ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთს მალიდან ჯარები გაჰყავს


ისლამისტების წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო ოპერაციიდან ერთი თვის თავზე საფრანგეთის ჯარებს საერთაშორისო სამშვიდობოები ჩაანაცვლებენ

საფრანგეთში პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის უღიმღამო რეიტინგი მალიში ტრიუმფალური ვიზიტის შემდეგ ერთიორად გაიზარდა.

ბამაკოში აღტაცებული მალელების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იანვარში მიღებული გადაწყვეტილება ისლამისტ ექსტრემისტებზე იერიშის მიტანის შესახებ, მალის მთავრობის და საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნით მიიღო. და ის დასავლეთ აფრიკაში ტერორიზმთან ბრძოლის კრიტიკული აუცილებლობით იყო ნაკარნახევი.

აფრიკის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ საფრანგეთის მიერ მალიში განხორციელებული ოპერაცია ოლანდის პრეზიდენტობის ერთ-ერთ უმთავრეს ღირსებად შეიძლება ჩაითვალოს. პოლიტიკოსს, რომელსაც აფრიკის ქვეყნებში მინიმალური გამოცდილება აქვს, დღეს მალელები „მამა ოლანდს“ ეძახიან.

ფრედერიკ ლეჟალს, პარიზული პუპლიკაციის „აფრიკის ინტელექტის“ მთავარი რედაქტორს, მიაჩნია, რომ საფრანგეთის პოლიტიკა აფრიკის კონტინენტის ქვეყნების მიმართ დრამატულად იცვლება. მისი აზრით, ტრადიციულად ჩამოყალიბებული ურთიერთობა საკმაოდ გაურკვეველ ხასიათს ატარებდა, გაჯერებული იყო ქრონიზმით და საეჭვო ბიზნეს-კავშირებით. დღეს კი ეს ყოველივე უკეთესობისკენ იცვლება.

რედაქტორი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ოლანდი ძალაუფლებაში მოვიდა, ის საფრანგეთის ყოფილ კოლონიებთან ურთიერთობების დაბალანსებას მაქსიმალურად ცდილობს. აფრიკის ქვეყნებში გაგზავნილ მისიებს ამჯერად ზუსტი მიზნები აქვთ და ისინი მოვალენი არიან პარლამენტს ანგარიში სისტემატურად ჩააბარონ. და ცვლილებები ამჟამად არა იმდენად საფრანგეთის ბიზნეს ინტერესებს ემსახურება, როგორც - ყოფილ კოლონიებში ადამიანის უფლებების განმტკიცებას.

სპილოს ძვლის სანაპიროს და ჩადისგან განსხვავებით, საფრანგეთმა მალიში საერთაშორისო ძალების მეტი ჩართულობა უზრუნველყო. იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტ ოლანდის თქმით, საფრანგეთის ჯარები იქ იმდენ ხანს დარჩება, სანამ საჭირო იქნება, პარიზი სამხედრო ოპერაციის დაწყების დღიდან ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ მალიში დასავლეთ აფრიკის საერთაშორისო ძალების ინტერვენცია დაეჩქარებინა.
6 თებერვალს პარიზში ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ 4 ათასიანი ჯარის გამოყვანა მალიდან სულ რამდენიმე კვირაში დაიწყება. მან ასევე შესთავაზა გაეროს, უკვე აპრილიდან დასავლეთ აფრიკის ქვეყნების საერთაშორისო ძალებს სამშვიდოებოების მისია დააკისროს.

მალიდან დაბრუნებულ პრეზიდენტ ოლანდს ოვაცია წარმატებული ოპერაციისთვის სამშობლოშიც გაუმართეს. უახლესი გამოკითხვების მიხედვით, საფრანგეთის მოსახლეობის უმრავლესობა მალიში ისლმისტებზე განხორციელებულ იერიშს მხარს უჭერს და მის შედეგებს მიესალმება.

ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ მსგავსი განწყობა ძალიან მალე შეიძლება შეიცვალოს, თუკი საფრანგეთის შეიარაღებული ძალები მალიში დიდხანს დარჩებიან. ფრედერიკ ლეჟალი ამბობს, რომ ეს გარემოებაც განსაზღვრავს პრეზიდენტ ოლანდის მონდომებას საერთაშორისო ძალების მეტი ჩართულობის შესახებ და დასძენს, რომ წინამორბედებისგან განსხვავებით, ფრანსუა ოლანდს მიაჩნია, რომ დასავლეთ აფრიკის ქვეყნებმა პრობლემებს თავი საკუთარი ძალებით უნდა გაართვან.

საფრანგეთის მთავრობის წინასწარი გათვლებით, მალის ოპერაცია ქვეყანას სულ ცოტა 90 მილიონი დოლარი დაუჯდა. თუმცა, სპეციალისტების განმარტებით, სხვა ხარჯებიც გასათვალისწინებელი იქნება. პარიზის გარეუბანში აფრიკელ ექსტრემისტებთან სავარაუდო კავშირში მყოფი რამდენიმე ადამიანი დააპატიმრეს, აფრიკის საჰელის რეგიონში კი საფრანგეთის მოქალაქეები მძევლად ჰყავთ აყვანილი. შესაბამისად, საფრანგეთი იძულებულია მოსალოდნელი შურისძიების გათვალისწინებით საკუთარ ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გაამკაცროს.
XS
SM
MD
LG