ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დებატებზე სენატორმა ჰარისმა ჯო ბაიდენს შეუტია


ხუთშაბათს საღამოს, ფლორიდის ქალაქ მაიამიში, დემოკრატიული კანდიდატების რიგით მეორე დებატები გაიმართა. ყურადღების ცენტრში შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი იყო, რომელიც შიდაპარტიულ გამოკითხვებს ლიდერობს.

სწორედ მასზე მიიტანა იერიში კალიფორნიის სენატორმა კამალა ჰარისმა. ყოფილმა პროკურორმა მკაცრი კითხვები დაუსვა ჯო ბაიდენს მის წარსულთან დაკავშირებით, რასაც დარბაზიდან აპლოდისმენტები მოჰყვა.

საუბარია თითქმის 40 წლის წინანდელ საკანონმდებლო მოღვაწეობაზე, როცა ბაიდენმა მხარი არ დაუჭირა სეგრეგაციის მოწინააღმდეგე კანონმდებლების ინიციატივას, ფერადკანიანი მოსწავლეების ინტეგრაციის თაობაზე. გასული საუკუნის 70-იან წლებში, ჯერ კიდევ ახალგაზრდა მერილენდის შტატის სენატორი, ბაიდენი სეგრეგაციის მომხრე სამხრეთის კანონმდებლებთან თანამშრომლობდა.

ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა თავის დაცვა სცადა და განაცხადა, რომ რასისტებს ის არასდროს თანაუგრძნობდა. მისი წარსულის შესახებ დემოკრატი საპრეზიდენტო კანონმდებლების მიერ წამოწყებულ კრიტიკულ კამპანიას კი მისი პოზიციის "არასწორი ინტერპრეტაცია" უწოდა. კამალა ჰარისამდე, ამ ფაქტის გამო ბაიდენს ნიუ-ჯერსის სენატორმა კორი ბუკერმა, რომელიც აგრეთვე დემოკრატების ნომინაციისთვის იბრძვის, საჯაროდ ბოდიშის მოხდა ურჩია.

რასიზმის თემაზე კრიტიკულ კითხვებზე პასუხის გაცემა ქ. საუთ-ბენდის მერს, პიტ ბუტეჯეჯსაც მოუწია. მის გამგებლობაში მყოფ ქალაქში, პოლიციელმა ახლახან შავკანიანი მამაკაცი მოკლა, რის გამოც ბუტეჯეჯს საპრეზიდენტო კამპანიის შეწყვეტა და შინ დაბრუნება მოუწია. ქალაქის მერმა განაცხადა, რომ საქმე ჯერ გამოძიებაშია და კომენტარს ამასთან დაკავშირებით ვერ გააკეთებს. თუმცა, მან ისიც აღიარა, რომ ეს "მტკივნეული გაუგებრობაა".

კამალა ჰარისთან, ჯო ბაიდენთან და პიტ ბუტეჯეჯთან ერთად, დემოკრატთა მეორე საპრეზიდენტო დებატების სცენაზე კიდევ 7 კანდიდატი იდგა. ესენი იყვნენ: სენატორი ბერნი სანდერსი, სენატორი მაიკლ ბენეტი და სენატორი კრისტენ გილიბრენდი; კოლორადოს ყოფილი გუბერნატორი ჯონ ჰიკენლუპერი; კალიფორნიის წარმომადგენელთა პალატის წევრი ერიკ სუაველი; მწერალი მარიან უილიამსონი და ყოფილი ბიზნესმენი ენდრიუ იანგი.

გუშინ გვიან ღამით დასრულებულ დებატებზე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ის ფაქტი, რომ თითოეული დემოკრატი კანონმდებელი კონკურენტებს არა იმდენად საკუთარი პროგრამებით ეჯიბრება, რამდენადაც ცდილობს დაამტკიცოს, რომ მხოლოდ მას შესწევს ძალა და უნარი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დონალდ ტრამპი, აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი დაამარცხოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG