ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის საელჩო: გამოთქმული ბრალდებები მცდარია და არსებითად არასწორად ასახავს საქართველოსთვის ჩვენი დახმარების მიზნებს


"დღეს ჩვენი ერთ-ერთი მხარდაჭერის პროექტის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები მცდარია და არსებითად არასწორად ასახავს საქართველოსთვის ჩვენი დახმარების მიზნებს," - ასე ეხმაურება საქართველოში ამერიკის საელჩო პარტია "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებებს, რომ თითქოს USAID-ი საქართველოში "არეულობის ინსპირაციაშია ჩართული"

"USAID-ი საქართველოს მოსახლეობას 1992 წლიდან უჭერს მხარს. როგორც ყოველთვის, ეს მხარდაჭერა გამჭვირვალეა და მივესალმებით ნებისმიერ შესაძლებლობას, განვიხილოთ ყველა შეშფოთება, რომელიც მთავრობას შეიძლება ჰქონდეს. მოქალაქეების უფლება, თავისუფლად გამოხატონ თავიანთი აზრი და მისწრაფებები, ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველი და ის ღირებულებაა, რომელსაც ჩვენ, ორივე ქვეყანა ვიზიარებთ", - წერია საელჩოს განცხადებაში.

აქვე, ამერიკის საელჩო CANVAS-თან თანამშრომლობით ჩატარებულ ტრეინინგებზე საუბრობს.

"ორ წელზე მეტია, USAID-ი თანამშრომლობს CANVAS-თან, რომ დაეხმაროს ადამიანებს ხმა აიმაღლონ იმ საკითხებზე, რომელიც მათი ოჯახებისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. CANVAS-თან თანამშრომლობით ტრენინგები ჩაუტარდათ დედებს, რომლებიც ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის გაუმჯობესებას ითხოვენ და იმ პირებს, რომლებიც ხანდაზმული მოქალაქეების უფლებებს უწევენ ადვოკატირებას. მიუხედავად დაუსაბუთებელი თავდასხმებისა, კვლავაც მხარს დავუჭერთ იმ ქართულ ორგანიზაციებს, რომელიც ეხმარება ხალხს, დაიცვან მათ მიერ განსაზღვრული და დამსახურებული მომავალი და მათთვის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებები", - წერია განცხადებაში რომელიც რამდენიმე წუთის წინ საქართველოში ამერიკის საელჩომ გაავრცელა.

დღეს, 2 ოქტომბერს, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ითქვა, რომ USAID-ის ​დაფინანსებულ ტრენინგზე დიდი ჯგუფი გადაამზადეს, "რომლებმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG