ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ის არა ამერიკას, არამედ რუსეთს უბრუნებს სიდიადეს - დემოკრატთა დებატების სამიზნე პრეზიდენტი ტრამპი იყო


მარცხნიდან მარჯვნივ: ბერნი სანდერსი, ჯო ბაიდენი და ელიზაბეტ უორენი
მარცხნიდან მარჯვნივ: ბერნი სანდერსი, ჯო ბაიდენი და ელიზაბეტ უორენი

12 პრეტენდენტი იდგა ერთდროულად სცენაზე სამშაბათს საღამოს, დემოკრატ საპრეზიდენტო კანდიდატთა რიგით მე-4 დებატებზე. „სი-ენ-ენის“ და „ნიუ-იორკ თაიმსის“ მიერ ორგანიზებული დებატები ოჰაიოს შტატში, ქალაქ უესტერვილში გაიმართა და ის პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა.

ჯო ბაიდენი
ჯო ბაიდენი

დებატები პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხით დაიწყო, რომელსაც პარტიის ნომინაციისთვის მებრძოლი, თორმეტივე კანდიდატი უჭერს მხარს. „ეს პრეზიდენტი ყველაზე კორუმპირებულია“ ამერიკის ისტორიაში - თქვა გამოკითხვების ერთ-ერთმა მთავარმა ლიდერმა ჯო ბაიდენმა, ქვეყნის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა.

პრეზიდენტ ტრამპის ქმედება ამერიკას კი არ უბრუნებს წარსულის სიდიადეს, არამედ „რუსეთს უბრუნებს სიდიადეს“ - განაცხადა მინესოტის სენატორმა ემი კლობუჩარმა. რუსეთზე გაამახვილა ყურადღება ნიუ-ჯერსის სენატორმა კორი ბუკერმაც. მისი თქმით, ამერიკა მსოფლიო არენას ტოვებს და ეს პრეზიდენტ პუტინს აძლიერებს. „ჩვენ ვერ მივცემთ რუსებს უფლებას გაზარდონ გავლენა მსოფლიოში“- თქვა მან.

დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

თავად პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საიმპიჩმენტო გამოძიებას „კუდიანებზე ნადირობას“ და „ტოტალურად თაღლითურ სქემას“ უწოდებს. კონგრესმა გამოძიება პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტის თაობაზე, დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო, როცა ანონიმურმა მამხილებელმა ტრამპი უკრაინის პრეზიდენტზე ზეწოლაში დაადანაშაულა. ბრალდების მიხედვით, პრეზიდენტმა ტრამპმა ჯერ ამერიკის ბიუჯეტიდან უკრაინის უსაფრთხოებისთვის განკუთვნილი თანხა გაყინა და შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში, მას მთავარ დემოკრატ ოპონენტზე - ჯო ბაიდენზე და მის შვილზე მაკომპრომეტირებელი მასალის მოძიებას სთხოვდა. ტრამპი სატელეფონო საუბართან დაკავშირებით ამბობს, რომ ის „უნაკლო“ იყო.

სირია თურქეთის დაბომბვის დროს
სირია თურქეთის დაბომბვის დროს

სამშაბათს გამართულ დებატებზე, დემოკრატმა კანდიდატებმა ასევე გააკრიტიკეს პრეზიდენტ ტრამპის მოულოდნელი გადაწყვეტილება სირიიდან ჯარების გაყვანის თობაზე. მათი განცხადებების მიხედვით, ამ ნაბიჯმა ხიფათში ჩააგდო ამერიკის დიდი ხნის მოკავშირე ქურთი მებრძოლები, პარალელურად კი, მტრულად განწყობილი რუსეთის და სირიის გაძლიერებას შეუწყო ხელი. „დონალდ ტრამპს ხელი ქურთების სისხლში აქვს გასვრილი“ - თქვა ერაყის ომის ვეტერანმა ტულსი გაბარდმა, წარმომადგენელთა პალატის წევრმა ჰავაიდან.

კიდევ უფრო კატეგორიული იყო კალიფორნიის სენატორის კამალა ჰარისის შეფასებები. მისი თქმით, დღიდან არჩევნების მოგებისა, ტრამპი ყიდდა „ამერიკელი ხალხის ინტერესებს“, ფასეულობებს, „ყიდდა ეროვნულ ინტერესებს“ და ამერიკის დემოკრატიას.

დებატებზე იყო საუბარი საშინაო პოლიტიკის საკითხებზეც. მათ შორის, დიდი დრო დაეთმო ჯანდაცვის სისტემის რეფორმის აუცილებლობას და სხვადასხვა მიდგომებს ამ მიმართულებით. ასევე ისაუბრეს მასობრივი მკვლელობის შემთხვევებზე და იარაღის ფლობის გამკაცრების საკითხებზე.

იარაღზე წვდომის შეზღუდვის საკითხზე ერთ-ერთი მთავარი მოპასუხე ბეტო ო'რურკი იყო, ყოფილი კონგრესმენი ტეხასიდან, რომელიც პირობას დებს, რომ არჩევნებზე გამარჯვების შემთხვევაში, აკრძალავს და მფლობელებისგან შეისყიდის ფართოდ გავრცელებულ ორ ცეცხლსასროლ იარაღს AR-15 and AK-47. ეკონომიკის პრობლემებზე და ტექნოლოგიების განვითარების გამო, სამუშაო ადგილების შემცირებაზე გაამახვილა ყურადღება მეწარმე ენდრიუ იანგმა.

პიტ ბუტეჯეჯი
პიტ ბუტეჯეჯი

ქალაქ საუთ ბენდის მერმა პიტ ბუტეჯეჯმა იერიში მიიტანა გამოკითხვების ერთ-ერთ ლიდერ ელიზაბეტ უორენზე, მასაჩუსეტსის სენატორზე. უორენი საყოველთაო ჯანდაცვის მომხრეა. ბუტეჯეჯი ცდილობდა მისგან პირდაპირი პასუხი მიეღო, არჩევნების მოგების და საყოველთაო ჯანდაცვის შემოღების შემთხვევაში, გაუძვირებდა თუ არა ის გადასახადებს საშუალო შემოსავლების მქონე ამერიკელებს. ელიზაბეტ უორენი პირდაპირი პასუხისგან მაქსიმალურად თავს იკავებდა და აცხადებდა, რომ გადასახადებს გაუძვირებს მხოლოდ „შეძლებულებს და დიდ კორპორაციებს“, საშუალო ფენისთვის კი „ხარჯები შემცირდება“.

თავდასხმების სამიზნე დემოკრატი კანდიდატების ერთ-ერთი ლიდერი, ვერმონტის სენატორი ბერნი სანდერსიც იყო. ის ახლახან, საკამპანიო შეხვედრაზე ცუდად გახდა და მოგვიანებით, გულზე სტენტირება დასჭირდა. „მე თავს ჯანმრთელად ვგრძნობ, გადასარევად ვარ“ - თქვა დებატებზე 78 წლის სენატორმა, რომელიც საკამპანიო მარათონს გულის შეტევის შემდეგ, მალევე დაუბრუნდა.

წამყვანი კანდიდატების ხანდაზმულობაზე ამომრჩევლებში ხშირად საუბრობენ. ჯო ბაიდენი 76 წლისაა, ბერნი სანდერსი 78-ის და ელიზაბეტ უორენი 70-ის. დემოკრატიული პარტიის ნომინაციისთვის მებრძოლთა შორის ყველაზე ახალგაზრდები არიან 37 წლის პიტ ბუტეჯეჯი და 38-ის ტულსი გაბარდი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG