ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„დიდი რვიანის“ მოლოდინში


„დიდი რვიანის“ მოლოდინში

ამ კვირაში საფრანგეთი მსოფლიოს „დიდი რვიანის“ ლიდერთა შეხვედრას უმასპინძლებს. დღის წერიგში არაბულ სამყაროში მიმდინარე ამბოხებები და მსოფლიოს ეკონომიკური ვითარებაა. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჰენრი რიჯველი არკვევდა. საფრანგეთის ქალაქ დოვილში შეკრებილი ლიდერები უპირველასდ განიხილავენ საკითხს თუ როგორი უნდა იყოს მათი რეაგირება არაბულ ქვეყნებში მიმდინარე რევოლუცირ პროცესებზე. როგორც ცნობილია, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი ლიბიის ლიდერის პოლკოვნიკ კადაფის ძალების წინააღმდეგ უკვე ახორციელებს სამხედრო ოპერაციას. სტეფანი რიკარდი ლონდონის ეკონომიკის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტია.

„აქ არსებობს პოტენციური კონფლიქტი რუსეთთან, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ მხარს არ უჭერს ლიბიაში მიმდინარე პროცესებს. მოსკოვი ფიქრობს, რომ ინტერვენცია არ არის გამოსავალი."

ამდენად რუსეთსა და დიდი რვიანის სხვა წევრებს შორის უთანხმობა არსებობს, თუმცა ეს უთანხმოება ალბათ დახურულ კარს უკან იქნება გამოხატული.“

დიდი რვიანი ყურადღებას სირიასა და ბაჰრეინში შექმნილ ვითარებაზეც გაამხვილებს. სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა, რომელიც დიდი რვიანის სამიტამდე ბრიტანეთს ეწვია, სირიის ხელისუფლების მიმართ მკვეთრი განცხადება გააკეთა.

„პრეზიდენტი ასადი დგას არჩევანის წინაშე. მას შეუძლია წავიდეს დემოკრატიისკენ ტრანზიციის გზით, რასაც ითხოვს სირიელი ხალხი, თუმცა თუ მისი რეჟიმი არ დაიწყებს ამ პროცესს, გაძლიერდება მის წინაღმდეგ ზეწოლა და იზოლაცია.“

დიდი რვიანის ლიდერები განხილავენ ასევე პაკისტანში შექმნილ ვითარებას მას შემდეგ, რაც იქ ამერიკის სპეცრაზმმა ალ-ყაიდას ლიდერის ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაცია შეძლო. ამასთანავე დასავლეთის ლიდერები შეშფოთებას გამოთქვამენ ავღანეთში შექმნილი ვითარების გამო, რომელიც შესაძლოა არაბულ სამყაროში მიმდინარე ამბოხებებმა გადაფაროს.

ლიდერების ყურადღების მიღმა არ დარჩება ირანი და მისი ბირთვული პროგრამაც.

„მნიშვნელოვანია, რომ არ დაგვავიწყდეს ირანის და მისი ბირთვული პროგრამის საკითხის აქტუალობა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე. ჩვენ გაერთიანებულ სამეფოში ირანის წინააღმდეგ მშვიდობიანი ზეწოლის განხორციელებას ვუჭერთ მხარს,“ - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა.

ამ საკითხებთან ერთად დიდი რვიანის ლიდერებს არც იაპონიაში და კერძოდ ფუკუშიმას ბირთვულ რეაქტორზე შექმნილი მდგომარეობა გამორჩებათ. ასევე განიხილავენ მსოფლიოს ეკონომიკურ ვითარებას და სავალუტო ფონდის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელის გარშემო აგორებულ სკანდალს. აი ეს იქნება ის თემები, რასაც დიდი რვიანის ლიდერები ნორმანდიაში ზღვის სანაპიროზე განიხილავენ.

XS
SM
MD
LG