ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთი უცხოელებისთვის კოვიდ-შეზღუდვებს ამკაცრებს


გზაჯვარედინი ეიფელის კოშკთან პარიზში, საფრანგეთი

მზარდი ინფიცირების ფონზე, საფრანგეთმა დღეს განცხადება ახალ კოვიდ-რეგულაციებზე გააკეთა. იზღუდება ქვეყანაში უცხოელთა ტურისტული და საქმიანი ვიზიტების რიცხვი. საფრანგეთი მიღებულ ზომებს ომიკრონის ვარიანტის სწრაფი გავრცელებით ხსნის.

ზომები განსაკუთრებით მკაცრდება ბრიტანეთთან მიმართებაში, საიდანაც პარიზი მხოლოდ საფრანგეთის მოქალაქეებს მიიღებს. გამონაკლისს შორის იქნებიან სატვირთო მანქანების მძღოლები, რათა არ მოხდეს მომარაგების შეფერხება. ასევე დაშვებული იქნებიან ისინი, ვინც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სფეროებშია დასაქმებული, მიდიან ნათესავის დაკრძალვაზე, ან სამედიცინო მიზნებით.

შეზღუდვები, რომლებიც აქამდე მხოლოდ აუცრელ ვიზიტორებზე ვრცელდებოდა, ახლა საფრანგეთის ნებისმიერ სტუმარს შეეხება. ქვეყანაში შესვლისთვის უცხოელებს კოვიდ-19-ზე ბოლო 24 საათში აღებული ანტიგენის, ან პი-სი-არ ტესტის უარყოფითი პასუხი მოეთხოვებათ. აქამდე კოვიდ-ტესტის ვადა 48 საათით იყო განსაზღვრული.

ამას გარდა, ქვეყნის სტუმრებს 7-დღიანი თვითიზოლაციაც მოეთხოვებათ. საფრანგეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ახალი რეგულაციები ძალაში პარასკევს შუაღამით შედის.

ოთხშაბათს, დღის ბოლოს გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებით, ბრიტანეთში ახლა კორონავირუსით ინფიცირება გაცილებით მაღალია, ვიდრე 2020 წელს, პანდემიის დასაწყისიდან მოყოლებული დღემდე. გაერთიანებულ სამეფოში ბოლო ერთ დღეში ახლადინფიცირების დადასტურებული მონაცემი 78 000-ს აღემატებოდა.

საფრანგეთში იმავე დღეს, ბოლო 24 საათში ინფიცირების 65 713 შემთხვევა აღირიცხა. კოვიდ-19-ის გართულებებით გარდაცვლილთა რიცხვი კი 120 983-ს აღწევს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG