ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელთა თითქმის ნახევარს სჯერა, რომ კოვიდ-19 ჩინეთის ბიოლოგიური იარაღია


კოვიდ-19-ზე შეთქმულების თეორიები ამერიკელების დიდ ნაწილზე ახდენს გავლენას. გამოკითხულთა თითქმის ნახევარი, 48% ამბობს, რომ ძლიერ სჯერა, ან ნაწილობრივ ეთანხმება იმ აზრს, რომ კოვიდ-19 ჩინეთის მიერ შექმნილი ბიოლოგიური იარაღია. ამერიკელების 38% კი ფიქრობს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა მანამდეც არსებობდა, მაგრამ ადგილობრივი მთავრობა და ფარმაცევტული კომპანიები მას ხალხს უმალავდნენ.

ეს პროცენტული მონაცემები მართლაც ძალიან მაღალია, თუმცა არა - მოულოდნელი და არც - უპრეცედენტო. პანდემია გლობალურად ჯერჯერობით ისევ აღმავალი ხაზით ვრცელდება, მატულობს მსხვერპლი, ბოლომდე ისევ გაურკვეველი რჩება ახალი კორონავირუსის წარმოშობის გზები, რაც ხელს უწყობს შეთქმულების თეორიების განვითარებას არამარტო ამერიკაში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაში. ეს ერთიორად ართულებს პანდემიის მართვას.

ამ ყველაფერს გასულ წელს ისიც დაემატა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერი დონალდ ტრამპი თავადაც ავრცელებდა მსგავს სიცრუეს და მეცნიერების მიმართ მოსახლეობაში უნდობლობას კიდევ უფრო აღრმავებდა. პარტიული კუთვნილების მიუხედავად, მათ შორის, ვინც ინფორმაციას ძირითადად კონსერვატორული მიმართულების მედიით იღებს, როგორიცაა „ფოქსი“ და „ბრეიტბარტი“, კიდევ უფრო მეტი, 62% ფიქრობს, რომ კოვიდი ჩინეთის მიერ შექმნილი ბიოლოგიური იარაღია.

მართალია, შეთქმულების თეორიები გაცილებით უფრო მეტად ვრცელდება კონსერვატორულ მედიაში, ვიდრე ლიბერალურში, მაგრამ ამერიკიაში პოპულიზმს იარაღად ორივე პოლიტიკური ძალა იყენებს. ამიტომაც, ამ თეორიების მიმართ რწმენა თითქმის ერთნაირად იკვეთება როგორც რესპუბლიკურ, ისე დემოკრატიულ პარტიაში. პოპულიზმი კი როგორც ადრეული კვლევებიც ადასტურებს, კორელაციაშია შეთქმულების თეორიების განვითარებასთან.

კვლევის ამერიკელი და კანადელი ავტორების დასკვნით, განსხვავება ორ პარტიას შორის მინიმალურია. ეს გამოიხატება მაგალითად იმაში, რომ რესპუბლიკელებს მეტი უნდობლობა აქვთ ექსპერტების და მეცნიერების მიმართ, დემოკრატები კი სკეპტიკურად არიან განწყობილი დაწინაურებული სამთავრობო, ან ბიზნეს-ელიტის მიმართ.

მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ პოპულიზმი არ არის მხოლოდ ერთი, ან უმეტესად ერთი რომელიმე პოლიტიკური ძალისთვის დამახასიათებელი კონცეფცია. ამიტომაც აქვს მას განუზომლად დიდი გავლენა შეთქმულების თეორიების გავრცელებაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით. განსაკუთრებით - კრიზისების დროს.

გამოკითხვაში მონაწილეობა 1 000-ზე მეტმა ამერიკელმა მიიღო. ისინი რამდენიმე განაცხადს უნდა გაცნობოდნენ და პასუხად შეერჩიათ ოთხიდან ერთი: ძლიერ ვეთანხმები, ნაწილობრივ ვეთანხმები, ძლიერ არ ვეთანხმები, ნაწილობრივ არ ვეთანხმები.

განაცხადები დაახლოებით ასეთი შინაარსის იყო: არ აქვს მნიშვნელობა ხმას ვის მისცემ, იმიტომ რომ მდიდართა კლასი აკონტროლებს ორივე პოლიტიკურ პარტიას; ხალხის ნება უნდა იყოს უმაღლესი პრინციპი ამ ქვეყნის პოლიტიკაში; როცა საქმე მნიშვნელოვან საკითხებს ეხება, სამეცნიერო მტკიცებულებები დიდად არ გვშველის; მირჩევნია რიგითი ადამიანების სიბრძნეს ვდნდო, ვიდრე ექსპერტების და ინტელექტუალების მოსაზრებებს.

სამწუხაროდ, შეთქმულების თეორიებს ხელშესახები, კონკრეტული, უშუალო მიზეზ-შედეგობრივი კავშირი აქვს კოვიდ-19-თან დაკავშირებულ ქცევებთან და მოსახლეობის მიერ რეგულაციების დაცვასთან. გამოკითხულთა ნახევარზე მეტი, ვინც ფიქრობს, რომ კორონავირუსის ვაქცინა თავიდანვე არსებობდა და მას მალავდნენ, არც ჯანდაცვის ლიდერების რეკომენდაციებს ენდობა და ხშირად არც იცავს მათ. მათი სკეპტიციზმი არამარტო ფარმაცევტულ ინდუსტრიაზე, არამედ მთელ სამედიცინო სფეროზე ვრცელდება.

ნაშრომის ავტორები ფიქრობენ, რომ შეთქმულების თეორიებთან ბრძოლა მხოლოდ ზევიდან ქვევით ვერტიკალზე არ უნდა ხდებოდეს, რადგან პოპულისტური რიტორიკა ანტიინტელექტუალური სენტიმენტით საზრდოობს. ეს იმას ნიშნავს, რომ სანდო და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელება მხოლოდ პოლიტიკოსებისგან, ჯანდაცვის სფეროს ლიდერებისგან ან მედიაში მოყვანილი ექსპერტებისგან არ უნდა ხდებოდეს.

მეცნიერების აზრით, გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელება ქვევიდან ზევითაც აუცილებელია. განათლების მხრივ გაცილებით უფრო ეფექტური შედეგები მიიღწევა, თუ სანდო ინფორმაციას ადამიანები ასევე მიიღებენ მაგალითად, უბნის ექიმების, ექთნების, ადგილობრივი საზოგადოებრივი თუ სასულიერო ლიდერების მეტი ჩართულობით.

კვლევის ავტორები არიან დომინიკ სტეკულა, კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (აშშ) და მარკ პიკაპი საიმონ ფრეიზერის უნივერსიტეტიდან (კანადა). ნაშრომი 15 თებერვალს გამოქვეყნდა ჟურნალში „სეიჯი“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG