ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო ინტერნეტის თავისუფლების კვლევაში - რა ქულა აქვს და რას ნიშნავს ის?


საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუზმა“ ცოტა ხნის წინ ახალი ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლებას აფასებს. Საქართველო, ამ მხრივ, წელსაც „თავისუფალ“ ქვეყანათა სიაშია, მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა მიმართულებით, ორგანიზაცია მას „ნახევრად თავისუფალ“ კატეგორიას ანიჭებს. წელს, ქვეყნის შეფასება, შარშანდელთან შედარებით, 2 ქულითაა გაუარესებული და ნულიდან ასამდე რეიტინგში 76-ია.რაც უფრო ახლოსაა ქვეყანა 100-თან, იქ ინტერნეტის თავისუფლების მხრივ მდგომარეობა უკეთესია.

ანგარიშში, რამდენიმე მნიშვნელოვან პროცესს შორის, ხაზგასმულია სოციალურ ქსელებში იმ ყალბი გვერდებისა და ანგარიშების გამოვლენა, რომლებიც “მეტას” მტკიცებით, ხელისუფლებასთან იყო დაკავშირებული და მისთვის ხელსაყრელ დეზინფორმაციას ავრცელებდა. ასევე, მარტის საპროტესტო აქციები. კვლევის ერთ-ერთი ავტორი, კვლევითი ანალიტიკოსი გრანტ ბეიკერი, რომელიც ევროპისა და ევრაზიის მიმართულებაზე მუშაობს, „ამერიკის ხმასთან“ საუბარში ხსნის, რომ ეს მოვლენა ორი უმთავრესი კუთხით იყო არსებითი: ერთი ის, რომ „უცხო ქვეყნის აგენტების“ შესახებ კანონი, დამტკიცების შემთხვევაში, ბევრ ონლაინ მედიას, გამოცემას თუ ინიციატივას შეეხებოდა. მეორე მხრივ კი, წარმატებული საპროტესტო ტალღის ორგანიზება აქტივისტებმა და მოქალაქეებმა სწორედ ონლაინ სივრცეში მობილიზებით შეძლეს.

„ფრიდომ ჰაუზის“ ანალიტიკოსების შეფასებით, მსოფლიოში, ქვეყნების უმეტესობაში, ინტერნეტის თავისუფლება არა თუ არ უმჯობესდება, პირიქით, ათწლეულზე მეტიაუარესდება კიდეც. რა ძირითადი მიგნებები გამოკვეთეთ წლევანდელი დაკვირვებით?

რანტ ბეიკერი
რანტ ბეიკერი

„ინტერნეტის თავისუფლების“ ანგარიში არის ყოველწლიური შეფასება, რომელშიც ჩვენ ვაკვირდებით თითოეულ ქვეყანას იმის მიხედვით, თუ რამდენადაა იქ ონლაინ სივრცეში გარანტირებული ის უფლებები, რომლებიც ადამიანებს ჩვეულებრივ ცხოვრებაში უნდა ჰქონდეთ. ამ ანგარიშში 70 ქვეყანაა შეფასებული, აქ მსოფლიოს „ონლაინ მოსახლეობის“ 88% ცხოვრობს. წლევანდელ ანგარიშში ვნახეთ, რომ მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლება, უკვე 13 წელია, თანმიმდევრულად იკლებს. ვხედავთ გამოხატვის თავისუფლებაზე მზარდ შეტევებს. შეფასებული ქვეყნების სამ მეოთხედზე მეტში, ონლაინ საკუთარი აზრის გამოხატვის გამო ადამიანებს აკავებდნენ.

ჩვენ ასევე შევისწავლეთ ხელოვნური ინტელექტის გავლენა დეზინფორმაციის გავრცელებაზე. ზოგ შემთხვევაში, ხელოვნური ინტელექტი, დეზინფორმაციის გავრცელებას უფრო იაფს,ეფექტურს დანაყოფიერს ხდის. . ასევე იმ კუთხით, თუ რა როლი შეიძლება შეასრულოს მან ცენზურის გამოყენებაში, იქნება ეს მთავრობის მხრიდან, თუ პოტენციურად, ონლაინ პლატფორმების მხრიდანაც.

სანამ უშუალოდ საქართველოს შეფასებას განმარტავთ, გვითხარით, როგორ და რით იხსნება ის, რომ ქვეყანას შესაძლოა სრულიად განსხვავებული კატეგორია ჰქონდეს მინიჭებული, ერთი მხრივ, ზოგადი დემოკრატიული ღირებულებების დაცვის, მეორე მხრივ კი - ონლაინ თავისუფლების გარანტირების კუთხით?

ჩვენ ინტერნეტის თავისუფლების შეფასების ცალკე მეთოდოლოგია გვაქვს: ვაკვირდებით ინტერნეტზე წვდომას; არის თუ არა შეზღუდვები ინტერნეტში მასალების სანახავად; იბლოკება თუ არა ვებგვერდები; იშლება თუ არა მასალები; რამდენად ვრცელდება დეზინფორმაცია. და ასევე, რამდენადაა დაცული ან დარღვეული ადამიანის ინდივიდუალური უფლებები, ონლაინ სივრცეში.

Საქართველო, ამ ანგარიშში, თავისუფალ ქვეყნადაა შეფასებული. „მსოფლიო თავისუფლების“ ანგარიშში კი „ნახევრად თავისუფლად“. ამის უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ საქართველოში მცირეა შემზღუდავი კანონმდებლობა ინტერნეტის ცენზურის კუთხით. ასევე, იშვიათია ონლაინ აზრის გამოხატვასთან დაკავშირებით დაკავებები, მაღალია ინტერნეტში მასალებზე წვდომის მაჩვენებელი. ცხადია, ეს განსხვავდება ქალაქებსა და უფრო დაშორებულ სოფლებს შორის, მაგრამ ეს თითქმის ყველგან ასეა.

საქართველოს ონლაინ თავისუფლების გამოწვევებს შორის დეზინფორმაცია და სოციალურ მედიაში ყალბი პირების თუ ყალბი გვერდების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება, უკვე რამდენიმე წელია თქვენს ანგარიშში ხვდება. გვითხარით, რა იყო წელს ამ მხრივ საგულისხმო?

დიახ, უკვე რამდენიმე წელია, ვაკვირდებით დეზინფორმაციის გავრცელების კავშირს პოლიტიკურ პარტიებთან. Მაგრამ, ვფიქრობ, წელს გამორჩეული იყო ის, რომ მაისში „ფეისბუქის“ მმართველი კომპანია „მეტას“ ანგარიშში ვნახეთ, რომ მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი აქტიურად იყენებდა „ფეისბუქისა“ და „ინსტაგრამის“ ყალბ ანგარიშებს იმისთვის, რომ მთავრობისთვის ხელსაყრელი აქცენტები გაევრცელებინა. ეს ონლაინ-გვერდები წაიშალა („მეტას“ მიერ).

ჩვენ ვიცოდით, გვქონდა მტკიცებულებები, რომ ეს ხდებოდა, ეს გზა პოლიტიკური პარტიების მიერ გამოიყენებოდა, მაგრამ იმის ნახვა, რომ ეს უშუალოდ და ოფიციალურად, სამთავრობო უწყებას უკავშირდებოდა, შემაშფოთებელია. მით უფრო, რომ საინფორმაციო ლანდშაფტი უფრო და უფრო მეტადაა ურთიერთინტეგრირებული.

თუმცა, დადებით ნაწილს შორისაა ის, რომ ბოლო წლებში, საქართველო ნაკლებად იყო კიბერთავდასხმის მსხვერპლი. და ამასთან, ონლაინ მედიები და სხვადასხვა ციფრული საშუალება თუ პლატფორმა, საკომუნიკაციო ე.წ. „მესინჯერები“, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყო 2023 წლის მარტის პროტესტის ორგანიზებაში, „უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ“ კანონის წინააღმდეგ. წელს ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ტენდენციები, რაც საქართველოში გამოიკვეთა.

ანუ, მარტში განვითარებულ მოვლენებს ორი მიმართულებით გამოარჩევთ: ერთი, რა რისკებს უქმნიდა ის ონლაინ მოქმედ ორგანიზაციებს, და მეორე - როგორ მობილიზდნენ მოქალაქეები სოციალურ ქსელებში?

დემონსტრანტებმა ძალიან მკაფიოდ თქვეს, რომ ეს კანონპროექტი უკიდურესად ჰგავდა რუსეთის „უცხო ქვეყნის აგენტების“ კანონს. და ჩვენ გვინახავს მისი ამოქმედება სხვა ქვეყნებშიც. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ქვეყნის თავისუფლების ქულა შემცირდა. ეს აკისრებდა ონლაინ მედია საშუალებებს და იმ სამოქალაქო ორგანიზაციებს, რომლებიც ონლაინ სივრცეში ფუნქციონირებენ, გარკვეულ ვალდებულებებს, რაც საბოლოოდ გამოიწვევდა იმას, რომ ეს სივრცე უფრო და უფრო ნაკლებად თავისუფალი გახდებოდა. უფრო გართულდებოდა მათთვის სარეკლამო შემოსავლების მოზიდვა, ბევრ შემთხვევაში, და შემზღუდავი ეფექტი შეიქმნებოდა საერთაშორისო დონორებთან მუშაობის თვალსაზრისითაც.

ასე რომ, ერთი მხრივ, ეს პროტესტი დიდწილად სწორედ ონლაინ სივრცეში არსებული მექანიზმებით იყო ორგანიზებული და მეორე მხრივ, თუკი ეს კანონი მიღებული იქნებოდა, ის შემზღუდავი იქნებოდა იმ ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებებისთვის, რომლებიც ონლაინ ფუნქციონირებენ.

ანგარიშში ახსენებთ ლაზარე გრიგორიადისის დაკავების საქმესაც, თუმცა შეფასებების გარეშე...

Ჩვენ, როგორც წესი, ვაფასებთ იმ დაკავებებს, რომლებიც ციფრულ სივრცეში გამოხატვის თავისუფლებას ეხება. დიახ, ჩვენ ვახსენეთ ეს დაკავება, რომელიც ამ პროტესტთან დაკავშირებით მოხდა, თუმცა რადგან ჩვენი მეთოდოლოგია მაინც უფრო ონლაინ სივრცესთან დაკავშირებულ მოვლენებს იკვლევს, ჩვენ ვახსენებთ ამას, რადგან ვიცით რომ ეს მოხდა. მაგრამ, ვფიქრობ, „მსოფლიო თავისუფლების“ შესახებ ანგარიშში ამის უფრო სიღრმისეულ შეფასებას ვნახავთ.

წლევანდელ ანგარიშში საუბარია იმაზეც, რომ საჯარო მოხელეები ფრთხილობენ ონლაინ სივრცეში აზრის გამოხატვას, რადგან დამსაქმებლისგან შურისძიების ეშინიათ. რამდენად დიდ პრობლემად მიგაჩნიათ ეს ქვეყანაში, სადაც წლების განმავლობაში საუბრობენ საჯარო სექტორში დასაქმებულთა პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენებაზე?

თვითცენზურის შეფასება და გაზომვა ყოველთვის ძალიან ძნელია, მაგრამ ვცდილობთ, ეს რაც შეიძლება კარგად მოვახერხოთ.. წლების განმავლობაში, საქართველოში გვინახავს რამდენიმე შემთხვევა, როცა საჯარო მოხელეები ამბობენ, რომ ისინი გრძნობენ, არ შეუძლიათ აზრის გამოხატვა ონლაინ სივრცეში. Ცხადია, ეს თავისთავად იმასაც უკავშირდება, რაზეც აქამდეც ვისაუბრეთ: როცა არსებობს სამთავრობო სააგენტო, რომელიც მთავრობის ხელსაყრელ ნარატივსა და ინფორმაციას ყალბი ანგარიშების გამოყენებით ავრცელებს. Ცხადია, ეს ალბათ არც ისე კარგი ნიშანია საჯარო მოხელეებისთვის, გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობის თაობაზე.

საქართველო წლებია რუსული დეზინფორმაციის მნიშვნელოვანი სამიზნეა. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, პროპაგანდის მანქანა გაძლიერდა, განსაკუთრებით, ონლაინ სივრცეში. ხედავთ თუ არა ამას თქვენი შეფასების პროცესში?

დიახ, საქართველო წლების განმავლობაში იყო და რჩება რუსეთის დეზინფორმაციის სამიზნედ. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ კი რუსეთმა კიდევ უფრო გაააქტიურა ძალისხმევა საიმისოდ, რომ ყველგან, მაგრამ განსაკუთრებით კი მაინც ევროკავშირის ქვეყნებში, უკრაინისადმი მხარდაჭერა შეამციროს და „გატეხოს“. ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში რუსული დეზინფორმაციის ტაქტიკა მნიშვნელოვნად შეიცვალა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ვხედავთ მის გაძლიერებას და გააქტიურებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ - მთელ ევროპაში.

XS
SM
MD
LG