ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინაუგურაციის შემდეგ დონალდ ტრამპი საპრეზიდენტი მოვალეობას ოთხი წლის ვადით შეუდგება. შეასრულებს თუ არა ის წინასაარჩევნო დანაპირებს ემიგრაციის საკითხთან დაკავშირებით, გააუქმებს თუ არა დაზღვევას, ააშენებს თუ არა კედელს მექსიკის საზღვარზე. როგორი მოლოდინით ადევნებენ თვალს ახალ პრეზიდენტს ახალ პრეზიდენტს ქართველი იმიგრანტები ნიუ-იორკში- თეა თუაშვილი მოგვითხრობს.

ბარაკ ობამას საემიგრაციო რეფორმა, რომელიც აშშ-ის კონგრესში დაიბლოკა, არალეგალი იმიგრანტების მდგომარეობის შემსუბუქებას ითვალისწინებდა. ტრამპის პოლიტიკა საპირისპიროა - ყველა სამუშაო ადგილი ამერიკელებს, "ეს ქვეყანა ისევ დიადი უნდა გახდეს", აცხადებს ახლად არჩეული პრეზიდენტი და აპირებს შექმნას ისეთი სოციალური და ადმინისტრაციული პირობები, რომ ქვეყანაში შემომსვლელ იმიგრანტთა რაოდენობა შემცირდეს, არალეგალმა იმიგრანტებმა კი ამერიკის ტერიტორია დატოვონ. ქართველი იმიგრანტების დიდი ნაწილი, რომელიც შეერთებულ შტატებში ბოლო 30 წლის განმავლობაში კონკრეტული ფინანსური პრობლემის გამო ჩამოვიდა, ფიქრობდა, რომ პრობლემის მოგვარებისთანავე უკან დაბრუნდებოდა. ამ მიზეზით მათ ლეგალური საბუთები არ გააკეთეს და როგორც თავად ამბობენ “ შემორჩნენ”.

ეკა ჩანადირი ნიუ-იორკში 17 წლის წინ ჩამოვიდა. ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ უფიქრია უკან დაბრუნება, თუმცა მისი ახლობლები საქართველოში ჩასვლას ისევ არ ურჩევენ. წლიდან წლამდე მათი დახმარება გრძელდება, ოჯახი იზრდება, მასთან ერთად კი საზრუნავი და მოთხოვნილებაც. საბუთების გაკეთება ეკამ მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ხელისუფლებაში დონალდ ტრამპი მოვიდა. ის ამბობს, რომ მის გარშემო ყველა უსაბუთო ქართველ იმიგრანტს ხვალინდელი დღის შიში გაუჩნდა.

ეკა ჩანადირი: უკვე მირჩევნია, რომ გავაკეთო საბუთები. ხელ-ფეხ შებოჭილი ხარ, ვერაფერს ვერ აკეთებ. მე ვისაც ვუყურებ, საბუთი ვისაც აქვს, არავის არ აინტერსებს რა ხდება ახალ ამბებში.

ნიუ-იორკის, ვაშინგტონის, ჩიკაგოს და სხვა ქალაქების მერებმა ტრამპის პრეზიდენტად არჩევიდან მოკლე ხანში განაცხადეს რომ ისინი პრეზიდენტს არალეგალი ემიგრანტების ქვეყნიდან გაძევების საშუალებას არ მისცემდნენ. ნიუ-იორკის მერი დი ბლასიო აცხადებდა, რომ ბაზაში არსებულ საიდენტიფიკაციო მონაცემებს გააუქმებდა. ეკა ჩანადირი ამბობს მდგომარეობა ამ ქალაქში ახლა ბევრად სხვანაირია, ვიდრე მაშინ როცა ჩამოვიდა.

ეკა ჩანადირი: რომ ჩამოვედი ზღაპარში მეგონა თავი. სამსახური იყო, თან თავიდან ძალიან კარგ ოჯახებში ვმუშაობდი. სულ სხვანაირი იყო. ყველაფერი თითქოს ადვილი იყო. შიშით არ გვეშინოდა, ამიტომაც არ ვფიქრობდი საბუთების გაკეთებას. ახლა დაიწყო ეს ბოლო რამდენიმე წელია. ამიტომ გინდ ტრამპი იყოს, გინდ სხვა, მნიშვნელობა არ აქვს, ან უნდა გააკეთო საბუთები ან უნდა წახვიდე.

მეორე საკითხი რაც იმიგრანტებს აღელვებთ ობამას საყოველთაო დაზღვევის პროგრამის გაუქმებას უკავშირდება. ამ პროგრამამ დაბალი შემოსავლის მქონე პირებს საშუალება მისცა ელემენტარული და გადაუდებელი სამედიცინო დახმარებით ესარგებლა. ქართველი იმიგრანტების ნაწილი დემოკრატ პრეზიდენტს ამისთვის ემადლიერება.

ნიკოლოზ წეველიძე: ობამა ადამიანია. საყოველთაო დაზღვევა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ტრაპმა ამაზე ცუდი რა უნდა გაუკეთოს ხალხს, არ ვიცი, ფაქტობრივად დაზღვევას უუქმებს. ობამამ ბევრი თუ არ გაუკეთა ქვეყანას, როგორც პოლიტიკოსი ძალიან მაგარია. ყოველ შემთხვევაში, სიმშვიდე და სტაბილურობა იყო ქვეყანაში ახლა თითქოს რაღაცის ეშინიათ.

საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა უკმაყოფილოა იმ ინფორმაციითაც, რომელიც პუტინის ამერიკულ არჩევნებში ჩარევას შეეხება. თუმცა იმასაც ფიქრობენ, რომ პუტინისა და ტრამპის ურთიერთობების დათბობა დროებითი მოვლენაა.

ნიკა წეველიძე: შეიძლება რაღაცაზე გაუნაწყენდეს ადრე თუ გვიან პუტინს და შეიძლება ეს საქართველოსაც წაადგეს. ამ ეტაპზე თითქოს მეგობრული ურთიერთობაა მასსა და პუტინს შორის, მაგრამ სადღაც რაღაც მაინც არ მოეწონება ტრამპს.

ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი-ამერიკელები, ძირითადად ისინი, რომლებიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან, წინასაარჩევნოდ დონალდ ტრამპს მხარს ღიად უჭერდნენ. მიდიოდნენ რესპუბლიკელების შტაბ-ბინაში და ფლაერების დარიგებაშიც ეხმარებოდნენ. მხარდამჭერებს შორის იყო ფსიქოლოგი ნაია კოკიელიც, რომელიც საკმაოდ მოულოდნელ პროგნოზს აკეთებს.

ნაია კოკიელი: მგონია რომ იმპიჩმენტს უნდა ველოდოთ. რატომღაც ასე მგონია, ეს ჩემი მოლოდინია. თუმცა ძალიან გამიხარდა, რომ ტრამპმა გაიმარჯვა. მომწონდა მისი წინასაარჩევნო გეგმა, მაგრამ არ მგონია რეალიზაცია მოახდინოს იმ ყველაფრის. ხელს შეუშლიან. შეიძლება ოთხი წელიც ვერ იმსახუროს, რადგან ალბათ გადაირჩევენ.

დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების 45-ე, ერთ-ერთი ყველაზე არაორდინალური პრეზიდენტი იქნება. პარასკევს ის თეთრ სახლში პირველად დარჩება. შაბათს კი პირველ შეხვედრას ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურში გამართავს.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG