ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სანაიაზე თავდასხმას აშშ-ის საელჩო ეხმიანება


თბილისში, ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტზე, ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმას, შეერთებული შტატების საელჩო ეხმიანება.

"აშშ-ის საელჩო გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმას. ჟურნალისტებზე თავდასხმები მიუღებელია და მათთან შეგუება დაუშვებელია. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აღნიშნულ საქმესთან ერთად, სრულად გამოიძიონ ჟურნალისტებზე ძალადობის სხვა გაუხსნელი საქმეები", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ვახო სანაიას 25 თებერვალს თბილისში თავს დაესხნენ. სანაიას განცხადებით, მას ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. ჟურნალისტი ამბობს, რომ თავდამსხმელებს მის მიმართ, როგორც ჟურნალისტის მიმართ აგრესია ჰქონდათ. მისი თქმით, თავდამსხმელები მისი ვინაობის დადგენამდე ცდილობდნენ მოყინულ გზაზე მანქანის გადაადგილებაში დახმარებოდნენ, მისი ამოცნობის შემდეგ კი მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მომხდარზე განცხადება გაავრცელა ასევე თავად ტელეკომპანია „ფორმულამ“ და აღნიშნა, რომ მომხდარი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

„ხელისუფლების მცდელობამ, მოახდინოს კრიტიკული აზრის მარგინალიზაცია, აწარმოოს პოლიტიკური მართლმსაჯულება და გამოიყენოს აგრესიული რიტორიკა მმართველი პარტიის ოპონენტების წინააღმდეგ, იმ დონემდე გააღრმავა პოლარიზაცია, რომ ჩვენს ქვეყანაში თავს უსაფრთხოდ აღარავინ გრძნობს“, - ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.

თავდასხმის ფაქტზე განცხადებაა გააკეთა ასევე მედიაკოალიციამ. კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" წევრი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ჟურნალისტების პოლიტიკურ ოპონენტებად გამოცხადება და სიძულვილის ენის გამოყენება ახალისებს საზოგადოების ნაწილს თავს დაესხან მათ სიტყვიერად ან ხელი შეუშალონ პროფესიულ საქმიანობაში.

"ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით შეშფოთება "ქართული ოცნების" წევრების რიტორიკის გამო, რომლითაც საქართველოში იქმნება ტოქსიკური გარემო მედიაორგანიზაციებისა და ჟურნალისტების თავისუფალი მუშაობისათვის. მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ჟურნალისტების პოლიტიკურ ოპონენტებად გამოცხადება და მათ მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება ახალისებს ისედაც პოლარიზებული საზოგადოების ნაწილს, რომ თავს დაესხან ჟურნალისტებს სიტყვიერად ან ხელი შეუშალონ პროფესიულ საქმიანობაში".- აღნიშნულია განცხადებაში.

საქმეზე სამი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით გამოძიება ჯგუფური ძალადობის კუთხით მიმდინარეობს, საქართველოს სიხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით. დანაშაული 2 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG