ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

9 აპრილი, როგორც ერის ცოცხალი მეხსიერების ნაწილი


1989 წლის 9 აპრილი, ძერჟინსკის განსაკუთრებულ დავალებათა დივიზიის ჯარისკაცები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან

შეიძლებოდა თუ არა ამხელა მსხვერპლის თავიდან აცილება?!

საქართველომ დღეს 9 აპრილი აღნიშნა. ერთი დღე ორი დიდი ისტორიული კონტექსტით. 24 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილის საშინელი ტრაგედიიდან, როცა რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარის ელიტარულმა ნაწილებმა ნიჩბების, მხუთავი გაზისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაახლოებით 10 ათას კაციანი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია უსასტიკესად დაარბიეს

16 ადამიანი, ძირითადად ქალები ადგილზე დაიღუპა, 4 მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. მათგან სამი - ნათია ბაშალეიშვილი, ეკა ბეჟანიშვილი და თამრიკო ჭოველიძე მხოლოდ 16 წლის იყვნენ.
25 წლის გია ქარსელაძე კი თბილისში კომენდანტის საათის გამოცხადების შემდეგ კაპიტანმა ლოხინმა მოკლა. სულ 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით დაიჭრა, ათასობით კი მოიწამლა.

დღესვე, 22 წელი შესრულდა 1991 წლის 9 აპრილიდან, როდესაც უზენაესმა საბჭომ 12 საათსა და 30 წუთზე, საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდეგის ისტორიული აქტი მიიღო.

ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი ამბობს, რომ 9 აპრილი საქართველოსთვის ტრაგიკულ განზომილებასთან ერთად, დიდი ისტორიული მონაპოვარიც არის.

„9 აპრილმა ბევრად განსაზღვრა ის, რაც მოხდა საქართველოსა და რუსეთს შორის. და რჩება ფაქტორად, რომელიც დღემდე განსაზღვრავს ამ ურთიერთობებს. 9 აპრილი არის ჩვენი ცოცხალი მეხსიერების ნაწილი. ეს არ არის 26 მაისი, რომელიც არ არის ჩვენი ცოცხალი მეხსიერების ნაწილი. ეს არის ისტორიული თარიღი.

9 აპრილი კი არის ჩვენი ცოცხალი მეხსიერება და ამ თვალსაზრისით, სანამ არსებობს ეს ცოცხალი მეხსიერება, არსებობს ეს წყენა და დამოკიდებულება რუსეთის მიმართ.

ამავე დროს ის უკავშირდება, დამოუკიდებლობის დღეს, სწორედ 9 აპრილს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებელობის აღდგენა. თითქოს ამით მინიშნება კეთდებოდა, რომ იმაზე, რომ ამ დღეს აქვს არა მხოლოდ ტრაგიკული განზომილება, არამედ მას აქვს ეპიკური, ჰეროიკული განზომილებაც.“

1989 წლის 9 აპრილის მთავარი მოქმედი პირებიდან უმრავლესობა დღეს ცოცხალი აღარ არის, ნაწილი კი აქტიურ პოლიტიკას ჩამოშორდა. ტრაგედიიდან ექვს თვეში ავტოკატასროფაში დაიღუპა აპრილის აქციების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, ეროვნული მოძრაობის ლიდერი მერაბ კოსტავა, მასთან ერთად მძიმედ დაშავებული ზურაბ ჭავჭავაძე მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ზვიად გამსახურდია 1990 წლის ოქტომბერში უზენაესი საბჭოს თავჯდომარე გახდა , შემდეგ პრეზიდენტი. 1991 წლის 9 აპრილს სწორედ მისი ხელმძღვანელობით, უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. აქედან ათ თვეში, წითელი პუტჩის შედეგად გამსახურდია ქვეყნიდან გააძევეს, კანონიერი ხელისუფლების აღდგენის მიზნით უკან დაბრუნებულმა გამსახურდიამ 1993 წლის 31 დეკემბერს სოფელ ძველ ხიბულაში თავი მოიკლა.

1994 წლის 3 დეკემბერს თბილისში, საკუთარ სახლთან ჩაცხრილეს გიორგი ჭანტურია, რომელიც 9 აპრილის ტრადეგიის შემდეგ მცირე ხნით პატიმრობაში იყო.

საქართველო კომპარტიის მაშინდელმა პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი დღემდე აკისრებს პასუხისმგებლობას 9 აპრილს დაღვრილი სისხლის გამო, 1995 და 2000 წლებში ორჯერ სცადა საქართველოს პრეზიდენტად გახდომა, თუმცა ორჯერვე დამარცხდა ედუარდ შევარდნაძესთან, რომელსაც ტრაგედიის დროს საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეჭირა.

დღეს პატიაშვილიც და შევარდნაძეც აქტიურ პოლიტიკას ჩამოშორებულნი არიან. უცნობია რას საქმიანობს გივი გუმბარიძე, უშიშროების მაშინდელი თავჯდომარე, რომელმაც აპრილის ტრაგედიის შემდეგ პატიაშვილი შეცვალა, საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე კი საცხოვრებლად რუსეთს მიაშურა.

რაც შეეხება ბორის ნიკოლსკის, საქართველოს კომპარტიის მაშინდელ მეორე მდივანს, სისხლისღვრის შემდეგ ის დააწინაურეს და მოსკოვში გადაიყვანეს, 2001-2002 წლებში მოსკოვის ვიცე-მერიც იყო. ნიკოლსკი 2007 წელს გარდაიცვალა.

ჯალათებიდან ნომერი პირველი - გენერალი იგორ როდიონოვი ასევე დააწინაურეს, 1996-97 წლებში ის რუსეთის თავდაცვის მინისტრი გახდა, შემდეგ კი დუმის დეპუტატი გახდა. დღეს პენსიაზეა.

ისევე როგორც ნომერ მეორე ჯალათი საბჭოთა არმიის გენერალი 81 წლის კონსტანტინე კოჩეტოვი. მან საკუთარი სურვილით შესთავაზა საბჭოთა კავშირის თავდაცვის მაშინდელ მინისტრ დიმიტრი იაზოვს მიტინგის დარბევაში მონაწილეობა. პენსიაზეა 89 წლის მარშალი იაზოვიც.

უცნობია რა ბედი ეწია სადამსჯელო ოპერაციის უშუალო ხელმძღვანელს ძერჟინსკის დივიზიის პოდპოლკოვნიკ ალექსეი ბაკლანოვს. სობჩაკის კომისიის დასკვნით, ბაკლანოვმა ინდივიდუალურად მიიღო გადაწყვეტილება მიტინგის დარბევისას მხუთავი გაზი გამოეყენებინათ. თავად ანატოლი სობჩაკი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგის მერი გახდა, 2000 წელს კი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა.

9 აპრილის მიტინგის ორგანიზატორებიდან დღეს მხოლოდ ირაკლი წერეთელია ცოცხალი, რომელიც ამბობს

„ძალიან ადვილად შეიძლებოდა ჩვენი დაშლა, მაგრამ იქ ჩვენი დაშლა არ იყო მიზნად, იქ იყო ქართველი ერის დასჯა, იმიტომ რომ ქართველმა ერმა მოითხოვა თავისუფლება. აი, ამ ტრაგედიამ ძალიან დააჩქარა საქართველოში დამოუკიდბელობის იდეის გამარჯვება. გახადა ეს იდეა ისტორიულად შეუქცევადი და საყოველთაო.“

24 წლის შემდეგ ირაკლი წერეთელი შეცდომას უწოდებს იმას, რომ კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის მოწოდების შემდეგ - გადაენაცვლათ ქვაშვეთის ტაძართან და ელოცათ, მან ხალხს დარჩენისკენ მოუწოდა.

„რომ მცოდნოდა რომ ეს ყველაფერი სისხლისღვრით დასრულდებოდა, ალბათ გადაწყვეტილებას შევცვლიდი“ - ამბობს წერეთელი. ამასთან მას მიაჩნია, რომ პატრიარქის 24 წლის წინანდელი გამოსვლა გაურკვეველი იყო და ეს არ იყო მოწოდება მიტინგის დაშლისკენ.

შეიძლებოდა თუ არა ამხელა მსხვერპლის თავიდან აცილება?! რატომ არ დაუჯერეს 1989 წლის 9 აპრილის ღამეს კათოლიკოს პატრიარქს და დარბევის საფრთხე ასეთი აშკარა თუ იყო რატომ არ დარჩა საქართველოს ეკლესიის წინამძღოლი საკუთარ ხალხთან ერთად?! ამ კითხვებს აქტუალობა 24 წლის შემდეგაც არ დაუკარგავს.

თავად კათოლიკოს პატრიარქი წლევანდელი 9 აპრილისადმი მიძღვნილ სახელმწიფო და საეკლესიო ღონისძიებებში ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ მონაწილეობს, იგი სამკურნალოდ ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში იმყოფება.

XS
SM
MD
LG