გზა გაიარა, საქართველოში გატარებულმა რეფორმები კი ყველაზე ეფექტური აღმოჩნდა, თუმცა მოსახლეობისთვის ზოგიერთი რეფორმა საკმაოდ მტკივნეული იყო.

მისი აზრით, საქართველო, თავისი არსებით ევროპული ქვეყანაა

“შეერთებულმა შტატებმა და ასევე ცალკეულმა ევროპულმა ქვეყნებმა უნდა შეიმუშაონ სწორი საგარეო პოლიტიკა და ხაზგასმით აღნიშნონ, რომ საქართველო უნდა გახდეს ებრაულ-ქრისტიანული დასავლური საზოგადოების წევრი და ამ საზოგადოებაში დარჩეს. როდესაც საქართველოში იმყოფები, გრძნობ, რომ ის თავისი არსებით ევროპული ქვეყანაა, მას ბევრი სხვადასხვა დამახასიათებელი თვისება აქვს, მაგრამ ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნა სურს.

როდესაც საქართველოში იმყოფები, გრძნობ, რომ ის თავისი არსებით ევროპული ქვეყანაა.
ბენჯამინ ფრიკი

საქართველო, ეკონომიკური თუ სხვა ბერკეტების ზემოქმედების შედეგად, მთლიანად რუსეთის გავლენის სფეროში თუ მოექცევა, მომავლის პერსპექტივაში ჩვენ ამით საკუთარ თავს ვავნებთ...

...რა თქმა უნდა, ეს საქართველოს ეკონომიკურ და ენერგეტიკულ დამოკიდებულებაზე აისახება და სავარაუდოდ, ოკუპირებული ტერიტორიები მომავლისთვის დაიკარგება. არ ვიცი, ქართველები ამას როგორ ხედავენ, მაგრამ დასავლეთის ან შეერთებული შტატების მხარდაჭერით სამხედრო ძალის ჩარევა, მეტი ალბათობით არ მოხდება, საამისო ნება უბრალოდ არ არსებობს.”

მკვლევარი ფიქრობს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში, საქართველოს მთავრობა ე.წ. „მაგნიტის თეორიის“ გამოყენებით მოქმედებს

“საქართველოს პრეტენზია იმის შესახებ, რომ ოკუპირებული ტერიტორიები მის განუყოფელ ნაწილად რჩება, გადაჭრით უარყოფილი იქნება და მეტი ალბათობით, ეს ტერიტორიები მომავალში საქართველოს არ დაუბრუნდება, რადგან რუსეთის იქ ყოფნა სულ უფრო მასშტაბური ხდება. საქართველოს კი სამხედრო ძალა არ გააჩნია და სამხედრო ძალის გამოყენებით რამის გაკეთება გონივრულიც არ იქნებოდა. საქართველოს მთავრობის იმედი და მიდგომაც ე.წ. „მაგნიტის თეორიას“ ემყარება. იმ თეორიას, რომელიც გერმანიამ „ცივი ომის“ დროს გამოიყენა. როცა გერმანია გაყოფილი იყო, მათ კეთილდღეობა შექმნეს, შექმნეს ურთიერთდამოკიდებულებები და ამან კი ჩამოცილებული ტერიტორიები, ასე ვთქვათ, დედასამშობლოსკენ მიიზიდა. მე ვერ ვხედავ, რომ ახლა არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა ამ გზით წინსვლის საშუალებას იძლეოდეს.”

ბენჯამინ ფრიკს მიაჩნია, რომ საქართველოს სურვილის მიუხედავად, ქვეყნის ნატოში და ევროკავშირში გაერთიანება ამჟამად არ მოხდება

“ქართველებს ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის მტკიცედ სჯერათ. ჩემი გულწრფელი აზრია, რომ ამჟამად საქართველოს ნატოში ან ევროკავშირში შესვლა არარეალისტურია. ამის მიზეზი ნაწილობრივ გაჭიანურებული კონფლიქტებიცაა. გადაუჭრელი შინაური კონფლიქტებით და პრობლემებით ნატოს წევრი ვერავინ გახდება...

...თუმცა საქართველომ ევროპაში ვიზების გარეშე მიმოსვლის უფლებას მიაღწია. როდესაც თბილისში, ევროპის დროშის ფერებში მორთული „მშვიდობის ხიდი“ დავინახე, ძალიან გამიკვირდა, რადგან ვიგრძენი, რომ ეს რაღაც თვალისახვევის კამპანიაც იყო, რადგან დიახ, მათ შეუძლიათ ევროპაში წავიდნენ და თავისუფლად იმოგზაურონ, თუმცა რამე თუ მოხდება, არსებობს პირობა, რომლის მიხედვითაც უვიზო მიმისვლის წესი ადვილად გაუქმდება.”

ლექციას შეერთებულ შტატებში საქართველოს ყოფილი ელჩი დავით სიხარულიძეც ესწრებოდა, რომელიც ნატოში გაწევრიანების შესახებ ფრიკის მოსაზრებას არ დაეთანხმა და თქვა, რომ ორგანიზაციაში მიღება, არსებული ტერიტორიული პრობლემების პირობებშიც მომხდარა.

დავით სიხარულიძე: რაც შეეხება საქართველოს ნატოში გაერთიანებას. დიახ, მართალია, რომ საქართველოს ორი ტერიტორია რუსეთს აქვს ოკუპირებული, თუმცა საქართველოს ნატოსთან დაკავშირებულ მომავლის მიმართ ოპტიმისტური განწყობა მაქვს. ჩვენს ისტორიაში გვქონდა ვითარება, როცა ქვეყნის ნატოში მისაღებად, ოკუპირებული ტერიტორიის მიუხედავად, დიპლომატიური ან პოლიტიკური ფორმულა იქნა გამოყენებული, მაგალითად, გერმანიის შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ახლა იგივე ვითარება არ არის, მაგრამ, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, გარკვეული ფორმულის შემუშავება შესაძლებელია, თუნდაც საქართველოს ალიანსში მიღება შეთანხმების მეხუთე მუხლის დროებით გამოკლებით.

ლექციის დასასრულს, კითხვა -პასუხის სესიაზე, საქართველოსთან მიმართებით უსაფრთხოების და საერთაშორისო ვაჭრობასთან დაკავშირებული სხვა საკითხებიც გაჟღერდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG