ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თანამდებობისთვის 14 კანდიდატი იბრძოლებს. მათ შორის არიან: მცხეთა-მთიანეთის მხარის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე, რომელიც, 2016 წლის აგვისტომდე, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ტელეკომპანია GDS-ში მუშაობდა; სოციალური თოქ-შოუ „რეალური სივრცის" წამყვანი ნინო ზაუტაშვილი; რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ნათია კუპრაშვილი; ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე; რადიოების: „ჰერეთისა“ და „თბილისის“ დამფუძნებელი რამაზ სამხარაძე და სააგენტო „როიტერის“ ყოფილი კორესპოდენტი, მთავრობის პრესსამსახურის ყოფილი უფროსი ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

ეს თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 2016 წლის 21 ნოემბერს, გიორგი ბარათაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. ბარათაშვილი მაუწყებლის დირექტორად 2012 წლის დეკემბერში, 6 წლის ვადით აირჩიეს.

2013 წელს, სამეურვეო საბჭომ იგი ზედიზედ ორჯერ გადააყენა თანამდებობიდან, თუმცა, ბარათაშვილმა სასამართლოს მეშვეობით, ორჯერვე შეძლო უკან ამ პოზიციის დაბრუნება.

შესაბამისად, გაუგებარი დარჩა, რატომ აღარ ისურვა მან, 2018 წლამდე, უფლებამოსილების ამოწურვამდე მუშაობა. თავად გიორგი ბარათაშვილი ირწმუნება, რომ მისი გადაწყვეტილება პოლიტიკური ზეწოლის შედეგი არ არის:

ორი წელი მქონდა კიდე დარჩენილი, აქ, არაფერი პოლიტიკასთან დაკავშირებული არ არის. ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა“

„ორი წელი მქონდა კიდევ დარჩენილი, თუმცა, ვთვლი, რომ ამ ეტაპზე, ჩემი გადმოსახედიდან, საქმე გავაკეთე და საზოგადოებრივ მაუწყებელს სჭირდება ახალი სისხლი რომ ყველაფერი უკეთესად გაგრძელდეს. აქ, არაფერი პოლიტიკასთან დაკავშირებული არ არის. ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა.“

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, რომელიც 2004 წელს იქნა მიღებული, საზმაუს გენერალურ დირექტორს სამეურვეო საბჭო ირჩევს. კანონით, საზოგადოებრივ მაუწყებელს - 9 მეურვე ჰყავს, თუმცა, ამჟამად, ბორდში მხოლოდ 8 ადამიანია. პარლამენტი ამ დრომდე ვერ შეთანხმდა - მე-9 მეურვის კანდიდატურაზე. სამეურვეო საბჭოს 2014 წლის მაისიდან გრიგოლ გოგელია ხელმძღვანელობს, მისი მოადგილე - პოლიტოლოგი მარინა მუსხელიშვილია.

გენერალური დირექტორის არჩევა ორ ტურად გაიმართება. 2017 წლის 3 იანვარს გაირკვევა - 14 კანდიდატიდან ვინ გადავა მეორე ტურში. ხოლო, 6 იანვარს, მეორე ტურში გასული კანდიდატებიდან, კენჭისყრით ახალი დირექტორის არჩევა მოხდება.

ამჟამად, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელიც ორ ტელეარხს და რადიოს აერთიანებს, საერთო ჯამში, 1130 ადამიანი მუშაობს, აქედან, 232 ჟურნალისტია. „პირველი არხის“ საშუალო რეიტინგი „თი-ვი ემ-არ საქართველოს“ მონაცემებით, 4%-ის ფარგლებში მერყეობს. 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, საზმაუს დაფინანსება 41-დან 46 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თინათინ ბერძენიშვილი, რომელიც თავადაც მონაწილეობს კონკურსში, ამბობს:

შიგნიდან ადამიანი იქნება ძალიან კარგი. კანდიდატს ზუსტი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს აქ არსებულ სიტუაციაზე და პრობლემებზე, თავიდან ამ პროცესის გავლა აღარ უნდა მოუწიოს“

„ვთვლი, რომ შიგნიდან ადამიანი იქნება ძალიან კარგი, რადგან ზუსტად იცის ის გამოწვევები, პრობლემები, მათ შორის, იგივე საკანონმდებლო ხარვეზები, რომელსაც ყოველდღიურად ვაწყდებით. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რომ კანდიდატს ზუსტი წარმოდგენა ჰქონდეს ამ ყველაფერზე და თავიდან ამ პროცესის გავლა აღარ მოუწიოს.“

მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ფავორიტი „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ ბრძოლაში კი 58 წლის ვასილ მაღლაფერიძეა. ყოფილი სახელმწიფო მოხელე, ბოლო წლების მანძილზე, ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიებში მუშაობდა. მე-9 არხზე მას დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეჭირა. რეორგანიზაციის რეჟიმში მყოფი ტელევიზიიდან 2012 წლის ნოემბერში წამოვიდა. 2013 წლის აგვისტოში კი მე-9 არხი დაიხურა.

ვასილ მაღლაფერიძე მე-9 არხზე
ვასილ მაღლაფერიძე მე-9 არხზე

2014 წლის ნოემბრიდან, მაღლაფერიძე ტელეკომპანია GDS-ის საინფორმაციო გადაცემა 20/30-ის მთავარ პროდიუსერად მოგვევლინა. ამ გადაცემის, ერთ-ერთი თანაწამყვანი, თავად ივანიშვილი იყო. GDS ვასილ მაღლაფერიძემ 2016 წლის აგვისტოს ბოლოს დატოვა.

ტელეკომპანია GDS, „მაესტროსთან“ ერთად, ახლახანს, „ტელეიმედმა“ შეიძინა და ერთიანი ჰოლდინგის ჩამოყალიბება დაიწყო. საინფორმაციო-პოლიტიკური გადაცემები GDS-ზე აღარ იქნება.

„ამერიკის ხმას“ კარგად ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად ვასილ მაღლაფერიძის არჩევის შემთხვევაში, საზმაუს საინფორმაციო სამსახურში, 20/30-ის ჟურნალისტთა დიდი ნაწილი გადაინაცვლებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის - პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის ახალი უფროსისა და წამყვანების შერჩევაც ამ ჯგუფიდან მოხდება.

XS
SM
MD
LG