ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში ბავშვების კოვიდ-19-ზე აცრას განიხილავენ


"ფაიზერ-ბიონტექის" ბავშვებისთვის განსაზღვრული კოვიდ-19-ის ვაქცინა.
"ფაიზერ-ბიონტექის" ბავშვებისთვის განსაზღვრული კოვიდ-19-ის ვაქცინა.

ექსპერტ მრჩეველთა ჯგუფი დღეს 5-დან 11 წლამდე ბავშვებში "ფაიზერ-ბიონტექის" კოვიდ-19-ის ვაქცინის ეფექტურობას და უსაფრთხოებას განიხილავს. სურსათის და მედიკამენტების ადმინისტრაციასთან (FDA) მოქმედი დამოუკიდებელ სპეციალისტთა პანელი მოგვიანებით კენჭს უყრის ვაქცინის რეკომენდაციას. "ფაიზერი" აცხადებს, რომ მათი ვაქცინა ამ ასაკის ბავშვებში 90.7%-იან ეფექტურობას აჩვენებს.

მოსალოდნელია, რომ მრჩევლები განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებენ მიოკარდიტების შემთხვევების განხილვაზე. გულის კუნთის ანთების გვერდითი მოვლენა უკიდურესად იშვიათად, მაგრამ მაინც ახასიათებს როგორც "ფაიზერის", ისე "მოდერნას" კოვიდ-19-ის ვაქცინებს. მიოკარდიტები უმეტესად ახალგაზრდა მამაკაცებში ხდება.

"ფაიზერის" და "ბიონტექის" მიერ შემუშავებული ვაქცინის საბავშვო დოზა 10 მიკროგრამს შეადგენს. 12 წლის და ზევით ასაკობრივ ჯგუფში კი ვაქცინის 30-მიკროგრამიანი დოზაა გათვალისწინებული. დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრმა (CDC) 12-დან 16 წლამდე მოზარდებში ვაქცინის გამოყენება საგანგებო ავტორიზაციის აქტის საფუძველზე 2021 წლის მაისში დაამტკიცა.

პროცედურის მიხედვით, თუ პანელმა აცრას რეკომენდაცია გაუწია, მას დიდი ალბათობით FDA დაამტკიცებს. შემდეგ საკითხი განსახილველად გადავა დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრში, სადაც მსგავსი საკითხები, როგორც წესი, პირდაპირ, ან მცირე მოდიფიკაციით მტკიცდება.

"ფაიზერ-ბიონტექის" ვაქცინის საგანგებო ავტორიზაციის აქტის საფუძველზე დამტკიცება ამერიკაში დაახლოებით 28 მილიონ ბავშვს შეეხება. მათი უმრავლესობა სკოლებში დაბრუნდა და შესაბამისად, ამ ასაკობრივი ჯგუფის მიერ კორონავირუსის გავრცელების რისკები კვლავ მაღალია. მართალია, ბავშვებში კოვიდ-19-ით ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილობა უფროსებთან შედარებით ნაკლებად ხდება, მაგრამ შემთხვევები მაინც არის და მათი რიცხვი დელტა ვარიანტის გავრცელებასთან ერთად, იზრდება.

დღეისათვის კოვიდ-19-ზე ბავშვებს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში ცრიან. მათ შორისაა ჩინეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და კუბა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ბავშვების აცრასთან დაკავშირებით იგივე პოლიტიკა აქვს, რაც ე.წ. ბუსტერების შემთხვევაში. ჯანმო ბავშვების აცრამდე და უფროსებისთვის კოვიდ-19-ის გამაძლიერებელი დოზის დამტკიცებამდე, ითხოვს ვაქცინების დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის გადანაწილებას, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი საერთოდ აუცრელია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG