ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ფრიდომ ჰაუზი": საქართველოში ონლაინ დეზინფორმაცია და "ტროლინგი" განსაკუთრებული პრობლემაა


"ინტერნეტის თავისუფლება - 2019" - "ფრიდომ ჰაუზის" ანგარიში
"ინტერნეტის თავისუფლება - 2019" - "ფრიდომ ჰაუზის" ანგარიში

„მთავრობები მთელ მსოფლიოში უფრო და უფრო მეტად იყენებენ სოციალურ მედიას იმისთვის, რომ საკუთარ ქვეყნებში არჩევნებზე გავლენა მოახდინონ და საკუთარ მოქალაქეებს უთვალთვალონ“, - ვკითხულობთ ინტერნეტის თავისუფლების შესახებ „ფრიდომ ჰაუზის“ ახალ, ყოველწლიურ ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლება უკვე მეცხრე წელია უწყვეტად იკლებს. შეფასებული 65 ქვეყნიდან 47-ში პოლიტიკური, სოციალური თუ რელიგიური გამოხატვის გამო ადამიანებს აკავებდნენ.

„ტროლინგი, კონკრეტულად კი მთავრობასთან დაკავშირებული ბოტებისა და მომხმარებლების მიერ, გააქტიურდა. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი ივნისის პროტესტისა და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას იყო."

საქართველო ევრაზიის რეგიონში, სომხეთთან ერთად 75 ქულით ერთ-ერთი ლიდერია და თავისუფალი ქვეყნების რიცხვშია. ნახევრად თავისუფალი ქვეყნებია ყირგიზეთი და უკრაინა. არათავისუფალ ქვეყნებადაა კლასიფიცირებული: აზერბაიჯანი, ბელორუსი, ყაზახეთი, რუსეთი და უზბეკეთი.

საქართველოს ნაწილში მკვლევარებმა ცენზურისა და რეგულაციების სიმცირესთან და სხვა ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვან უპირატესობებთან ერთად, იმ გამოწვევებზეც ისაუბრეს, რამლებიც გასული წლების კვლევისას ამ მასშტაბით არ წარმოჩენილა. მაგალითად დეზინფორმაციისა გავრცელება პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციის მიზნით და „ტროლინგი“, როგორც საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების მექანიზმი. ანგარიში ამტკიცებს, რომ ამ მეთოდს პრო-სამთავრობო ჯგუფებთან ერთად, ზოგ შემთხვევაში ოპოზიციის მხარდამჭერი და მის მიმართ კეთილგანწყობილი ჯგუფებიც იყენებენ.

ანგარიშის საკვლევი პერიოდი 2018 წლის ივნისიდან 2019 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს, თუმცა საქართველოს შემთხვევაში გამონაკლისის სახით აღინიშნა 2019 წლის ივნისში განვითარებული მოვლენებიც.

„ტროლინგი, კონკრეტულად კი მთავრობასთან დაკავშირებული ბოტებისა და მომხმარებლების მიერ, გააქტიურდა. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი ივნისის პროტესტისა და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას იყო. გარდა ამისა, რამდენიმე მაღალი რანგის/ცნობილი შემთხვევები ონლაინ შეურაცხყოფისა და შევიწროებისა, კვლავ აუარესებს ინტერნეტ ლანდშაფტს“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

„ამერიკის ხმა“ „ფრიდომ ჰაუზის“ კვლევის - „ინტერნეტის თავისუფლება - 2019“ -ის ერთ-ერთ ავტორს, მკვლევარ ნოა ბაიონს ესაუბრა. ბაიონი კვლევის ევროპისა და ევრაზიის ნაწილზე მუშაობდა.

- წლევანდელ ანგარიშს „სოციალური მედიის კრიზისი“ ჰქვია. რა იწვევს კრიზისს, რა არის ის გლობალური ტენდენციები, რომლებიც ამგვარ შეფასებას იმსახურებს?

სოციალური მედია მთელ ევრაზიაში, მათ შორის საქართველოშიც, უფრო და უფრო „დაბინძურებული“ სფერო ხდება. გვხვდება მოსაზრებები და სენსაციები, რომელთა უმეტესობაც მცდარია და გამავრცელებელი დისკუსიების ისეთი მიმართულებით წარმართვას ცდილობს, როგორც ისინი ბუნებრივად, შეიძლებოდა, არ წარმართულიყო.

კრიზისი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ორი მიმართულებით იშლება: პირველი: სოციალურ მედიას იყენებენ როგორც ავტორიტარი ლიდერები ავტორიტარულ ქვეყნებში, ისე პოპულისტები დემოკრატიულ სახელმწიფოებში იმისთვის, რომ საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება მოახდინონ და ეს არჩევნების შედეგებზე აისახოს.

მეორე მხრივ, სოციალური მედია ლიდერებსა და მთავრობებს აძლევს საშუალებას, რომ მოიპოვონ იმდენად დიდი ინფორმაცია, რაც მათ მასობრივი, უპრეცედენტო მასშტაბის თვალთვალის შესაძლებლობას აძლევს.

- ეს უბრალოდ მზარდი ტენდენციაა, რომელმაც წელს თქვენი განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია, თუ რაღაც, სავსებით ახალი?

ეს ნამდვილად ბევრი წლის განმავლობაში ყალიბდებოდა. ვფიქრობ, მსოფლიომ სოციალურ მედიაში დეზინფორმაციის გამოწვევას თვალი მხოლოდ 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებისას გაუსწორა. რა თქმა უნდა, ამას ჰქონდა წინაპირობებიც, მაგრამ სოციალურმა მედიამ განაგრძო ზრდა, ის უფრო პოპულარული ხდება და იმის შესაძლებლობაც, რომ ის შეუფერებელი მიზნებით გამოიყენონ, შესაბამისად იზრდება.

- რა უმთავრესი ტენდენციები გამოვლინდა ევრაზიის რეგიონში?

ევრაზიაში ინტერნეტის თავისუფლების მხრივ შერეული სურათი რჩება. არის ნათელი წერტილები საქართველოსა და სომხეთის სახით და მეორე მხრივ, გვაქვს რუსეთი და ყაზახეთი, რომლებიც რჩება ყველაზე მეტი გამოწვევის მქონე გარემოდ ინტერნეტის თავისუფლებისთვის მებრძოლებისთვის. ევრაზიაშიც იგივე ტიპის მოვლენების განვითარებას ვხედავთ, რასაც, ზოგადად, მსოფლიოში.

ივან გოლუნოვის მხარდამჭერი აქცია მოსკოვში
ივან გოლუნოვის მხარდამჭერი აქცია მოსკოვში

აქაც ხდება მოქალაქეების თვალთვალი და მიყურადება. განსაკუთრებით კი რუსეთსა და ყაზახეთში. ამას გარდა, სოციალური მედია მთელ ევრაზიაში, მათ შორის საქართველოშიც, უფრო და უფრო „დაბინძურებული“ სფერო ხდება, თუ შეიძლება ასე ითქვას. გვხვდება მოსაზრებები და სენსაციები, რომელთა უმეტესობაც არის მცდარი და მათი გამავრცელებელი საჯარო დისკუსიების ისეთი მიმართულებით წარმართვას ცდილობს, რა მიმართულებითაც, ბუნებრივად, შეიძლებოდა, ისინი არ წარმართულიყო.

ერთ-ერთი საინტერესო ტენდენცია ევრაზიაში არის ის, რაც პირველად რუსეთში გამოიყენეს, შეიძლება იცოდეთ წლევანდელი, 1-ლი ნოემბრის გადაწყვეტილება ე.წ. „სუვერენული ინტერნეტის“ თაობაზე. (რუსეთში პირველი ნოემბრიდან ამოქმედდა კანონი, რომელიც ხელისუფლებას ფართო შესაძლებლობებსა და უფლებებს აძლევს, რომ ინტერნეტის გამოყენება შეზღუდოს. მას შეეძლება რუსეთში ონლაინ გვერდები თუ პლატფორმები „გადაუდებელი საჭიროების“ მიზეზით გათიშოს, ან დაბლოკოს მსოფლიო, გლობალურ ქსელთან კავშირი. მთავრობა ამას კიბერ-უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით ხსნის.)

დეზინფორმაციას არა მხოლოდ რუსეთის მიერ ზურგგამაგრებული აქტორები ავრცელებენ, არამედ, შიდა პოლიტიკური სპექტრის პრაქტიკულად ყველა მხარე.

ეს კანონი ცდილობს რუსეთის ტერიტორიულ საზღვრებში ინტერნეტის მოქცევას, მისი იზოლირებული ვერსიის შექმნას. ნაკლები მასშტაბით იგივე მოდელი სხვა ქვეყნებშიც იყო გამოყენებული, იქნება ეს ყაზახეთი, აზერბაიჯანი თუ ბელორუსი, მაგრამ ამ სახელმწიფოების ტექნოლოგიური შესაძლებლობები არ არის რუსეთის მსგავსი.

კიდევ ერთი ტენდენცია, რომელსაც ვხედავდით, არის რიგითი მოქალაქეების იმის გამო გასამართლება, რაც მათ სოციალურ მედიაში თქვეს. ჩვენ ეს ვნახეთ საქართველოში, ბელორუსში, რუსეთსა და ყაზახეთში: რიგითი მოქალაქეები, რომლებიც საუბრობდნენ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, იყვნენ დაკავებულნი, პოლიციის განყოფილებებში გადაყვანილნი და ზოგ შემთხვევაში გასამართლებულ-დაპატიმრებულნიც კი. იქნებოდა ეს „ფეისბუქი“, „Vkontakte” თუ სხვა პლატფორმები.

- რა ადგილი უკავია ამ ტენდენციებში საქართველოს? კვლევაში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული მთავრობასთან დაკავშირებულ ბოტებსა და მომხმარებლებზე, რომელთა ქმედებებიც აქტიური იყო, მაგალითად, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას და 2019 წლის ივნისის ანტისამთავრობო პროტესტისას. რას ნიშნავს ეს?

საქართველო ნამდვილად არის ნათელი წერტილი ამ ანგარიშში. ინტერნეტის თავისუფლება არის არათუ ორპარტიული არამედ, მრავალპარტიული, მრავალი მხარის მიზანი და ბევრი კუთხით ინტერნეტი საქართველოში არის იმაზე თავისუფალი, ვიდრე ოდესმე ყოფილა; უმჯობესდება ინტერნეტზე წვდომის მაჩვენებელი; ნაკლები შეზღუდვაა შინაარსის მხრივ; არ გვინახავს ვებ-გვერდების მნიშვნელოვანი დაბლოკვა, ან შინაარსობრივი მასალის მოხსნა, რაც აღნიშვნად შეიძლება ღირდეს.

ჩვენ ვნახეთ, რომ 2019 წლის ივნისში განვითარებული მოვლენებისას არაერთი სოციალური გვერდი თუ ინდივიდუალური პირის ანგარიში ცდილობდა პროსამთავრობო ნარატივის გაძლიერებას. ვხედავთ ასევე ულტრა-მემარჯვენე ანგარიშების შემქმნელებსაც, რომელთა ნაწილი შეიძლება დაკავშირებული რუსეთთან, მაგალითად, რომლებიც ავრცელებდნენ ყალბ ცნობებს „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით.

ამ წელს ვნახეთ სხვა მისასალმებელი ცვლილებაც, როგორიცაა მაგალითად, ახალ კონსტიტუციაში ინტერნეტზე წვდომისა და მისი თავისუფალი მოხმარების უფლების განსაზღვრების გაჩენა. ასევე ის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიუღებლად იქნა მიჩნეული მარეგულირებელი კომისიის სადავო რეგულაცია, ე.წ. „მიუღებელი შინაარსის მქონე მასალის“ თაობაზე. ეს ინტერნეტის თავისუფლების დაცვის ახალი საფეხური, მაღალი ხარისხია.

რაც შეეხება მანიპულაციას მთავრობის მხრიდან, ვიტყოდი, რომ მხოლოდ პრო-სამთავრობო კომენტატორები არ ცდილობენ საქართველოში ონლაინ საინფორმაციო ლანდშაფტით მანიპულირებას. ეს ქვეყნის ყველა ჯგუფს ეხება. ჩვენ ვნახეთ, რომ 2019 წლის ივნისში განვითარებული მოვლენებისას არაერთი სოციალური გვერდი თუ ინდივიდუალური პირის ანგარიში ცდილობდა პროსამთავრობო ნარატივის გაძლიერებას. ვხედავთ ასევე ულტრა-მემარჯვენე ანგარიშების შემქმნელებსაც, რომელთა ნაწილი შეიძლება დაკავშირებული იყო რუსეთთან, მაგალითად, რომლებიც ავრცელებდნენ ყალბ ცნობებს „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით. იგივე ხდებოდა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც 2018-ში. ორივე მხარე იყენებდა „ფეისბუქის“ ვგვერდებსა და ანგარიშებს, იმისთვის რომ ოპონენტებისთვის ჩირქი მოეცხო. არ ვიტყოდი, რომ ერთი მოქმედი პირია ან პირების ერთი ჯგუფი, უფრო ალბათ ბევრი სხვადასხვა ინტერესია, რაც გამოცოცხლდა სოციალური მედიის პოტენციალის გამო და ამ მიმართულებით საჯარო დისკუსიების კიდევ უფრო მეტად მართვასა და „დაბინძურებას“ ცდილობს.

ერთ-ერთი შემთხვევა, რასაც ხაზი გავუსვით, იყო სექსუალური განათლების საკითხებზე მომუშავე აქტივისტის ტროლინგი და შევიწროება. პრობლემაა სიძულვილის ენაც. ეს არაა საკუთრივ ქართული მოვლენა, თუმცა ზოგჯერ ამან შეიძლება განსაკუთრებული ხასიათი შეიძინოს პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე.

- ონლაინ სივრცის „დაბინძურებას“ და დისკუსიების წარმართვაზე საუბრობთ, ხედავთ ამ ყველაფერში კრემლის დეზინფორმაციული მანქანის კვალს?

შეიძლება ძნელი იყოს რომ ამ ტიპის შიდა დეზინფორმაციის ოპერაციებში რუსული ანაბეჭდები დავაფიქსიროთ. „ფეისბუქი“ ბევრ რამეს აკეთებს იმისთვის, რომ გაუქმდეს ის ანგარიშები, რომელთა სამიზნეც მათ შორის ქართველი მომხმარებელია. მათ შორისაა ისეთი ანგარიშებიც, რომლებიც შესაძლოა რუსეთს უკავშირდება. თუმცა კიდევ ერთხელ გავუსვამდი ხაზს იმას, რომ დეზინფორმაციას არა მხოლოდ რუსეთის მიერ ზურგგამაგრებული აქტორები ავრცელებენ, არამედ, პრაქტიკულად ყველა მხარე შიდა პოლიტიკური სპექტრისა.

- ამბობთ, რომ არა მხოლოდ უცხო ქვეყნის ძალები, არამედ ქვეყნის შიგნით მოქმედი პირები, პარტიები თუ მათთან დაკავშირებული ან მათდამი კეთილგანწყობილი ჯგუფები აქტიურად ავრცელებენ დეზინფორმაციას ონლაინ. როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა ამან ხელი შეუწყოს ზოგადად ინტერნეტის და ინტერნეტით მიღებული ინფორმაციის დისკრედიტებას? მისი სანდოობისა და ღირებულების, მნიშვნელობის დაკნინებას საზოგადოების თვალში?

ლიდერები უკეთ და უკეთ იაზრებენ, რომ ონლაინ-პროპაგანდა უფრო ეფექტურია, ვიდრე - ცენზურა. საქართველოში ძალიან ცოტა საიტია დაბლოკილი, მაგრამ ძალიან ბევრი დეზინფორმაციაა, რომელიც აბინძურებს ონლაინ სივრცეს.

ვფიქრობ, ეს შესანიშნავი შეკითხვაა. ონლაინ სივრცეში ბევრი ხმა ისმის, ზოგი მათგანი სანდოა, ზოგი - არა. არ მინდა ამის შესახებ ძალიან ზოგადად ვილაპარაკო. მაგრამ მოსაზრებების ბევრი კვლევა აჩვენებს, რომ ახალგაზრდებში ონლაინ-წყაროების მიმართ გამორჩეულად დიდი ნდობა არსებობს. თუმცა, მეორე მხრივ ვხედავთ, რამდენად შეიძლება იყოს „ჰიპერ-პარტიზანული“, უკიდურესად პოლარიზებული მოსაზრებები დაწინაურებული იმის გამო, რომ სოციალური მედიის ალგორითმები ასე მუშაობს, აძლიერებს ამგვარ მასალას პლატფორმებზე.

ინტერნეტი მეტ ხალხს აძლევს წვდომას უფრო სანდო ინფორმაციაზე, მაგრამ ამავე დროს უფრო მეტი ადამიანი აღმოჩნდება სიძულვილის შემცველი ტოქსიკური თუ უბრალოდ არასწორი ინფორმაციის პირისპირ.

- ქვეყნების რეიტინგი განსხვავდება თქვენი ორგანიზაციისავე სხვადასხვა ანგარიშებში, რაც გასაგებიცაა, ზოგიერთი ანგარიში კონკრეტული კრიტერიუმებით აფასებს ზოგიერთ სპეციფიკურ მიმართულებებს ქვეყნის განვითარებისა, ზოგი კი ფართოდ, დემოკრატიულ განვითარებას აკვირდება. თუმცა რას შეიძლება ეს მაინც ნიშნავდეს საქართველოს შემთხვევაში, როდესაც „თავისუფლება მსოფლიოში“ - ამ ანგარიშში ის „ნახევრად თავისუფალ“ ქვეყნად რჩება, ინტერნეტის თავისუფლების მხრივ კი მყარად „მწვანეა“?

დიახ, ეს ანგარიშები სხვადასხვა რამეს აკვირდება და უჩვეულო არაა, რომ ქვეყნებში შესაძლოა ინტერნეტი უფრო თავისუფალი იყოს, ვიდრე ზოგადი პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობა. მაგალითად, რუსეთში ონლაინ შეგიძლია თქვა და გააკეთო ის, რასაც „ოფლაინ“ ვერ გააკეთებ. ეს შეუსაბამობა არაა უჩვეულო. მე ვერ შევაფასებ ქვეყნის შიდა პოლიტიკას, მაგრამ ინტერნეტის თავისუფლების კუთხით სამართლებრივი და პოლიტიკური პერსპექტივით, ბევრი ცვლილება მეტი თავისუფლებისკენ იყო მიმართული. საქართველოში ნამდვილად არის ჯანსაღი ხმების მრავალფეროვნება.

- როგორია თქვენი რეკომენდაციები იმისთვის, რომ მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლების კლების ცხრა წელი, გაუმჯობესებით შეიცვალოს?

ჩვენი ანგარიში მთავრდება ამ სიტყვებით: „ინტერნეტის თავისუფლების მომავალი დამოკიდებულია ჩვენს შესაძლებლობაზე რომ „შევაკეთოთ“, გავაუმჯობესოთ სოციალური მედია.“ ეს კი ნიშნავს იმ კრიზისის მოგვარებას, რაზეც დასაწყისში ვსაუბრობდით.

სახელმწიფოსა და კორპორაციების მხრიდან საჭიროა ახალი წესების დანერგვა, რომლებიც უზრუნველყოფს მეტ გამჭვირვალობას, მეტ ანგარიშვალდებულებას, რომელიც ტოქსიკურ ნარატივებს საჯარო დისკურსის ხელოვნურად შეცვლაში ხელს შეუშლის. მეორე მხრივ, კი უფრო ღრმად, გლობალურად უნდა შევხედოთ იმას, რომ სოციალური მედია ხელისუფლებებს თვალთვალის და ე.წ. ციფრული ავტორიტარიზმის დამყარების საშუალებას აძლევს.

საქართველოს რაც შეეხება, ჩვენ გვიხარია იმ დადებითი ცვლილებების ნახვა, რაზეც ვისაუბრეთ, თუმცა ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ლიდერები უკეთ და უკეთ იაზრებენ, რომ ონლაინ-პროპაგანდა უფრო ეფექტურია, ვიდრე - ცენზურა. საქართველოში ძალიან ცოტა საიტია დაბლოკილი, მაგრამ ძალიან ბევრი დეზინფორმაციაა, რომელიც აბინძურებს ონლაინ სივრცეს. ყურადღებით უნდა ვიყოთ იმის მიმართ, რომ ტენდენციები ხელისუფლების მიდგომებშიც იცვლება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG