ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სიკვდილმისჯილთა განაჩენის აღსრულება ამერიკაში ფედერალურ დონეზე შეჩერებულია


სიკვდილით დასჯის განაჩენის აღსრულების ოთახი ნებრასკის შტატში

შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა შეაჩერა სიკვდილმისჯილებისთვის განაჩენის სისრულეში მოყვანის პროცესი. თეთრი სახლის წინა ადმინისტრაციის პერიოდში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დროს, ისტორიულად ბევრი განაჩენი აღსრულდა: 6 თვეში 13 სიკვდილით დასჯა მოხდა.

გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა განცხადება ხუთშაბათს საღამოს გააკეთა. მისი თქმით, ფედერალური სასჯელის აღსრულებაზე მორატორიუმი წესდება, ვიდრე იუსტიციის დეპარტამენტი პოლიტიკას და პროცედურებს გადახედავს. თუმცა, გარლანდს განხილვის დასრულების სავარაუდო ვადები არ მიუთითებია.

"იუსტიციის დეპარტამენტი უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ ყველას კრიმინალური სამართლის სისტემაში, არამარტო შეუძლია კონსტიტუციით და შეერთებული შტატების კანონებით სარგებლობა, არამედ იმაშიც, რომ მათ სამართლიანად და ჰუმანურად ეპყრობიან" - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.

მერიკ გარლანდის თქმით, გადაიხედება პროტოკოლები, რომლებიც ყოფილი გენერალური პროკურორის უილიამ ბარის დროს იყო შემოღებული. ზოგიერთის შესახებ ფედერალურ სასამართლოში საქმეებია აღძრული. მათ შორის, საჩივრებში საუბარია ტკივილის და ტანჯვის რისკზე, რაც ერთ-ერთი პრეპარატის ინექციასთან ასოცირდება.

ამ ეტაპზე, პროცედურის მიხედვით, სიკვდილით დასჯის პროცესი შეჩერდება, მაგრამ ამით საბოლოოდ არ დასრულდება. მომავალ ადმინისტრაციას მისი განახლება ისევ შეეძლება. ის ასევე ვერ შეაჩერებს ფედერალურ პროკურორებს, რომელთაც სასამართლო პროცესზე შეეძლებათ უმაღლესი განაჩენის მოთხოვნა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG