ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფრო-ამერიკული კულტურა სმითსონის ფესტივალზე


ფესტივალის ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილი დედაქალაქის აფრიკული წარმოშობის ამერიკელთა საზოგადოებას დაეთმო

შეერთებული შტატების დედაქალაქში მთელ ამერიკაში მიმობნეული თითქმის ყველა მრავალფეროვანი კულტურული ტრადიცია იყრის თავს. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს სმითსონის ტრადიციულ ფესტივალზე, რომელიც ვაშინგტონის ცენტრალურ უბანში, ეროვნულ მონუმენტს და ლინკონის მემორიალს შორის მდებარე მოლზე იმართება.

ფესტივალის ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილი დედაქალაქის აფრიკული წარმოშობის ამერიკელთა საზოგადოებას დაეთმო. ამ პავილიონში კარგად ჩანს, რომ ფერადკანიანი ამერიკელები აფრიკულ კულტურულ ტრადიციებს, განსაკუთრებით კი მუსიკას, ცეკვას და ფერწერას დიდი რუდუნებით ეპყრობიან და ცდილობენ ახალგაზრდა თაობასაც გადასცენ.

ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრები ვაშინგტონლები მათში ღრმად გამჯდარ აფრო-ამერიკულ რიტმებს გადამდები ტემპერამენტით გადმოსცემენ.

“ტირატიბუ“ - ასე ჰქვია სამხრეთ აფრიკულ ცეკვას, რომელიც სამხედრო წვრთნის და ადგილობრივი რიტმების ერთგვარ სინთეზს წარმოადგენს. სმითსონის ფესტივალის სტუმრების თავმოყრით თუ ვიმსჯელებთ, ის წელს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სანახაობაა. შემსრულებელთა ანსამბლის და ტირატიბუს ახალგაზრდული ასოციაციის ხელმძღვანელი, არლა სკოტი ამბობს, რომ თინეიჯერებს საკუთარი ფესვების გაცნობა ძალიან მოსწონთ.

ტირატიბუ ბავშვებს საკუთარი ისტორიის და ერთმანეთის პატივისცემას, მთლიანად საზოგადოების და, განსაკუთრებით კი, ხანდაზმულთა მოწიწებას ასწავლის. ისინი თანდათან იგებენ, რომ ცხოვრება არა ინდივიდუალურად, არამედ საზოგადოებასთან ერთად უნდა ისწავლონ და მოაწყონ, იმისათვის, რომ საკუთარი კულტურა და თავი წარმოაჩინონ“ - აღნიშნავს ის.

დედაქალაქის აფრო-ამერიკული მოსახლეობა, რომელიც ძირითადად ვაშინგტონის სამხრეთით არის კონცენტრირებული, კედლების მოხატვის ტრადიციასაც განსაკუთრებით უფრთხილდება. ჯეი კოლემანი ამბობს, რომ ის ძალ-ღონეს არ დაიშურებს, რომ მის ახლო-მახლო სამეზობლოში აფრიკული ცეკვის, სიმღერის და მხატვრობის ტრადიცია არ დაიკარგოს.

ჯეი ეკლესიის როლზეც საუბრობს, რომელიც სამეზობლოს კულტურულ-ისტორიული თავისებურებების შენარჩუნებაში უწყობს ხელს. ეს ყოველივე კი მთლიანობაში დედაქალაქის ხასიათის და უნიკალურობის ჩამოყალიბების საქმისთვის აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენს, ამბობს ის.

ვაშინგტონის ფერადკანიანი მოსახლეობა ისტორიების მოყოლასაც საინტერესო ტრადიციად თვლის. ბაბა-სი შავკანიანთა ისტორიის მასწავლებელია.

ვაშინგტონი ყოველთვის როდი იყო ის ქალაქი, სადაც აფრიკული წარმოშობის ამერიკელები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ. ამიტომ ჩვენმა წინაპრებმა უფრო განაპირა მხარეს, სამხრეთ-აღმოსავლეთში მოიყარეს თავი. მთელი ჩვენი ისტორია, თავისი სისუსტეებით და ძლიერებით ქალაქის სწორედ ამ ნაწილშია განთავსებული,“ - ამბობს ბაბა-სი.

აფრო-ამერიკელები თვლიან, რომ მუსიკალური ჟანრი, რეპი სწორედ მათ ტრადიციებზე აღმოცენდა. ამიტომ სმითსონის ფოლკლორულ ფესტივალზე რეპიც არის წარმოდგენილი.

ფესტივალის ორგანიზატორები სამართლიანად მიიჩნევენ, რომ ფერადკანიანთა კულტურულ-ისტორიული თავისებურებები დედაქალაქის ტრადიციების ნაწილია და მათი შენარჩუნება, ახალი თაობებისთვის გადაცემა და სხვა კულტურებისთვის გაზიარება აუცილებელი საქმეა.
XS
SM
MD
LG