ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სააპელაციო სასამართლოს უარი და პროკურატურის განცხადება - მელიას საქმე


"გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, ბრალდების მხარე გამოთქვამს მზადყოფნას, მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე" - ეს განცხადება პროკურორმა ამირან გულუაშვილმა, მთავარ პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

გულუაშვილის თქმით, თუკი ნიკა მელია გირაოს თანხას გადაიხდის, პროკურატურა მზად არის სასამართლოს პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს.

„ბრალდებას აქამდე არაერთხელ განუცხადებია, რომ ნიკანორ მელიას პატიმრობა არ არის პროკურატურის თვითმიზანი. შესაბამისად, დაცვის მხარის მიერ მოსამართლის 3 ნოემბრის განჩნებით განსაზღვრული გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, ბრალდების მხარე გამოთქვამს მზადყოფნას, მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე“, - განაცხადა საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა, პროკურორმა ამირან გულუაშვილმა.

მანამდე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი. ადვოკატები, საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდნენ, რომლის მიხედვითაც ოპოზიციის ლიდერს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სააპელაციო სასამართლომ, საჩივარის დაუშვებლად ცნობის შესახებ გადაწყვეტილება ვადის ამოწურვის ბოლო წუთებში მიიღო.

მოქმედი კანონმდებლობით, საქმის არსებითი განხილვისას გამოტანილი აღკვეთის ღონისძება სააპელაციო სასამართლოში არ საჩივრდება, თუმცა მელიას ადვოკატები მიიჩნევდნენ, რომ ეს ნორმა არაკონსტიტუციურია და შესაბამისი უფლება ჰქონდათ.

ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია 23 თებერვალს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში დააკავეს. მის დაკავებას საერთაშორისო საზოგადოების მწვავე გამოხმაურება მოჰყვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG