ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოგება არ უნდა იდგეს ადამიანის სიცოცხლეზე მაღლა - "საერთაშორისო ამნისტია"


რიგი "ასტრაზენეკას" კოვიდ-19-ის ვაქცინისთვის კენიის სამხრეთში

"საერთაშორისო ამნისტია" ფარმაცევტული კომპანიების ქმედების შედეგს "ადამიანის უფლებების უპრეცედენტო კრიზისად" აფასებს. უფლებადამცველი ორგანიზაცია მათ ადანაშაულებს კოვიდ-19-ის ვაქცინების არათანაბრად გადანაწილებაში, რადგან მათ ვერ უზრუნველყვეს ვაქცინების მსოფლიოს ყველაზე ღარიბი ქვეყნებისთვის მიწოდება.

ოთხშაბათს გამოცემულ ანგარიშში "საერთაშორისო ამნისტია" ამბობს, რომ ფარმაცევტულმა კომპანიებმა ვერ შეძლეს ადამიანის უფლებების დაცვის პასუხისმგებლობის გათავისება და გლობალურად ვაქცინების თანაბრად გადანაწილების სხვადასხვა ინიციატივაში ჩართვა. მათ აქამდე ვერ დათმეს ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და უარი თქვეს გაეზიარებინათ ვაქცინის ტექნოლოგია ისეთი ღარიბი ქვეყნებისთვის, რომელთაც ვაქცინის წარმოების უნარი თავად არ შესწევთ.

ორგანიზაცია ბრალს დებს დასავლეთის წამყვან ფარმაკო-კომპანიებს, რომლებიც კოვიდ-19-ის ვაქცინებს აწარმოებენ: "ასტრაზენეკა", "ფაიზერ-ბიონტექი", "მოდერნა", "ჯონსონი და ჯონსონი". ანგარიშის მიხედვით, კოვიდ-19-ის ვაქცინის 5.76 მილიარდი დოზიდან მხოლოდ 0.3% მიეწოდა დაბალშემოსავლიან სახელმწიფოებს. 79% კი მაღალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში გააგზავნეს. ამგვარი გადანაწილება "დასუსტებულ ჯანდაცვის სისტემებს უფსკრულისკენ მიაქანებს და ყოველკვირეულად ათობით ათასი ადამიანის დაღუპვას იწვევს დაავადებისგან, რომლის პრევენციაც შესაძლებელია", განსაკუთრებით - ლათინური ამერიკის, აფრიკის და აზიის ქვეყნებში.

ეს იმ ფონზე ხდება, როცა ორგანიზაციის ვარაუდით, მარტო "ფაიზერ-ბიონტექი" და "მოდერნა" 2022 წლის ბოლომდე 130 მილიარდი დოლარის მოგებას ნახავენ. "მოგება არასდროს არ უნდა იდგეს ადამიანის სიცოცხლეზე მაღლა" - აცხადებს აგნეს კალამარდი, "საერთაშორისო ამნისტიის" გენერალური მდივანი. უფლებადამცველი ორგანიზაცია მოუწოდებს მთავრობებს და ფარმაცევტულ კომპანიებს სასწრაფოდ მოხდეს ვაქცინის 2 მილიარდი დოზის მიწოდება დაბალ და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებისთვის, რათა იქ მოსახლეობის 40%-ის ვაქცინაცია შეძლონ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სამიზნეს წარმოადგენს.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG