ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპული ბანკი რუსული ნავთობის ტრანზიტისთვის საფასურის გადახდის ოპერაციას გაატარებს


სააგენტო "როიტერის ცნობით, სლოვაკეთის ნავთობგადამამუშავებელმა კომპანია „სლოვნაფტმა“ და საქმეში ჩახედულმა კიდევ ერთმა წყარომ განაცხადეს, რომ ევროპული ბანკი დათანხმდა რუსული ნავთობის უკრაინის გავლით ტრანზიტის საფასურის გადახდის ოპერაცია ჩაატაროს და ამით აღმოფხვრას მიზეზი, რის გამოც გასულ კვირაში ცენტრალურ ევროპას მიწოდება შეუჩერდა.

ყველა მხარის მიერ დადასტურების შემთხვევაში, ეს გადახდა ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება იმისთვის, რომ ერთკვირიანი პაუზის შემდეგ, ჩეხეთის რესპუბლიკის მიმართულებით ნავთობის დინება განახლდეს და ამასთან ერთად, რეგიონში ტრანზიტის საფასურის მომავალი ტრანზაქციებისთვის პირობები შექმნას.

სამშაბათს, მილსადენის რუსულმა მონოპოლისტმა “ტრანსნეფტმა“ განაცხადა, რომ 4 აგვისტოდან ჩეხეთის რესპუბლიკაში, უნგრეთში და სლოვაკეთში „დრუჟბა“ მილსადენით ნავთობის მიწოდება დროებით შეჩერდა, რადგან დასავლურმა სანქციებმა საშუალება არ მისცა უკრაინული სატრანზიტო კომპანია „უკრტრანსნაფტასთვის“ ტრანზიტის საფასური გადაეხადა.

უნგრეთის და სლოვაკეთის მიმართულებით მიწოდება ოთხშაბათს მას შემდეგ განახლდა, რაც უნგრულმა ნავთობგადამამუშავებელმა კომპანია „მოლმა“ (MOL) და მისმა სლოვაკურმა ფილიალმა „სლოვნაფტმა“ იპოვეს შემოვლითი გზა და უკრაინის სატრანზიტო კომპანიას საფასური თვითონ გადაუხადეს. მაგრამ, ჩეხეთის რესპუბლიკის მომარაგება არ განახლებულა, რადგან ბანკმა გადახდის ოპერაცია დაბლოკა.

საქმეში ჩახედულმა სხვა წყარომ თქვა, რომ ჰოლანდიურმა ბანკმა „ინგ“ (ING) თავდაპირველი გადაწყვეტილება შეცვალა და გადახდის ოპერაციას ბლოკი მოუხსნა. ჩეხეთის რესპუბლიკის რუსული ნავთობით მომარაგება შაბათს განახლდება.

XS
SM
MD
LG