ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უზენაესის სასამართლოს ქალ მოსამართლეს შეუძლია, საუბრის ტონი შეცვალოს


რუთ ბეიდერ გინსბურგის გარდაცვალების მეორე დღეს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მხარდამჭერებს დაპირდა, რომ მის შემცვლელად ქალი მოსამართლის კანდიდატურას დაასახელებდა. ერთი კვირის შემდეგ პრეზიდენტმა სენატს მე-7 ფედერალური სასამართლო ოლქის მოსამართლე ემი კონი ბარეტი წარუდგინა.

მოსამართლე გინსბურგი უზენაეს სასამართლოში მეტი ქალის დანიშვნის მომხრე იყო. 2015 წელს, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში სტუმრობისას, მან თქვა: "როდესაც მეკითხებიან, [უზენაეს სასამართლოში] რამდენი ქალი მოსამართლე იქნებოდა საკმარისიო, ვპასუხობ: როცა ცხრავე ქალი იქნება." და იქვე დაამატა: "როცა ცხრავე მოსამართლე კაცი იყო, კითხვებს ხომ არავინ სვამდა?"

უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატთა შორის ქალი პირველად 1930 წელს დაასახელეს. მომდევნო წლებში პრეზიდენტებმა კანდიდატთა სიაში კიდევ ცხრა გამორჩეული ქალი მოსამართლე შეიყვანეს, მაგრამ სენატისათვის არ წარუდგენიათ. სანდრა დეი ოკონორი პირველი ქალი იყო, რომელიც უზენაეს სასამართლოში 1981 წელს დაინიშნა. 1993 წელს მას რუთ ბეიდერ გინსბურგი შეუერთდა.

"ათწლეულებია, სამართლის სკოლებს იმდენივე ქალი ამთავრებს, რამდენიც კაცი. ის, რომ უზენაესი სასამართლოს ისტორიას მხოლოდ ოთხი მოსამართლე ქალი ახსოვს, ძალიან პრობლემურია," - ამბობს ჰანა ბრენერ ჯონსონი, კალიფორნიის ვესტერნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი და თანაავტორი წიგნისა "ქალები უზენაესი სასამართლოს ჩრდილქვეშ."

ჯორჯიის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი კრისტინა ბოიდი დიდი ხანია, იკვლევს სასამართლოთა გადაწყვეტილებებზე ქალ მოსამართლეთა გავლენას, მათ შორის გავლენას ისეთ გადაწყვეტილებებზე, რომელიც ჯგუფური განხილვების შედეგად მიიღება. "ჯგუფური გადაწყვეტილებები გაცილებით უკეთესია, როდესაც პროცესში მრავალფეროვანი ხმები მონაწილეობს. ქალებს დისკუსიაში უნიკალური გამოცდილება და მსოფლმხედველობა შეაქვთ," - ამბობს პროფესორი ბოიდი.

2009 წელს უზენაესმა სასამართლომ განიხილა საქმე "საფორდის ერთიანი სასკოლო ოლქი რედინგის წინააღმდეგ." 13 წლის გოგონა სკოლას ედავებოდა, რომ ის გააშიშვლეს და ისე გაჩხრიკეს. საქმის განხილვისას რუთ ბეიდერ გინსბურგი უზენაესი სასამართლოს ერთადერთი ქალი მოსამართლე იყო. მან კაც კოლეგებს ქალის თვალით დაანახა, რა შეიძლება ეგრძნო თინეიჯერ გოგონას, როდესაც მას გაშიშვლება აიძულეს. სასამართლომ დაადგინა, რომ სკოლამ დაარღვია კონსტიტუციის მეოთხე შესწორება, რომელიც დაუსაბუთებულ ჩხრეკასა და პირადი ნივთების ჩამორთმევას კრძალავს.

კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც უზენაეს სასამართლოში ქალების ყოფნა აუცილებელია, ისაა, რომ სასამართლო სრულფასოვნად უნდა წარმოადგენდეს საზოგადოებას, რომელსაც ემსახურება. სასამართლო მხოლოდ ამ პირობებში მოიპოვებს საზოგადოების ნდობას. სტატისტიკის თანახმად, მოსამართლე ქალები მეტ გავლენას ახდენენ საქმეებზე, რომელიც გენდერული დისკრიმინაციის შემთხვევებს განიხილავს, სხვა შემთხვევებში, მოსამართლე ქალების გადაწყვეტილებები, კაცი კოლეგების მსგავსად, იდეოლოგითაა ნაკარნახევი.

"ქალი და კაცი მოსამართლეები ასე ძლიერაც არ განსხვავდებიან," - ამბობს მეგან ლეონარდი, ილინოისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკისა და მართვის სკოლის ასოცირებული პროფესორი. "კონსერვატორი ქალი კონსერვატორ კაცს უფრო მიემხრობა, ვიდრე ლიბერალ ქალს." ლეონარდი ცალკეული შტატების უზენაესი სასამართლოების მაგალითებს იშველიებს და ასკვნის, რომ მართალია, ქალები, კაცების მსგავსად, იდეოლოგიებით ხელმძღვანელობენ, მაგრამ საქმეთა განხილვისას უფრო დემოკრატიულნი არიან, უფრო ხშირად აღწევენ კონსენსუსს, უფრო ხშირად იმხრობენ კოლეგებს და უფრო ფართო კოალიციებს ქმნიან.


ქალთა კანდიდატურების განხილვისას, უფრო ხშირად ინტერესდებიან საკითხებით, რომელსაც კანდიდატის პროფესიულ საქმიანობასთან კავშირი არ აქვს. მაგალითად, უზენაესი სასამართლოს ქალი მოსამართლეების, კაგანისა და სოტომაიორის დამტკიცებისას, პრესა განუწყვეტლივ საუბრობდა იმის შესახებ, რომ კანდიდატების ბიოგრაფიებს რომანტიკული კავშირები და შვილები აკლდა. ბარეტის წარდგენისთანავე, ფართო განხილვის საგანი გახდა ის, რომ ქალბატონ მოსამართლეს შვიდი შვილი ჰყავს. ქალ კანდიდატებს უფრო ხშირად აფასებენ ასაკის მიხედვით ვიდრე კაცებს - თუ კანდიდატი ახალგაზრდაა, ამბობენ, რომ მას საკმარისი გამოცდილება არ გააჩნია, მაგრამ თუ ხანდაზმულია, ამბობენ, რომ მისი კარიერის საუკეთესო წლები ჩავლილია.

ტონია ჯაკობი ჩიკაგოს ნორთვესტერნის უნივერსიტეტში, პრიტცკერის სამართლის სკოლის პროფესორია. ის წლებია, აშშ-ის უზენაესისასამართლოს ზეპირი არგუმენტების სტენოგრაფიულ ჩანაწერებს სწავლობს და ასკვნის, რომ ქალი მოსამართლეებისათვის უფრო რთულია განსხვავებული აზრის დაფიქსირება. მისი თქმით, სტენოგრამებში ჩანს, რომ ქალ მოსამართლეებს ხშირად აწყვეტინებენ, თანაც არა მხოლოდ მათი კოლეგა მოსამართლეები, არამედ კაცი ადვოკატებიც კი. ჯაკობი აღნიშნავს, რომ პანდემიის პირობებში, როდესაც ზეპირმა არგუმენტებმა ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა, ეს პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდა. ბოლო სტენოგრამების თანახმად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ჯონ რობერტსმა წესად აქცია, სიტყვა გააწყვეტინოს მოსამართლე სოტომაიორს. ვირტუალური განხილვებისას რობერტსი აკონტროლებს, ვინ ილაპარაკებს და რამდენ ხანს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს ერთი მძლავრი იარაღი აქვთ: განსხვავებული აზრი. იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, ის წერს განსხვავებულ აზრს. რუთ ბეიდერ გინსბურგის განსხვავებული აზრები ინტერნეტის საშუალებით ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა. ჯაკობის შეფასებით, ძლიერად არგუმენტირებულ განსხვავებულ აზრს შეუძლია, მომავალ განხილვებზე გავლენაც კი მოახდინოს.

თუ ბარეტს უზენაეს სასამართლოში დაამტკიცებენ, იქ კვლავ ექვსი კაცი და სამი ქალი მოსამართლე იმუშავებს. როდესაც გინსბურგს ჰკითხეს, როგორი იქნებოდა სასამართლო, ქალები რომ უმრავლესობაში ყოფილიყვნენ, მან მიუგო: "სამუშაო ოდნავადაც არ გაიოლდებოდა, მაგრამ სამუშაო გარემოს კი გაგვიუმჯობესებდნენ."


Facebook Forum

XS
SM
MD
LG