პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ბერნარ კაზნევი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი დანიშნა. კაზნევმა თავი დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” მიერ ორგანიზებული ტერაქტების გამოძიების წარმართვით გამოიჩინა. მათ შორის იყო შარშან მომხდარი რამდენიმე კოორდინირებული იერიშიც, რომლებშიც 130 ადამიანი დაიღუპა. ბოლო ორი წლის მანძილზე, საფრანგეთში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმებში მსხვერპლის რაოდენობა 200-ს აღემატება.
ბერნარ კაზნევმა პრემიერის პოსტზე მანუელ ვალსი შეცვალა, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით, თანამდებობა ოფიციალურად დღეს დატოვა. 54 წლის ვალსი შეეცდება 2017 წლის გაზაფხულზე დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, სოციალური პარტიის ნომინაცია მოიპოვოს. პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი არასაკმარისი მხარდაჭერის გამო, კენჭს მეორე ვადით აღარ იყრის.