ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში ბრიტანეთის არმიის ყოფილი ჯარისკაცი დაიღუპა


ბრიტანეთის არმიის ყოფილი ჯარისკაცი ჯორდან გატლი უკრაინაში მიმდინარე ბრძოლების დროს დაიღუპა. განცხადება გარდაცვლილის ოჯახმა სოციალური მედიით გაავრცელა. კიევი დაღუპულ ბრიტანელს "ნამდვილ გმირს" უწოდებს, ლონდონი კი მის ოჯახს მხარდაჭერას უცხადებს.

ოჯახის ცნობით, გატლიმ გაერთიანებული სამეფოს არმიის რიგები მარტში დატოვა და უკრაინაში გაეშურა, რათა ის რუსეთის თავდასხმისგან დაეცვა. ოჯახმა შეტყობინება მისი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით დაღუპვის შესახებ პარასკევს მიიღო. "მას უყვარდა თავისი საქმე და ჩვენ მისით ძალიან ვამაყობთ. ის ნამდვილი გმირი იყო და ჩვენს გულებში სამუდამოდ დარჩება", დაწერა გატლის ოჯახმა "ფეისბუქის" გვერდზე.

გატლი ბოლოს დონბასის რეგიონში იბრძოდა. აღმოსავლეთ უკრაინის ეს ნაწილი ახლა ინტენსიური საომარი მოქმედებების ეპიცენტრია.

მომხდარს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი გამოეხმაურა. მისი თქმით, გამორჩეული სიმამაცეა საჭირო, რომ სამშობლოდან შორს საკუთარი ფასეულობების დასაცავად იბრძოლო. "მხოლოდ იმიტომ, რომ გული ამას გეუბნება, იმიტომ, რომ ბოროტებას ვერ იტან. ჯორდან გატლი ნამდვილი გმირი იყო. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ მის წვლილს უკრაინის და თავისუფალი სამყაროს დაცვისთვის ბრძოლაში".

განცხადება ბრიტანეთის საგარეო უწყებამაც გაავრცელა. "ჩვენ მხარში ვუდგავართ ბრიტანელი მამაკაცის ოჯახს, რომელიც უკრაინაში დაიღუპა" - ნათქვამია განცხადებაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG