ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერორიზმის საფრთხე საფრანგეთში


ფრანგი ჯარისკაცები მალიში
პარიზში, ეიფელის კოშკის გარშემო სამხედროების პატრული მოძრაობს. დედაქალაქის რაიონებში საფრანგეთის მთავრობამ 700 ჯარისკაცი განალაგა . ეს ყველაფერი კი მალიში ფრანგული სამხედრო ძალების ინტერვენციის ფონზე ხდება. ისლამისტური ვებგვერდები მუსლიმებს ჯიჰადისკენ და საფრანგეთზე შეტევისკენ მოუწოდებენ.

ჟან შარლ ბრისარი ტერორიზმის საკითხებს იკვლევს.

„ისინი აფრიკაში შურისძიებისკენ მოუწოდებენ, რადგან ამ ჯგუფებს აფრიკაში შეეძლებათ შურისძიების აქტების განხორციელება. რაც შეეხება საფრანგეთს, ისინი ახალ „მოჰამედ მერაჰებს“ გამოიყენებენ, რაც ნიშნავს იმას, რომ საფრანგეთის შიგნით ტერორიზმის გაძლიერებას შეუწყობენ ხელს,“ - ამბობს ბრისარი.

საფრანგეთის სამხრეთში ქალაქ ტულუზაში სამი ჯარისკაცის და ოთხი ებრაელის მკვლელობას დიდი რეზონანსი მოყვა. თავდამსხმელმა საფრანგეთში დაბადებულმა მოჰამედ მერაჰმა განაცხადა, რომ მან ავღანეთში საფრანგეთის ძალების მოქმედების გამო იძია შური. გამოძიებამ დაადგინა, რომ მერაჰი „მარტოხელა მგელი“ არ იყო. ანალიტიკოსი ბრისარი ამბობს, რომ მასთან რამდენიმე აქტიური ქსელი იყო დაკავშირებული.

„საფრანგეთში დაახლოებით 30-მდე უჯრედი არსებობს, რომლებიც ფინანსურად ან მატერიალურად ისლამურ მაღრიბში ალ-ყაიდას უჭერენ მხარს,“ - ამბობს ბრისარი.

უსაფრთხოების ზომები ასევე გამკაცრებულია პარიზის მეტროსა და რკინიგზის სადგურებში. 2005 წელს ლონდონში და 2004 წელს მადრიდში ტერიორისტებმა სწორედ სატრანსპორტო სისტემებზე მიიტანეს იერიშები.

თუმცა ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ამჯერად ყველაზე დიდი საფრთხე აფრიკაში საფრანგეთის და დასავლეთის ინტერესებს ექმნება. ეს ალჟირში, უცხოელი მოქალაქეების მძევლად აყვანის ფაქტმაც დაადასტურა, რომელთა გათავისუფლების ოპერაციას 37 მძევალი შეეწირა. ასევე საფრანგეთმა 2500 ჯარისკაცი გააგზავნა მალიში და სპეციალური ძალები განალაგა ნიგერში, სადაც ურანის საბადოების დაცვა აიღო თავის თავზე.

„საფრანგეთის ელექტრომომარაგების ოცი პროცენტი საჰელის ურანის საბადოებზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ევროპის ეკონომიკის ზრდა მნიშვნელოვანწილად საფრანგეთის ეკონომიკის სიჯანსაღეს ეფუძნება,“ - ამბობს ევროპის კოლეჯის პროფესორი დემიენ ჰელი.

ტერორიზმის გაზრდილი საფრთხის მიუხედავად, ბოლო გამოკითხვების თანახმად, ფრანგების 65 პროცენტი მალიში ინტერვენციას მხარს უჭერს.
XS
SM
MD
LG