ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე მეორე წელია ამტკიცებს, რომ საქართველოს არ გააჩნია სხვა გზა, თუ არა რუსეთის პირობებზე დათანხმება და მისგან დამატებით ბუნებრივი აირის შეძენა.

ორი დღის წინ კალაძე მინსკში „გაზპრომ–ექსპორტის“ ხელმძღვანელობას შეხვდა რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით ბუნებრივი აირის ტრანზიტის საკითხზე სასაუბროდ, გუშინ კი განაცხადა: „ჩვენს შეთანხმებას პოზიციის დათმობას ვერ დავარქმევდი. ჩვენ დღეს „გაზპრომთან“ ხელშეკრულება არ გვაქვს. არსებულ ხელშეკრულებას ვადა გასული წლის 31 დეკემბერს გაუვიდა. თქვენ იცით, რომ მათი მოთხოვნა იყო გადავსულიყავით ფინანსურ ანაზღაურებაზე, როგორც ეს ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებში ხდება (ტრანზიტის საფასურის გადახდით). წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვერ შევთანხმდებოდით, შეგვეძლებოდა გაგვეგრძელებინა ბუნებრივი აირის წამოღება არაკანონიერად, ანუ მოგვეპარა. შემდეგ ამას მოჰყვებოდა სამართლებრივი რეაგირება, ანუ სასამართლოში წასვლა და ეს გაცილებით დიდი ზიანის მომტანი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის... წინადადებით, რომელიც იქნა მიღებული, ფინანსურად ჩვენ ვიღებთ, დაახლოებით იგივე შედეგს, რაც გვექნებოდა ნედლეულის მიღების შემთხვევაში და ეს საკმაოდ გასაგებად იქნა ახსნილი.“

თუ ჩვენ ვერ შევთანხმდებოდით, შეგვეძლებოდა გაგვეგრძელებინა ბუნებრივი აირის წამოღება არაკანონიერად, შემდეგ ამას მოჰყვებოდა სამართლებრივი რეაგირება, რაც გაცილებით დიდი ზიანის მომტანი იქნებოდა.
კახი კალაძე

ვიცე–პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ შეთანხმება, რომელიც რუსულ სახელმწიფო კომპანიასთან იქნა მიღწეული, „არის მაქსიმუმი, რაც არსებულ პირობებში იყო შესაძლებელი“. „მიღწეული შეთანხმება არის მაქსიმუმი, რაც ამ პირობებში შესაძლებელი იყო გაკეთებულიყო. არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ხელშეკრულება განულდა პირველ იანვარს, ჩვენ ხელშეკრულება აღარ გვქონდა, ანუ არაფერი არ არსებობდა. ჩვენ ურთიერთობებს არაფერი არ არეგულირებდა. ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც დავიწყეთ. პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოება შევინარჩუნეთ სრულად და ის სტატუსი, რა სტატუსიც გვქონდა. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანი დარჩა და გაზის მოწოდება დარჩა აზერბაიჯანიდან“,– აცხადებს დიმიტრი ქუმსიშვილი.

უნდა აღინიშნოს, რომ „გაზპრომი“ საკუთარ პირობას სომხეთის მიმართულების გაზსადენით მატარებელი ბუნებრივი აირის თაობაზე პირველად არ აყენებს. ანალოგიური გამოწვევის წინაშე საქართველოს ხელისუფლება გასული წლის დასაწყისშიც იდგა და მინისტრი კალაძე, ისევე როგორც წელს, შარშანაც აცხადებდა, რომ საქართველოს არ ჰქონდა სხვა გამოსავალი, თუ არა რუსული კომპანიის პირობებზე დათანხმება. საზოგადოებრივმა და პოლიტიკურმა პროტესტმა გასულ წელს პროცესები საქართველოს სასარგებლოდ შემოაბრუნა. შეთანხმება შედგა საკითხზე, რაზეც შეთანხმების შანსის არსებობას ხელისუფლება გამორიცხავდა. თუმცა იქვე ითქვა ისიც, რომ ხელშეკრულება „გაზპრომთან“, რომლის მიხედვით საქართველოში რჩებოდა სომხეთისკენ მიმავალი ბუნებრივი აირის 10 პროცენტი, ტრანზიტის საფასურის სანაცვლოდ, მხოლოდ 2016 წლის ბოლომდე იქნებოდა აქტიური. „ამერიკის ხმა“ გასულ წელს ამ საკითხს გამოეხმაურა სტატიით: „გაზპრომი“ მომავალი წლისთვის ივაჭრებს“. წელს ანალოგიური გამოწვევები და ანალოგიური მოცემულობაა, საქართველოს ხელისუფლება კი განსხვავებულ გადაწყვეტილებას იღებს, რაც შემდგომში დამატებით მოცულობების პირდაპირი შესყიდვის წესზე თანხმობას გულისხმობს. „გაზპრომისთვის“ ეს შესაძლებლობაა დააწესოს პოლიტიკური ფასი აირზე – მიიჩნევენ სპეციალისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები. მათი კონსოლიდირებული მოსაზრებები თავმოყრილია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც 23 საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს. განცხადების ინიციატორია „კოალიცია ევრო–ატლანტიკური საქართველოსთვის..

სამწუხაროდ, ჩემთვის უცნობია, ეს რამდენად ჯდებოდა საერთო საგარეო პოლიტიკურ მანდატში, მონაწილეობდა თუ არა საგარეო უწყება, თუ ეს ვიწროდ, ჩაკეტილი ენერგეტიკის სამინისტროს ფარგლებში გადაწყდა

ბათუ ქუთელია

ამერიკის ხმასთან ბათუ ქუთელიამ ატლანტიკური საბჭოს ვიცე–პრეზიდენტმა ისაუბრა: „ყველაფერი არის ტექნიკური, დიპლომატიური მოლაპარაკებების ნაწილი. სამწუხაროდ, ჩემთვის უცნობია, ეს რამდენად ჯდებოდა საერთო საგარეო პოლიტიკურ მანდატში, მონაწილეობდა თუ არა საგარეო უწყება, თუ ეს ვიწროდ, ჩაკეტილი ენერგეტიკის სამინისტროს ფარგლებში გადაწყდა. თუ ეს ასე არ იყო, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ პრობლემაზე, რომ უწყებათაშორისი კოორდინაცია პოლიტიკის დაგეგმვისა და აღსრულების პროცესში არ არსებობს. ხელშეკრულების ვადა რომ გასდიოდა 31 დეკემბერს, ამის თაობაზე საქართველოს მთავრობამ უკვე იცოდა 2015 წლის 31 დეკემბერს, რატომ იყო საჭირო საკუთარი თავის ცაიტნოტში ჩაყენება და არ წარიმართა პროცესი ეფექტურად. გარდა ამისა, თუკი მოსალოდნელი იყო ენერგეტიკული დეფიციტი, რა საჭიროა ამ დეფიციტის შევსება მაინცდამაინც „გაზპრომის“ პოლიტიკური ფასის მქონე გაზით , რატომ არ მუშაობდა მთავრობა სხვა მომწოდებელ ქვეყნებთან, რომ არ შექმნილიყო პრობლემა, რომ დეფიციტის შევსება მაინცდამაინც რუსული გაზით არ ყოფილიყო საჭირო. ეს ყველაფერი ბევრ კითხვას ბადებს, რაზეც მთავრობამ უნდა გასცეს პასუხი. მხოლოდ ზედაპირული განცხადება იმის თაობაზე, რომ სხვა გამოსავალი არ იყო და ამიტომ მოაწერეს ხელი, ესაა კაპიტულანტური მიდგომა და კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მთავრობა არაკოორდინირებულია და არაეფექტური ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვისას.“

გიორგი ონიანი, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ამერიკის ხმასთან ამბობს: „დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობა იზიარებს პოზიციას იმის თაობაზე, რომ არ შეიძლება რუსეთზე იყო დამოკიდებული. გარდა ამისა, გვაქვს შარშანდელი გამოცდილება. მოლაპარაკებების წარმართვის პერიოდში იყო მცდელობა, რომ ცვლილება მომხდარიყო კონტრაქტში. მაშინაც, სამოქალაქო საზოგადოებაც და ექსპერტთა ჯგუფები აქტიურად ვლობირებდით ამ საკითხს. შარშან გამოგვივიდა, ახლაც არ დავაკლებთ ცდას...

ნამდვილად არ არის საქართველო ისეთ პოზიციაში, რომ სრულად დაეთმო რუსეთისთვის. ჩვენ ამას სრულად დათმობას ვუწოდებთ. ბუნებრივია, შესაძლოა რუსეთის მომლაპარაკებლების პროფესიული მომზადება უკეთესი იყო, გულწრფელად რომ ვთქვათ, მაგრამ იშვიათადაა ისეთი შემთხვევები, როდესაც საქართველოს გააჩნია რეალური ბერკეტები რუსეთის პოზიციის დასაფორმირებლად და ეს სწორედ ასეთი შემთხვევა იყო. ახლა რუსეთის ძალიან მნიშვნელოვანი დაინტერესებაა იმაში, რომ ეს ტრანზიტი გაგრძელდეს. აპელირება ხელისუფლების მხრიდან იმაზე, რომ საერთაშორისო პრაქტიკა სხვანაირია და მომავალში შეიძლება სხვანაირად განვითარებულიყო მოვლენები, მიგვაჩნია, სრულიად უადგილოდ“.

2016 წლის დასაწყისში გაკეთებული მინისტრ კალაძის განცხადებები წვეთი წყალივით ჰგავს წელს გამოთქმულ მისსავე მოსაზრებებს „გაზპრომის“ პირობების შესახებ. საზოგადოებრივი პროტესტი თუ წელს ეფექტიანი იქნება და ხელისუფლება „გაზპრომის“ პირობების გადახედვის აუცილებლობის წინაშე აღმოჩნდება, შესაძლოა საქართველოსთვის ბუნებრივ აირზე პოლიტიკური ფასის დაწესების საფრთხეები განეიტრალდეს.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG