ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფინეთსა და ამერიკას შორის თავდაცვის პაქტი გაფორმდება


ფინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდება. არსებული ინფორმაციით, თავდაცვის პაქტს ხელი 18 დეკემბერს მოეწერება, რომელიც სკანდინავიური ქვეყნების თავდაცვისუნარიანობას გააძლიერებს, ნათქვამია ფინეთის მთავრობის განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით თავდაცვის პაქტი, რომელიც ამერიკასა და ფინეთს შორის გაფორმდება მიზნად ისახავს ფინეთისთვის სწრაფი სამხედრო წვდომისა და დახმარების მიღებას კონფლიქტის შემთხვევაში.

„ის ფაქტი, რომ არ იქნება საჭირო ყველაფერზე ცალ-ცალკე შეთანხმება, აადვილებს სამშვიდობო ოპერაციების ორგანიზებას. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ეს [თავდაცვის პაქტი] შეიძლება იყოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კრიზისის დროს“,- თქვა ჟურნალისტებთან საუბრის დროს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა.

ამავე შეთანხმებით, სავარაუდოდ ამერიკელ სამხედროებს სრული და შეუფერხებელი წვდომა ექნებათ, ფინეთის ტერიტორიაზე არსებულ 15 ობიექტზე, სადაც შესაძლებელი იქნება შეინახოს საბრძოლო მასალა და სამხედრო ტექნიკა, წერს სააგენტო „როიტერი“.

შეთანხმებას ხელი მოეწერება ორშაბათს ვაშინგტონში, ორივე ქვეყნის კანონმდებლების მიერ, მოგვიანებით კი დოკუმენტის ოფიციალური რატიფიცია მოხდება.

ანალოგიური შეთანხმება გასულ კვირაში ამერიკის შეერთებულ შტატებთან გააფორმა შვედეთმაც და ამერიკელ სამხედროებს 17 სხვადასხვა ტერიტორიაზე მიანიჭა სრული წვდომა, მათ შორის არის ოთხი საჰაერო ბაზა, ერთი ნავსადგური და ხუთი სამხედრო ბანაკი.

შვედეთმა და ფინეთმა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ნატოში გაწევრიანების სურვილი გამოთქვეს, ფინეთი უკვე ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრია, შვედეთი კი ამ დრომდე ელოდება თურქეთის პოზიციის ცვლილებას. ანკარა ამ დრომდე არ უჭერს მხარს შვედეთის ნატოში გაწევრიანებას.

თავდაცვის პაქტი ამერიკას ასევე გაფორმებული აქვს ნორვეგიასთან. ამერიკელ სამხედროებს ოთხ სხვადასხვა რაიონში განთავსებულ რამდენიმე სამხედრო ბაზაზე აქვს წვდომა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG