ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპრეზიდენტო არჩევნები: შეფასებები ვაშინგტონიდან


საქართველოში, საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად ვაშინგტონში მის თავისუფლად და სამართლიანად ჩატარების მნიშვნელობაზე საუბრობენ. ამ დრომდე, მმართველ პარტიას კანდიდატი არ წარუდგენია. ქართული ოცნების არაპირდაპირი მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს აქვს, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლი კანდიდატის სტატუსით იღებს.

“საერთაშორისო ორგანიზაციები და საქართველოს მოკავშირეები ახლოდან აკვირდებიან საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდს. საქართველომ ბოლო წლებში, ამ კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, რასაც დასავლეთი აღიარებს. მაღალი სტანდარტის შენარჩუნება ქვეყნის დემოკრატიული გარდაქმნისთვის მნიშვნელოვანია”, - ამბობს დონალდ ჯენსენი, ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრიდან.

დონალდ ჯენსენის შეფასებით, მმართველი პარტიის მხრიდან დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერა, საკუთარი კანდიდატის წარდგენის ნაცვლად, “არაჯანსაღი” სვლაა.

“მმართველ პარტიას აქვს პასუხისმგებლობა მისი ამომრჩევლის წინაშე, და ბევრს არ ესმის, თუ რატომ დგამენ ისინი ამ ნაბიჯს. ამ დროისთვის ქართული ოცნება ამ საკითხზე გაყოფილია, და მიდის დისკუსია იმაზე, რომ პარტიის თავმჯდომარემ შეიძლება გადაიფიქროს და ქართული ოცნების კანდიდატი წარადგინოს. ის განცხადებები, რასაც ქართული ოცნების ლიდერები აკეთებენ, ასუსტებს პრეზიდენტის ინსტიტუტს”, - ამბობს ჯენსენი.

მისი თქმით, პრეზიდენტი კონსტიტუციური ბალანსის დამცველია.

“საქართველოს სჭირდება პრეზიდენტი, რომელსაც შეუძლია დაიცვას კონსტიტუციური ბალანსი ძალაუფლების შტოებს შორის. რომელიც დემოკრატიის განვითარებას, დასავლურ ღირებულებებს, და საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს”, - თქვა მან.

საპარლამენტო ოპოზიციამ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატები უკვე წარადგინა. "ევროპული საქართველოს" ეგიდით, არჩევნებში პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე იბრძოლებს. ხოლო ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, კოალიცია “ძალა ერთობაშია” სახელით, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძეა. არჩევნებში მონაწილეობას იღებს ასევე, პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” ლიდერი, ზურა ჯაფარიძე.

"ამერიკის ხმასთან" საუბარში ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვიცი ხაზს უსვამს არევნების მნიშვნელობას, რადგან ეს საკონსტიტუციო ცვლილებების გათვალისწინებით ბოლო არჩევნებია, სადაც პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩევა.

"მართალია, პრეზიდენტს ნაკლები ძალაუფლება აქვს, თუმცა მისი პოზიცია მნიშვნელოვანია იდეების, პრინციპების გამოხატვისა და წინადადებების შემუშავების კუთხით… ეს მნიშვნელოვანი თანამდებობაა... პრეზიდენტი შეიძლება არ ეთანხმებოდეს მთავრობის მეთაურს, და იდგეს მიკერძოებულობაზე მაღლა. და იმედი მაქვს, ეს ასე იქნება”, - ამბობს იალოვიცი.

წინასაარჩევნო გარემო და არჩევნები შეაფასა ეროვნულ-დემოკრატიული ინსიტუტის (NDI) დელეგაციამ, მათი თქმით მიუხედავად პრეზიდენტის შეზღუდული უფლებებისა, მისი როლი და მანდატი მნიშვნელოვანია.

“შემცირებული პასუხისმგებლობების ფონზეც კი, პრეზიდენტს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მანდატი გააჩნია: წარმოადგინოს მოქალაქეები და ეროვნული მნიშვნელობის მქონე საკითხების ირგვლივ დისკუსიების წამოჭრას. ოპოზიციური პარტიები, ასევე აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა, მთავრობა დამატებით გააკონტროლოს და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ქვეყანა წარმოადგინოს”, - აცხადებს სადამკვირვებლო დელეგაცია.

ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში და "რენდის კორპორაციის" უფროსი მკლევარი უილიამ კორტნი საქართველოში ხელისუფლებაზე ჩრდილოვანი გავლენის შესახებ საუბრობს. მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიების ცალკეული პიროვნებების გარშემო გაერთიანება ანაწევრებს პოლიტიკურ სპექტს.

“ეს არჩევნები უჩვეულოა. საკონსტიტუციო ცვლილებებმა პრეზიდენტის როლი შეამცირა, მიუხედავად ამისა დღევანდელმა პრეზიდენტმა ბევრი პატივისცემა დაიმსახურა. ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრი მოულოდნელად გადადგა. მდიდარი, ჩრდილოვანი დონორი განაგრძობს არაპროპორციულად დიდი პოლიტიკური გავლენის ქონას”, - აცხადებს კორტნი.

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება. ეს საქართველოს დღევანდელი კონსტიტუციით ბოლო არჩევნებია, როცა საქართველოს პრეზიდენტი პირდაპირი, საყოველთაო, წესით აირჩევა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG