ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რამდენი სამსახური შენარჩუნდება დისტანციურად - თანამედროვე ეკონომიკის ფუნდამენტური კითხვა


პანდემიის გამო დაწესებული კარანტინის შემდეგ, მსოფლიოს ქვეყნები ეკონომიკის ამუშავებას ეტაპობრივად ცდილობენ. ჯანდაცვის სპეციალისტები შიშობენ, რომ კოვიდ-19 ჩვენთან კიდევ დიდხანს დარჩება. შესაბამისად, სოციალური დისტანცირების ზომების დაცვა შესაძლოა თვეების მანძილზე, ან ერთი წელიც კი მოგვიწიოს, სანამ ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინები არ გვექნება.

პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკას სერიოზული თავსატეხი გაუჩინა. ბევრ ქვეყანაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახურების გარდა, ბიზნესების უმეტესი ნაწილი დაიხურა. ზოგიერთი უწყება ნაწილობრივ ან მთლიანად დისტანციურ საქმიანობაზე, ანუ ტელემუშაობაზე გადავიდა. ახლა კი, როცა მთელ რიგ ქვეყნებში კომერციული, არამომგებიანი და სამთავრობო ორგანიზაციების ამუშავება იწყება, ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს ეს პროცესი ეტაპობრივად, უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველყოფით განხორციელდეს.

შეძლებენ თუ არა სამსახურები ტელემუშაობის გაგრძელებას ნაწილობრივ მაინც და სამუშაო ადგილების დაახლოებით რა წილი შენარჩუნდება დისტანციურად? ეს კითხვა თანამედროვე ეკონომიკისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის ხდება.

პანდემიამ უზარმაზარი გავლენა მოახდინა სამუშაო ადგილების მომავალზე - ამბობს „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ქეით ლისტერი, საკონსულტაციო-კვლევითი ორგანიზაციის - გლობალური სამუშაო ადგილების ანალიტიკა - პრეზიდენტი. „მომავალში, მოწმე გავხდებით გაცილებით მეტი ადამიანის დისტანციურად მუშაობის. ამ საკითხებზე ჩვენ გამოკითხვებს ვატარებთ. ახლა გაცილებით მეტი, 80% მუშაობს სახლიდან, მაშინ როცა რეგულარულად [პანდემიამდე] მხოლოდ 10% მუშაობდა“ - ამბობს ის.

ქეით ლისტერის თქმით, საინტერესოა ის ფაქტი, რომ როგორც დამსაქმებლების, ასევე ორგანიზაციების თანამშრომელთა დიდი ნაწილი, ვინც აქამდე დისტანციურად არ მუშაობდა და მხოლოდ ახლა გამოსცადა ტელემუშაობის დადებითი მხარეები, მომხრეა იმის, რომ საქმიანობა მომავალშიც, პანდემიის შემდეგაც ასე გააგრძელოს. „ჩემი პროგნოზით, დასაქმებულთა 30 პროცენტი გააგრძელებს სახლიდან მუშაობას, კვირაში რამდენიმე დღე, როცა ეს ყველაფერი დასრულდება“ - აღნიშნავს საკონსულტაციო-კვლევითი ორგანიზაციის - გლობალური სამუშაო ადგილების ანალიტიკა - პრეზიდენტი.

დაახლოებით იგივე პროგნოზს აკეთებენ მიჩიგანის უნივერსიტეტის ეკონომისტები, პროფესორები ჯონათან დინგელი და ბრენტ ნეიმანი. 16 აპრილს გამოქვეყნებული მათი ანგარიშის მიხედვით, ამერიკაში სავსებით შესაძლებელია, რომ სამსახურების სულ ცოტა, მესამედი მაინც, მთლიანად ტელემუშაობაზე გადავიდეს.

მათი მონაცემებით, ახლა ქვეყნის მასშტაბით დისტანციური მუშაობის პოტენციალი დასაქმებულების საშუალოდ 37 პროცენტს აქვს. სიტუაცია შტატიდან შტატში და ქალაქიდან ქალაქში განსხვავებულია. ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ვაშინგტონი, სან-ფრანცისკო და სან-ხოზე, მთლიანად ტელემუშაობაზე გადასვლა დასაქმებულების 45%-ს შეუძლია. მაგრამ, ლას-ვეგასში, ფორტ-მაიერსში და გრანდ-რაპიდსში ეს მონაცემი 30%-ს არ აღემატება.

სამსახურების უმეტესი ნაწილი, რომელიც დისტანციურად ხორციელდება, ძირითადად არის მომსახურების ბიზნესების სფეროში. მათ შორის წამყვანია: ფინანსური და საბანკო მომსახურება, ონლაინ-გაყიდვები და საინფორმაციო ტექნოლოგიები. თუმცა, ექსპერტები ერთ მნიშვნელოვან ფაქტსაც უსვამენ ხაზს: თავისთავად ის ფაქტი, რომ საქმე შეიძლება დისტანციურად გაკეთდეს, არ ნიშნავს, რომ ეს ორგანიზების ყველაზე ეფექტური გზაა.

„ან ისე, ან ასე - საკითხი ასე არ დგას. ყველზე კარგი გამოსავალი ნახევარ-ნახევარი, შერეული სამუშაო განრიგი იქნება“ - აღნიშნავს ქეით ლისტერი. მისი თქმით, „ტენდენცია დაახლოებით 5-10 წლის წინ დაიწყო, როდესაც ოფისები - ურთიერთთანამშრომლობის, სახლები კი კონცენტრირების ადგილებად გადაიქცა“. ბევრი დასაქმებული ადასტურებს, რომ ის სახლში გაცილებით უფრო პროდუქტიულია, ნაკლებად ეფანტება ყურადღება და მეტადაა მობილიზებული - ამბობს საკონსულტაციო-კვლევითი ორგანიზაციის - გლობალური სამუშაო ადგილების ანალიტიკა - პრეზიდენტი.

მიჩიგანის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ტელემუშაობის მომავალი უცხოეთის 85 ქვეყანაშიც შეისწავლეს. როგორც მოსალოდნელი იყო, დაბალშემოსავლიანი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, გაცილებით დაბალია დისტანციურად დასაქმებულთა რაოდენობაც და შესაბამისად, მათი სამომავლო პერსპექტივებიც.

ტელემუშაობის ახალ და მზარდ დარგად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მკვლევარები ჯანდაცვის შედარებით ახალ მიმართულებას, ტელემედიცინას, ანუ დისტანციურ სამედიცინო მომსახურებას მოიაზრებენ. პანდემიამ კიდევ უფრო დააჩქარა მისი განვითარება მედიცინის ბევრ განხრაში, განსაკუთრებით - მათი ადმინისტრირების მიმართულებით.

ტელემუშაობას უზარმაზარი პოტენციალი აქვს და პანდემია თვალს აუხელს იმ ადამიანებსაც, ვისაც აქამდე ეს ჯერ კიდევ კარგად არ ესმოდა- აღნიშნავს ქეით ლისტერი. მისი თქმით, დისტანციური მუშაობა რამდენიმე მიმართულებითაა ძალიან ეფექტური: „ის ადამიანს აძლევს მეტ დროს დღის განმავლობაში, რომელსაც ისინი ზოგავენ გზაში, საშუალოდ - 11 დღეს წელიწადში. აი, ამდენ დროს კარგავს ხალხი საცობებში. ამასთან, იზოგება ტრანსპორტის ფული და მცირდება სტრესი. დამსაქმებლისთვის იზრდება პროდუქტიულობა, სამუშაო ადგილებზე კადრების მოზიდვის და შენარჩუნების მაჩვენებლები. დამსაქმებლისთვის ასევე მცირდება უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ხარჯები“.

საკონსულტაციო-კვლევითი ორგანიზაციის პრეზიდენტი იმასაც ამბობს, რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგია ჩვენი პლანეტისთვისაც. ყველანი გავხდით იმის მოწმე, რომ ჰაერი სულ რამდენიმე დღეში გასუფთავდა, როგორც კი საავტომობილო მოძრაობა შეწყდა. საბოლოო ჯამში კი ქეით ლისტერის აზრით, ეს ყოველივე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ხელს შეუწყობს ეკონომიკური განვითარების მდგრადობას.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG