ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბერენტი: მედია საქართველოში პოლარიზებულია


უფლებადამცველი ორგანიზაციის, Freedom House-ის ევროპისა და ევრაზიის პროგრამების დირექტორი მარკ ბერენტი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, "რუსთავი 2" ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს და ქართულ მედია გარემოს აფასებს.

დიდი მადლობა, რომ დრო გამონახეთ. როგორ შეაფასებდით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსთავი 2-თან დაკავშირებით?

სტრასბურგის სასამართლომ დაინახა, რომ საქართველოში იურიდიული პროცესი სამართლიანად მიმდინარეობდა. ვიცი, რომ ეს ძალიან საკამათოა საქართველოში. პრობლემაა, რომ დემოკრატიულ დავაზე მეტად პოლიტიკური დავა წამოიწევს ხოლმე წინ. როდესაც გარკვეული ადამიანები ამბობენ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ბატონმა პუტინმა, ან ბატონმა ივანიშვილმა მოისყიდა, ეს გვანახებს, რომ მთავარია გაიმარჯვონ და არ აქვს მნიშვნელობა როგორ გაიმარჯვებენ. ასე რომ, ერთის მხრივ მიხარია, რომ კანონი აღესრულება ქვეყანაში, და რომ თუნდაც, ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს სასამართლო ნორმალურ პროცესს გადიოდა. ცხადია, ძალიან რთულია ახლა იმის დადგენა ვინ როდის რას ფლობდა, ეს კომპლექსური საკითხია. მაგრამ უნდა ვთქვა, რომ იმდგაცრუებული ვარ ამ პროცესის პოლიტიზებით.

იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რაც ახლა ქართულ მედიასა და პოლიტიკურ სისტემაშია და მაშინ, როცა 2020 წლის არჩევნები მოდის, თვლით თუ არა, რომ მნიშვნელოვანია კრიტიკული, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიის არსებობა?

დამოუკიდებელი მედიის არსებობა, წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია ნებისმიერი პოლიტიკური პროცესისთვის. დიახ, კრიტიკული მედია მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია არსებობდეს სანდო ინფორმაცია. არ შეიძლება, რომ ინფორმაციის 95% იყოს პოლიტიზირებული აზრი და 5% ახალი ამბავი, პირიქით უნდა ხდებოდეს. თუ დავინახავთ, რომ ქართველი ჟურნალისტები, აიძულებენ საკუთარ თავს, მართლაც ასე იმუშაონ, მაშინ მნიშვნელობა ექნება იმას, თუ ვინ ფლობს მედიას. კარგი იქნებოდა ჟურნალისტებს უარი ეთქვათ კომპრომისზე და გაეშუქებინათ ახალი ამბები მიუკერძოებლად და არა ვინმეს პოლიტიკური არგუმენტის სასარგებლოდ. მაგრამ ვფიქრობ, ჯერ კიდევ არსებობს სივრცე რეალური ახალი ამბების გასაშუქებლად. ხალხს მხოლოდ ინფორმაცია სჭირდება, ამ ინფორმაციის ახსნა და ნდობის გაჩენა იმაზე, თუ რას და როგორ უხსნიან.

თუმცა, ასევე ვფიქრობ, რომ ქართული მედია ბაზარი მაღაზია არ არის. ახლა "რუსთავი 2" თამაშობს იმ როლს როდესაც კონკრეტული ოპოზიციური პარტიები მათი მეშვეობით ავრცელებენ ინფორმაციას და ეს მათთვის მნიშვნელოვანია. ასევე აუცილებელია, რომ ვინმე მთავრობას აკრიტიკებდეს და არ ვთვლი, რომ არჩევნებამდე ჩვენ ამ ხმას ვეღარ გავიგებთ მედიაში.

რუსთავი 2-ის ჟურნალისტებს წლების წინ უკვე ჰქონდათ ხალვაშთან მუშაობის გამოცდილება და ისინი ამბობენ, რომ სწორედ ის განსაზღვრავდა სარედაქციო პოლიტიკას, ფიქრობთ, რომ იგივე ახლაც შეიძლება მოხდეს?

სარედაქციო პოლიტიკაზე მორგების მაგივრად, ჟურნალისტებს, რომ ახალი ამბები გაეშუქებინათ, უფრო მეტად დაიცავდნენ საკუთარ თავს მედია მფლობელებისგან. ეს დიდი და რთული პრობლემაა, ბევრად უფრო დიდი, ვიდრე ერთი ჟურნალისტი, „რუსთავი2“ ან ქართული მედია გარემო, ეს პრობლემა მთელს მსოფლიოშია გავრცელებული. მისი გადაჭრა ადვილი არაა, გამოსავალი მაინც ჟურნალისტიკაში მგონია. ჟურნალისტურ ერთობაში, სოლიდარობაში ერთმანეთის მიმართ. სწორედ ასე შეუძლიათ იპოვონ იმის ძალა, რომ დაიბრუნონ პროფესია. თუმცა, გეთანხმებით ამის საფრთხე არსებობს. ძნელია იყო ქართველი ჟურნალისტი, ყოველთვის ასე იყო.

მესმის რასაც ამბობთ, თუმცა, ასევე გაჟღერდა აზრი, რომ თუ ახალი მფლობელი არ ჩაერევა სარედაქციო პოლიტიკაში, მაშინ ის გააკოტრებს კომპანიას. რეალურად გეჩვენებათ თუ არა ეს ვარიანტი?

არ ვიცი.თუ რუსთავი 2-ის ჟურნალისტები, ან პოლიტიკური ძალები, რომლებიც წარსულში რუსთავი 2-ს აკონტროლებდნენ, და თქვენ გადაწყვიტეთ რამდენი ხნის განმავლობაში ხდებოდა ეს, ვერ გამოიყენებენ ტელევიზიას, როგორც საკუთარი ხმის გავრცელების გზას, მაშინ ისინი სხვა ვარიანტს იპოვიან.

როგორ შეაფასებთ ქართულ მედია გარემოს? ფიქრობთ თუ არა რომ ის პოლარიზებულია, ან იქნებ არიან მედია საშუალებები, რომლებიც სრულად დამოუკიდებლები არიან?

ვფიქრობ, მედია საქართველოში პოლარიზებულია. თუმცა მედია გარემო, ასევე შედარებით თავისუფალია. ასე რომ შესაძლებელია ჟურნალისტმა დაწეროს გასაგიჟებლად კრიტიკული გამოძიება და მას არავინ დაიჭერს ან მოკლავს. ყველგან ასე არ ხდება, რა თქმა უნდა. ვფიქრობ ქართველი ხალხი ამაყი უნდა იყოს, რომ ამას მიაღწიეს. მიუხედავად იმისა, რა მოუვა რუსთავი 2-ს, დარწმუნებული ვარ, რომ მედია ბაზარი განვითარდება და საჭიროების მიხედვით მოიქცევა, ახალი მედია გამოცემებიც გამოჩნდება, სადაც ის კრიტიკული აზრი, რაზეც საუბრობთ გაჟღერდება.

XS
SM
MD
LG