ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავისუფლების ქანდაკება-2 ამერიკაში 4 ივლისს ჩამოდის


ნიუ-იორკის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას, თავისუფლების ქანდაკებას, რომელსაც მეტსახელად ლედი ლიბერთის ეძახიან, მალე უმცროსი და ეყოლება. საფრანგეთი, მეგობრობის და პარტნიორობის დადასტურების, განახლების და განმტკიცების მიზნით, ამერიკის შეერთებულ შტატებს მეორე ქანდაკებას უგზავნის. ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" ავრცელებს.

საფრანგეთის მუზეუმს ქანდაკება 7 ივნისს დატოვებს, ამერიკისკენ გემით მოემგზავრება და თავისუფლების კუნძულზე აღმართულ თავის უფროს დას 4 ივლისს, ამერიკის დამოუკიდებლობის დღეზე შეხვდება. რეპლიკა შემდეგ ბინას ქვეყნის დედაქალაქ ვაშინგტონში, საფრანგეთის საელჩოში დაიდებს. ეს 14 ივლისისთვის, საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულზე მოხდება.

თავისუფლების ახალი ქანდაკების სიმაღლე 2 მეტრი და 83 სანტიმეტრია. ის ორიგინალზე დაახლოებით 16-ჯერ პატარაა და ფრანგი მოქანდაკის ფრედერიკ ოგიუსტ ბარტოლდის ნამუშევრის რიგით მე-11 რეპლიკას წარმოადგენს.

ბარტოლდის 92-მეტრიანი და 225-ტონიანი ქანდაკება საფრანგეთმა ამერიკას მეგობრობის ნიშნად, 1886 წელს უბოძა. თავისუფლების ქანდაკებას წელიწადში დაახლოებით 4 მილიონი ტურისტი ნახულობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG