ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იტალიაში "კოზა ნოსტრას" ბოსი აიყვანეს, რომელიც 30 წელი იმალებოდა


იტალიის ნომერ პირველი ძებნილი, "კოზა ნოსტრას" მაფიის ბოსი მატეო მესინა დენარო დააკავეს.

იტალიურმა საინფორმაციო სააგენტომ ANSA ორშაბათს, 16 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სიცილიის "კოზა ნოსტრას" მაფიის სავარაუდო ბოსი, რომელიც 30 წლის განმავლობაში იყო მიმალული, პოლიციამ პალერმოს კერძო კლინიკაში დააკავა.

იტალიის სახელმწიფო ტელევიზიამ განაცხადა, რომ დენარო დაკავებისთანავე საიდუმლო ადგილას გადაიყვანეს.

ის დაუსწრებლადაა გასამართლებული ათეულობით მკვლელობის საქმეში, მათ შორის - 1992 წელს, მაფიის მოწინააღმდეგე პროკურორების ჯოვანი ფალკონესა და პაოლო ბორსელინოს მკვლელობისთვის. 60 წლის დენაროს მრავალჯერადი სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

წარსულში დენარომ თქვა, რომ მისი მსხვერპლით „სასაფლაოს შევსება“ შეეძლო.

გასული წლის სექტემბერში პოლიციამ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დენარო 30 წელი მიმალვაში იყო, ის მაინც ახერხებდა მაფიისთვის ბრძანებების გაცემას, დასავლეთ სიცილიის ქალაქ ტრაპანიში.

მატეო მესინა
მატეო მესინა

"2015 წელს პოლიციამ აღმოაჩინა, რომ ის დაუკავშირდა თავის უახლოეს თანამშრომლებს პიზინის სისტემის მეშვეობით, პატარა დაკეცილი ქაღალდის ჩანაწერების დატოვებით, სიცილიის ფერმაში, კლდის ქვეშ", - ნათქვამია AFP-ის სტატიაში.

პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ თქვა, რომ დენაროს დაკავება იტალიის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში, „დიდი გამარჯვებაა“.

სტატიაში გამოყენებულია "როიტერის", AP და AFP-ის მასალები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG