ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღაზა ევაკუირებულთა პირველმა ჯგუფმა დატოვა


დაშავებულთა პირველმა ჯგუფმა ღაზა დატოვა. საინფორმაციო სააგენტო „როიტერს“ ეს ცნობა ეგვიპტის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა დაუდასტურა. მისი მტკიცებით, ევაუკუირება ყატარის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების საფუძველზე გახდა შესაძლებელი.

ევაკუირებულები სასწრაფო დახმარების ავტომობილებით, რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის გავლით გაიყვანეს. ეგვიპტეს, ისრაელსა და "ჰამასს" შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, უცხოელთა ნაწილს და მძიმედ დაჭრილებს მიეცემათ უფლება, ალყაში მოქცეული ტერიტორია დატოვონ.

ეგვიპტის უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მანამდე ჟურნალისტებს უთხრა, რომ უცხოური პასპორტის 500-მდე მფლობელი, რაფაჰის სასაზღვრო პუნქტს ოთხშაბათს გაივლის. წყაროს თქმით, ოთხშაბათს დილით, საზღვრის გადაკვეთას 200-მდე ადამიანი ელოდა. მეორე წყაროს განცხადებით, ღაზაში მყოფი უცხოური პასპორტის მფლობელი ყველა პირის ეგვიპტეში გადასვლა ოთხშაბათს არ იგეგმება. ამასთან, მისი თქმით, არ არსებობს ვადები, რამდენ ხანს დარჩება ევაკუაციისთვის ღია ეს გასასვლელი.

დასავლელი ოფიციალური პირის თქმით, უცხოური პასპორტების მქონე ადამიანების სია, რომლებსაც ღაზის დატოვება შეუძლიათ, შეთანხმებული იყო ისრაელსა და ეგვიპტეს შორის, შესაბამისი საელჩოები ინფორმირებულია. ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელიც ჟურნალისტებს ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრა, დაადასტურა, რომ ისრაელი ამ პროცესს კოორდინაციას უწევდა.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ჟურნალისტების წყაროები ამბოობენ, რომ ეგვიპტემ შეიხ ზუვეედში, სინაიში საველე ჰოსპიტალი მოამზადა. ამასთან, სასწრაფო დახმარების მანქანები შენიშნეს რაფაჰის გადასასვლელთანაც. ეგვვიპტის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ამბობენ, რომ შეთანხმება არ არის დაკავშირებული სხვა საკითხებთან, როგორიცაა „ჰამასის“ მიერ დაკავებული დაახლოებით 240 მძევლის გათავისუფლება ან „ჰუმანიტარული პაუზა“.

ჯანდაცვის სექტორის პალესტინელი წარმომადგენლების თქმით, ევაკუაცია ღაზაში „სისხლისღვრის კიდევ ერთ დღეს“ მოჰყვა, როდესაც ლტოლვილთა ბანაკზე ისრაელის თავდასხმის შედეგად, 50 ადამიანი დაიღუპა. ისრაელმა განაცხადა, რომ მისი თავდაახმის შედეგად, „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაური და დაჯგუფების სხვა მრავალი მებრძოლი დაიღუპა.

ღაზის პალესტინელი მცხოვრებლების თქმით, ისრაელის ძალები მთელი ღამის განმავლობაში საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო იერიშებს ახორციელებდა, რამაც მშვიდობიან მოსახლოებაში ათობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

გასამხედროებული ისლამისტური დაჯგუფება „ჰამასის“ მებრძოლებმა, 7 ოქტომბერს, ისრაელზე თავდასხმისას დაახლოებით 1100 მშვიდობიანი სამოქალაქო პირი და 300 ჯარისკაცი მოკლეს. ამასთან, გაიტაცეს და ღაზაში მძევლად წაიყვანეს 200-ზე მეტი ადამიანი. ამის შემდეგ, ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა. 1997 წლიდან, „ჰამასი“ შეერთებულ შტატებს, ტერორისტულ ორგანიზაციად აქვს გამოცხადებული.

ღაზის ჯანდაცვის უწყებამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ღაზაზე ისრაელის საპასუხო თავდასხმის შედეგად, მინიმუმ 8796 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 3648 ბავშვი. ღაზის სექტორს „ჰამასი“ აკონტროლებს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG