ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როდის იცვლება ძაღლის გამომეტყველება და როგორ ცნობს ის კეთილ ადამიანს?


ძაღლები კეთილ ადამიანებს, თურმე, იოლად ცნობენ. როგორც რუბრიკა „გალილეოს“ დღევანდელი გამოშვებიდან შეიტყობთ, ძაღლის სახის გამომეტყველება კიდევ უფრო მძაფრდება, თუ ჩვენ მას ვუყურებთ. უახლესი კვლევები ადასტურებს, რომ ძაღლები იმაზე მაღალი სოციალური ინტელექტით გამოირჩევიან, ვიდრე აქამდე წარმოგვედგინა.

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ძაღლი ოჯახში ყველას ერთნაირად არ ექცევა. ჩეხი მეცნიერების მიერ 18 ოქტომბერს, სამეცნიერო ჟურნალში „პლოს უან“ (Plos One) გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ძაღლები ადამიანის ბუნებას იოლად ცნობენ. ოღონდ, ამას არაფერი აქვს საერთო ინტუიციასთან, ე.წ. მეექვსე გრძნობასთან.

როგორც ირკვევა, ძაღლები ცოდნას გამოცდილებასთან ერთად იძენენ. ჩეხმა მეცნიერებმა ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარეს: ძაღლებს ადამიანთა ორი ჯგუფი სთავაზობდა საჭმელს. პირველი უდგამდა საკვებით სავსე თასს და ელოდებოდა, სანამ მას დაამთავრებდნენ. მეორე ჯგუფი კი თასს რომ დაუდგამდა, თვითონ შეტრიალდებოდა და საკუთარ სადილს შეექცეოდა. სწორედ ასე დაყვეს მეცნიერებმა ადამიანები ორ პირობით ჯგუფად: „კეთილ, გულისხმიერ“ და „ეგოისტ, საკუთარ თავზე მზრუნველ“ ძაღლის პატრონებად.

შემდეგ ეტაპზე, ორივე ჯგუფის წევრები ერთად დადგნენ, საჭმლით სავსე თასი მკერდთან დაიჭირეს და დაელოდნენ, ვისთან მივიდოდნენ ძაღლები. წარმოიდგინეთ, რომ ძაღლები მარტო „კეთილი“ ჯგუფის ადამიანებისკენ გაემართნენ. ასე მოიქცნენ როგორც ქუჩის ძაღლები, ასევე შინ გაზრდილი ძაღლები. მათ შორის მცირე განსხვავება მაინც დაფიქსირდა: ქუჩის ძაღლები თავიდან ვერ ხვდებოდნენ, რა უნდოდათ ადამიანებს, როცა მათ თასისკენ ხელით მიუთითებდნენ.

ისიც უნდა ითქვას, რომ ქუჩის ძაღლებს ათვისების სწრაფი უნარი აღმოაჩნდათ და ისინი ძალიან მალე გაერკვნენ სიტუაციაში. ორ ჯგუფს შორის განსხვავება საერთოდ ვერ დააფიქსირეს ლეკვებმა. ისინი ერთნაირად მიდიოდნენ როგორც „კეთილ“, ისე „ეგოისტ“ ადამიანებთან.

ძაღლებზე კიდევ ერთ საინტერესო კვლევას გაგაცნობთ, რომელიც სულ ახლახან გამოქვეყნდა. ისიც ადასტურებს, რომ ძაღლები მაღალი სოციალური ინტელექტით გამოირჩევიან. ადამიანის საუკეთესო მეგობრები, თურმე, გამომეტყველებას იცვლიან იმის მიხედვით, ვუყურებთ თუ არა მათ. შინაური ძაღლები ემოციას მიმიკებით, თუ თვალის გამომეტყველებით კიდევ უფრო ამძაფრებენ, თუკი დააფიქსირეს, რომ მათ ყურადღებით შევცქერით.

მეცნიერებისთვის დიდი ხანია ცნობილია, რომ ძუძუმწოვრების უმრავლესობას გამომეტყველების შეცვლა შეუძლია. თუმცა, აქამდე არ იყო მეცნიერულად დადასტურებული ის, რომ გამომეტყველების შეცვლას ძაღლები კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად და აუდიტორიაზე შთაბეჭდილების მოსახდენად იყენებენ.

აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ექსპერიმენტი ჯერჯერობით მხოლოდ ძაღლებზე ჩატარდა. ადამიანმა ის დაახლოებით 30 ათასი წლის წინ მოიშინაურა. ასე რომ, შესაძლოა, ეს ათობით ათასი წლის განმავლობაში მიმდინარე სელექციის და ევოლუციის შედეგი იყოს და მსგავსი დასკვნები სხვა ძუძუმწოვრებზე არ გავრცელდეს. კვლევა გამოქვეყნდა 19 ოქტომბერს, ჟურნალში „ნეიჩერ“ (Nature).

Facebook Forum

XS
SM
MD
LG