ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსპერტები: "დიდი შვიდეულის" მთავარი გზავნილები


„ამერიკის ხმის“ კითხვაზე, თუ რა კონკრეტული შედეგები მოჰყვა ორდღიან შეხვედრას, სადაც უკრაინის და საბერძნეთის საკითხები, წინა პლანზე იყო, "ფორინ პოლისის" ჟურნალისტმა ჯონ ჰადსონმა თქვა:

„ვფიქრობ, ამ შეხვედრაზე ყურადღება საბერძნეთის და უკრაინის კრიზისებზე იყო გამახვილებული. სულ მცირე, რაც უკრაინას შეეხება, ობამას ადმინისტრაციის დიდი მიღწევა ის იყო, რომ ევროპელები რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციების გახანგრძლივების საჭიროებაში დაარწმუნა. სანქციებს ვადა გასდიოდა და ბევრი ევროპული ქვეყანა, განსაკუთრებით იტალია და საბერძნეთი, სანქციების მიმართ ერთგვარად სკეპტიკურად არის განწყობილი. შეერთებული შტატების ძალისხმევამ ისინი ამ სანქციების მნიშვნელობაში დაერწმუნებინა, ბოლოსდაბოლოს ნაყოფი გამოიღო და დიდი შვიდეულის განცხადება, სანქციების გაგრძელებას, ან უფრო სწორად, ამ სანქციების მოხსნას, თებერვალში მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ცხოვრებაში გატარებას უკავშირებს.“

ჯეიმს ნიქსიმ ამ კითხვაზე ასეთი პასუხი გასცა;

„უკრაინას რაც შეეხება, ვფიქრობ შეიძლება დავასკვნათ, რომ რაღაც შედეგს მიაღწიეს. სანქციების შესახებ კითხვა არსებობდა, ის უნდა გაზრდილიყო თუ შენარჩუნებულიყო. როგორც ჩანს ასეც მოხდა. საბერძნეთმა თავისი საკითხით, როგორც გამოჩნდა, დაბრკოლება არ შექმნა და ვფიქრობ, სანქციების უბრალოდ შენარჩუნება, მოსკოვს დასავლეთისგან, ევროკავშირისგან კარგ გზავნილს აწვდის, იმიტომ რომ სანქციების არქონა ძალიან განსხვავებული ხასიათის გზავნილი იქნებოდა. თუ ვიტყვით, რომ არაფერი შეცვლილა, ამით იმას ვიტყვით, რომ სანქციების რეჟიმი არ შეცვლილა. გადაწყვეტილება 30 ივნისს გახდება ცნობილი, მაგრამ ამჟამად ყველაფერი იმისკენ იხრება, რომ წნეხი არ შერბილდება. ევროკავშირის პრეზიდენტმა უკვე თქვა, რომ ევროპული სანქციებში ცვლილება თუ შევა, ეს მხოლოდ მათი გაზრდა იქნება. არ მგონია ეს მოხდეს, რადგან ვფიქრობ, სანქციების გაზრდას მხარს არავინ უჭერს.“

„ამერიკის ხმის“ კითხვაზე, თუ ზოგიერთი ევროპელი ლიდერი რატომ ეწინააღმდეგება უკრაინის შეიარაღებას, ჯონ ჰადსონმა უპასუხა:

„ეს გარკვევით მიანიშნებს, რომ რუსეთზე ევროპელები ეკონომიკურად მეტად არიან დამოკიდებული, ვიდრე შეერთებული შტატები. ასე, რომ არიან ევროპელი დიპლომატები, რომლებიც ამერიკელების მიერ უკრაინის საკითხზე „ხელის გადაგრეხით“ გაწბილებულნი არიან და ამბობენ, რომ „ამის ტვირთი ჩვენ დაგვაწვება, ჩვენ კი რეცესიიდან ჯერ არ გამოვსულვართ“. თუმცა ეს ერთადერთი არგუმენტი არ არის. გერმანელების ხედვით, რამდენადაც ვიცით, უკრაინის შეიარაღების საკითხზე ძალდატანება ევროკავშირს ამ კრიზისთან მიმართებაში გახლეჩს. ბევრისთვის ეს ზედმეტად აგრესიულ ქმედებათ გამოჩნდება, რაც ტრანსატლანტიკური ალიანსის ასე ვთქვათ დარღვევას გამოიწვევს.“

ჯეიმს ნიქსიმ , იგივე კითხვაზე ასეთი პასუხი მოგვცა:

„ვფიქრობ, იმისდა მიუხედავად თუ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებ, ეს ძალიან რთული გადასაწყვეტია. კიევისთვის შეიარაღების მიწოდების მხარდასაჭერადაც და მის საწინააღმდეგოდაც კარგი არგუმენტები არსებობს. ერთი მხარდასაჭერი არგუმენტი ის არის, რომ ამბოხებასთან და აგრესიასთან ბრძოლის ველის გათანასწორებაა საჭირო. უკრაინელი ჯარისკაცები იღუპებიან და ჩვენგან დაცვა სჭირდებათ. მხოლოთ თავდაცვითი და თავდასხმითი იარაღის მიწოდებით შეიძლება მათი დაცვა, რაც სინამდვილეში უკრაინული ძალების დანაკარგებს შეზღუდავს. ეს ბრწყინვალე არგუმენტია. თუმცა არსებობს კონტრარგუმენტიც, ვერ ვიტყვი, რომ ამას მე პირადად ვიზიარებ, მაგრამ თუ უკრაინას იარაღით ავავსებთ, ამით ომის უკონტროლო მასშტაბამდე ეკალაციის რისკს გავზრდით.“

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG